ნინო ქეთელაური
07.05.2016

სახალხო დამცველს ყველაზე მეტი რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ აქვს, - ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა და გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტებს გაუსვა ხაზი.

"ანგარიშში რამდენიმე ათეული გვერდი არის პოლიციელთა მიერ დაკავებულებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. გასულ წელს შეინიშნებოდა ერთგვარი დინამიკა, გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყო უფრო მეტი ასეთი ფაქტი. ანგარიშში საუბარია როგორც გახმაურებულ, ისე ნაკლებად გახმაურებულ ფაქტებზე", - განაცხადა ნანუაშვილმა.

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, - ეს განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ გააკეთა.

"ნებისმიერ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება და იწყება გამოძიება, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის სტატისტიკა არსებობს, ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, უსამართლოა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს სახალხო დამცველის შენიშვნების გამოსასწორებლად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "პირველ რიგში, ეს სამინისტროს კეთილი ნება უნდა იყოს, მათზეა ეს დამოკიდებული და ვფიქრობ, ადვილი გამოსასწორებელია. უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც ასეთ უმსგავსობას სჩადიან. ეს მინისტრის გადასაწყვეტია და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას მხარს დაუჭერს."

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებათადამცველი): "სახალხო დამცველი იმიტომ არსებობს, რომ მან თითოეულ ფაქტზე უნდა მოახდინოს რეაგირება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ძალის გადამეტების ფაქტები აღარ არის სისტემატური ხასითის და ეს არის ერთეული შემთხვევა.

მნიშვნვნელოვანია ის, რამდენად ადეკვატური რეაგირება აქვს ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც თუნდაც ერთეული შემთხვევა ხდება და პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გადამეტების ფაქტს. ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი შედეგი უნდა დადგეს."

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი):  "თუ ძალის გადამეტების ფაქტი ისევ ისე გრძელდება როგორც ადრე, ეს არის საშინელება. მაშინ გამოსავალი აღარ ჰქონია ქვეყანას. ერთია, ამაზე საუბრობდე და, მეორეა, ფაქტები გქონდეს.

თუ სახალხო დამცველს ამის კონკრეტული ფაქტები აქვს, სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომა. არ შეიძლება თუნდაც დამნაშავესთან ასე მოქცევა, მათ უკან ოჯახები დგას და მათი ასე დაცინვა და აბუჩად აგდება დანაშაულია. რეაგირება გარკვეული პერიოდის მერე კი არ უნდა მოხდეს, ახლავე, 1 საათში უნდა მიიღონ რაღაც ზომაი."

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "სწორი პრიორიტეტია ის, რომ ძალოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული არის გამოკვეთილი. თუმცა შეიძლებოდა კიდევ უფრო მკვეთრი ყოფილიყო ეს ჩამონათვალი. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ დაისაჯონ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები.

ჩვენ ვხედავთ, რომ აშკარად გახშირებულია ძალოვანთა მხრიდან დანაშაულის ფაქტები დაკავებულებთან თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან მიმართებაში. ეს არის პირდაპირი შედეგი დაუსჯელობის სინდრომისა, რომელიც დაამკვიდრა მოქმედმა ხელისუფლებამ, თუნდაც წინამორბედი პოლიციური სახელმწიფოს და პოლიციელთა მფარველობით. ეს დაუსჯელობის სინდრომი უნდა დასრულდეს, რათა სისტემური ხასიათი არ მიიღოს ამ ყველაფერმა.

სიმართლე გითხარათ, არ მაქვს იმის იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაასრულებს ამ უსამართლობას. ვფიქრობ, მრავალპარტიული მმართველობაა გამოსავალი და გარანტია იმისა, რომ ძალაუფლება არ იყოს ერთ ხელში. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს პოლიციურ სისტემას და ვერც დამნაშავეებს გაუწევს მფარველობას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×