ნინო ქეთელაური
10.11.2016

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, რასაც საქართველოშიც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საზოგადობის ნაწილი თვლის, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვნად შეიცვლება, ნაწილის თქმით კი ეს გაზვიადებული შეფასებაა.

რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში რეპუბლიკელები გაიმარჯვებენ თუ დემოკრატები.

"ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ რესპუბლიკელები თუ დემოკრატები. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთარებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად," - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ტრამპის გაპრეზიდენტება მნიშვნელოვნად შეცვლის თუ არა ამერიკის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადობის წარმომადგენლებს მიმართა.

 ია ანთაძე  (მედიაექსპერტი): ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ინსტიტუციები არის ძლიერი, პარტნიორების მიმართ დამოკიდებულება ასე მარტივად ვერ შეიცვლება. განსაკუთრებით საქართველოსთან, რადგან ეს არ არის ის ქვეყანა, რომელთან ურთიერთობაც ამერიკისთვის რაიმე მნიშვნელოვანს წყვეტდეს, მისი საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით.

მე ვფიქრობ, ეს კითხვა რომელიმე სხვა ქვეყანასთან მიმათებით უფრო ლეგიტიმურია, მაგალაითად, იქნება თუ არა უკეთესი ურთიერთობა რუსეთ-ამერიკას შორის, ამერიკა-ირანს შორის და ა.შ. საქართველოსთან მიმართებით, დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი შეიცვლება.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან შემიძლია გიპასუხოთ, რომ მე ვფიქრობ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეიცვლება, რადგან ამ კაცს რადიკალური განცხადებები აქვს. შესაძლოა, გავლენის სფეროების გადანაწილება მოხდეს.

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ვფიქრობ, რომ საერთოდ არ შეცვლის პოლიტიკას და დარჩება ის, რაც აქამდე იყო, რადგან ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც სენატი და კონგრესი მუშაობს და ასე ხელაღებით პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ მასზე არ შეიძლება იყო დამოკიდებული. და მეორეც, რატომ უნდა შეიცვალოს, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ?! ალბათ, დარჩება ისე, როგორც აქამდე იყო.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): ასეთ სიტუაციაში უპრიანი იქნება, რომ საქართველომ თავისი პოზიცია დაიკავოს. ანუ, ის სტრატეგიული პარტნიორობა რაც საქართევლო-ამერიკას შორის არსებობდა, უნდა შენარჩუნდეს. ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა გადუხვიოს იმ ვროპულ ღირებულებებს, რასაც აქამდე მივყვებოდით. სხვა მხრივ, მე ცოტა ნაადრევი მეჩვენება ამაზე განცხადებების გაკეთება, რადგან იანვარშია პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჯერ არავინ იცის, რა პოლიტიკას გაატარებს დონალდ ტრაპმი. ამიტომ, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ და მკაფიოდ დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე. არა მგონია, რომ ტრამპმა, რომელიც კარგად იცნობს საქართევლოს, ზურგი შეგვაქციოს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×