სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    02.11.2016

    გავრცელებულ მოსაზრება, რომ პრეზიდენტის საფარქვეშ შესაძლოა სრულიად ახალი პროდასავლური პარტია ჩამოყალიბდეს, სადაც უსუფაშვილი და სხვა პირები გაერთიანდებიან, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ უარყო.

    მისი თქმით, პრეზიდენტი ზოგადად მზად არის ყველა პოლიტიკურ ძალასთან ან მის ლიდერთან საუბრისა და დიალოგისთვის, თუმცა პოლიტიკურ პარტიის შექმნას არ აპირებს.

    "ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება. პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად კიდევ უფრო დემოკრატიულობისთვის არის ძალიან სასარგებლო. შესაბამისად, ასე ვაპირებთ ამ ეტაპისათვის გაგრძელებას", - განაცხადა მიშველაძემ.

    ელოდებით თუ არა, რომ პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა

     გია ბუღაძე  (ფერმწერი): გაბედავს რომ?! არ ვიცი, მე არ მგონია. პრეზიდენტს ისევე მოიშორებენ, როგორც დასვევს. მისაგან დიდად ნამდვილად არაფერს არ ველი.

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): მსგავსი რამ პრეზიდენტისგან მოსალოდნელია, მაგრამ როგორი პარტია იქნება, ესაა საკითხავი - ალბათ, დასავლური. სავარაუდოდ ამ პარტიების ნამსხვრევებისგან შექმნის თავის პარტიას. ისე, უკეთესი იქნება, თუ აქცენტს ახალგაზრდობაზე გააკეთებს, როგორც ეს "ოცნებამ" ქნა. საერთოდ, ეს ძველი თაობა გვერდით უნდა გადგეს და ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.

     

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ამდენი წლის განმავლობაში, რაც ის პრეზიდენტია, დიდი გამბედაობა არაფერში გამოუჩენია, გარდა რამდენიმე შემთხვევისა, როდესაც პრეზიდენტის სასახლე არ დათმო და რამენიმე კანონს ვეტო დაადო, რომელსაც უმრავლესობა ადვილად ძლევდა. აქედან გამომდინარე, მისგან გაბედულ ნაბიჯებს არ ველოდები. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში გამორიცხული არაფერია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა იდეოლოგიურად მასთან უფრო ახლოს მდგომი ადამიანები წამოვიდნენ თავიანთი პარტიებიდან, მაგალითად რესპუბლიკელების ნაწილი. თუმცა, პირადად მე დიდი მოლოდინი არ მაქვს.

     ლადო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): გიპასუხებთ, რომ მსგავს ნაბიჯს არ ველოდები, რადგან ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი რომელიმე მიმართულებას მხარს დაუჭერს. არადა ჩვენ გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დააბალანსებს პარტიულ ინტერესებს. ვფიქრობ, ამას არ გააკეთებს, სიბრძნე ეყოფა და როდესაც საპრეზიდენტო ვადას დაამთავრებს, პარტიას მაშინ შექმნის.

     

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი):  ამ მიზნით მან უკვე შემოიკრიბა თავის ადმინისტრაციაში ოპოზიციონერები. საქართველოს ოპოზიციონერი პრეზიდენტი ჰყავს, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეცდება, "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება დაიწყოს.

    ვერ გტყვით, ეს ხვალ იქნება თუ ზეგ, მაგრამ მისი ყველა ქმედება და გამოსვლა იმის მანიშნებელია, იცის, პრეზიდენტობას რომ უნდა გამოემშვიდობოს. არ მინდა, რომ ვადაზე ადრე დაასრულოს, მაგრამ უცილობლად გამოემშვიდობება და ეს არა სახელოვნად მოხდება არამედ, ცოტა სახელგატეხილად. ამას პირდაპირ ვაცხადებ, ამიტომ მისი გზა, ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×