სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    05.11.2016

    "აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს, ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა", - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს მიმართავს.

    გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ახალი, არამედ ისიც მზადაა, რომ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს, რათა თბილისის აქტივს შესაძლებლობა მიეცეს ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის.

    გიგი უგულავა წერილში აღნიშნავს, რომ მან არ იცის თუ რას ფიქრობს სააკაშვილი მის ამ პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ სრულად გაიზიარებს.

    აყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას სთავაზობს. აღნიშნულ მიმართვას სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს.

    "გთავაზობთ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას იმ ხალხისგან, ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს.

    "ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

    იქნება თუ არა უფრო წარმატებული "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გარეშე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ნანა კაკაბაძე  (უფლებათდამცველი): არა, რადგან ვფიქრობ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასრულა არსებობა. ასე რომ, სააკაშვილთან ერთად, თუ მის გარეშე, ჩემი აზრით, ერთნაირი მდგომარეობა ექნებათ.

     

     

     

     

     ლელა ოჩიაური  (კონომცოდნე): "ნაციონალური მოძრაობა" აბსულიტურად ასოცირებულია სააკაშვილთან. ეს პარტია მის მიერ არის შექმნილი და როგორც კი ის გამოეცლება "ნაცმოძრაობას", თუ არ დაიშლება, ყოველ შემთხვევაში გარდაიქმნება მაინც.

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩემი აზრით, არ იქნებიან წარმატებულნი. სააკაშვილი თავად კრავდა "სასტავს" და ვფიქრობ, მათი პარლამენტში მოღვაწეობაც არ იქნება ეფექტური. შეიძლება დარბილდნენ და უფრო კონსტრუქციულები გახდნენ, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს.

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): კი, რა თქმა უნდა უფრო ეფექტური იქნება, რადგან პარტია გადახალისდება, შეიძლება უფრო მშვიდი, ახალგაზრდა, გაწონასწორებული და უფრო კაცთმოყვარე ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც სააკაშვილის შეცდომებს არ გაიზიროს. ჭკვაინი ადამიანი ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობს.

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): შედარებით წარმატებული ნამდვილად იქნება, რადგან ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ოდიოზური ფიგურების რიცხვს მიეკუთვნება, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ადამიანი ამ პარტიაში. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალების" მომხრე მე არ ვარ, მგონია, რომ სააკაშვილის გარეშე ისინი მხოლოდ მოიგებენ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×