ლიკა ამირაშვილი
06.05.2016

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რამდენიმე რუსული არხის აკრძალვას ითხოვს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით აქტიურად აგრძელებს.

"ეს სტრატეგია საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ეკონომიკური და ენერგოპროექტების, რუსეთზე მომუშავე ორგანიზაციების დაფინანსების და გააქტიურების, კულტურული ზეგავლენის დაბრუნების, საზოგადოებაში პოლარიზაციისა და არეულობის შეტანის გზით ცდილობს.

"ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე "საინფორმაციო ომია", რომლის მთავარი მიზანი, საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფითი და ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.

"ცხადზე ცხადია, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ისეთი საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ცდილობს, რომელიც მას საშუალებას მისცემს მართოს პოლიტიკური პროცესები საზოგადოებრივ აზრზე მოპოვებული ზეგავლენის გზით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული უცხოური სამაუწყებლო არხების შეზღუდვის მოთხოვნასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისია განმარტებას აკეთებს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის განცხადების ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იწყებს. თითოეულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი გარემოება", - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნდა აირძალოს თუ არა რუსული არხები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): "მგონია, რომ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პოლიტიკის ელემენტს შეადგენს. რატომღაც მახსენდება გამსახურდიას პერიოდი, როდესაც რუსული პრესა აიკრძალა, მაგრამ ამან დიდი შედეგი ვერ გამოიღო.

"მე მგონი, ჩვენი საზოგადოება საკმარისად განათლებულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის პროპაგანდას არ აჰყვეს. ფასეულობები ჩამოყალიბებული გვაქვს, ამიტომ არ მგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს."

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  "რა თქმა უნდა, რუსული არხები აუცილებლად უნდა აიკრძალოს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე რაც ნაკლები იქნება რუსული პროპაგანდა, მით უკეთესი იქნება და ადამიანები სიმართლეს უკეთესად გაიგებენ."

 

 

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "რუსული არხების აკრძალვას არანაირ შემთხვევაში არ ვეთანხმები. სააკაშვილის დროს 9 წელიწადი რომ საერთოდ ვაკუუმში ვიმყოფებოდით, გვეყოფა. არასამთავრობოებს ჰგონიათ, რომ ხალხი სულელია. ვინც ჭკვიანია, ყოველთვის მიხვდება, პროპაგანდაა თუ სხვა რამ.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საერთოდ გასარკვევია, ეს არასამთავრობოები ვისგან ფინანსდებიან და რა პოლიტიკას ატარებენ. ვიღაცამ, რას ვუყურო, რატომ უნდა შემიზღუდოს?!"

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  "არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლიბერალური აზრის მომხრეები არიან, სინამდვილეში ტოტალიტარიზმის მიმდევრები არიან. მათ უნდათ, რომ ადამიანს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება მოაკლონ. "საერთოდ უცნაური მოვლენაა, როცა ლიბერალური ორგანიზაციები ტოტალიტარიზმისკენ იხრებიან. მათი მოთხოვნის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "რომელ ქვეყანასთანაც ომის მდგომარეობაში იმყოფები, მათი არხების ჩვენება სახიფათოდ მიმაჩნია. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, ქართული საზოგადოებისთვის არა მარტო რუსული არხებია სახიფათო, არამედ ქართული არხებიც სახიფათო გახდა. რას ემსახურებიან და რა უნდათ, მკაფიოდ არ ჩანს. იმის მაგივრად, რომ საზოგადოების კონსოლიდაციას ემსახურებოდნენ და ეროვნული სახელმწიფოებრივი სიმტკიცისთვის დგამდნენ ნაბიჯებს, ცალკეული პარტიების ინტერესებს ემსახურებიან."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×