სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.11.2016

    ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია, - მიიჩნევს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მან რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენს.

    "ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია," - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

    კითხვაზე - რატომ ერჩის განათლების მინისტრი კომბლეს? ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ კომბლესთან ორი პრეტენზია აქვს.

    "კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია," - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

    მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა.

    "სუპერმენი" და "სპაიდერმენი" სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

    შესაცვლელია თუ არა ქართული ზღაპრები და მულტფილმები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): არა მგონია, რომ მინისტრს ეთქვა, ძველი ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელიაო. რა, ნაცარქექია შევცვალოთ? შეიძლება, მინისტრმა თქვა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციასთან ერთად, ზოგიერთი მოძველებული, ბავშვისთვის გაუგებარი ზღაპარი ან იგავ-არაკი შევცვალოთ ახალი თანამედროვე ზღაპრებითო. ეს სავსებით შესაძლებელია. მე ვფიქრობ, მინისტრი იმასაც იტყოდა, ამაში ზომიერება უნდა დავიცვათ. ის, რაც ერის ფსიქიკაში ასწლეულების განმავლობაში გამჯდარია, იმის ამოღება და გადაგდება არაფრით შეიძლება. უკვდავი ქართული ზღაპრები არასდროს ბერდება, მაგრამ ზოგიერთ ზღაპარში ისეთი მოვლენა და ნივთია, რომელსაც თანამედროვე ბავშვი ვერ გებულობს. ასე რომ, ხალხურმა მეზრაპრემ ან მწერალმა კალამი კი არ უნდა დადოს, პირიქით, უნდა შექმნას ახალი. ჩვენს მწერლობაში მიმაჩნია, რომ გურამ პეტრიაშვილი არის ის, ვინც თანამედროვე ზღაპრებს ძალიან წარმატებულად ქმნის.

     გოგი თორაძე (რეჟისორი): ის განათლების მინისტრი, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, თავადაა შესაცვლელი. ან ბებია არ ჰყვადა ან დედა არ უკითხავდა ქართულ ზღაპრებს?! მე სიტყვებიც არ მყოფნის. იმ ადამიანს, რომელიც ქართველია და მსგავს რამეს ამბობს იმ ზრაპრებზე, რომელზეც ყველა გავიზარდეთ, განათლებაში არაფერი ესაქმება.

     

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): რაღაცეები სადავო რომ არის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ბევრი რამის ადაპტირებაა საჭირო, მაგრამ ამას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მე მაინც მგონია, რომ ამ კონკრეტულ შეთხვევაში, მინისიტრის ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ის ზოგადად ბევრი რამის შეცვლაზე ისაუბრებდა.

     

     

     

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ეს ზღაპრები უკვე არსებობს და ვერაფერს ვერ შევცლით. უბრალოდ, ახლებიც უნდა იწერებოდეს და თუ ის ცუდია, უნდა იქმნებოდეს კარგი. ძველი შევცვალოთ და ახალი ჩავაკეროთ, ეს არ მგონია, რომ სწორი მიმართულება იყოს. თუ ვიღაც უკმაყოფილოა ძველით, უნდა შექმნას ახალი, ყოველშემთხვევაში, დროის შესაბამისი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზურაბ ბეჟანიშვილი (ისტოპიისა და საზოგადმცოდ   (21.11.2016)
    ქართული სახალხო ზღაპრები თუ გვინდა მუზეუმისათვის,უნდა დარჩეს ხელუხლებელი.თუ გვინდა ბავშვის ინტელექტის ამაღლება,უნდა გადაკეთდეს,მიუახლოვდეს რეალობას,გახდეს ფანტასტიკური.მაგალითად: " ჩიტი-ჩიორას", ბარტყებით მელიის გამოკვების ნაცვლად,მოვაძებნინებდი საშუალებას მელიის შესაშინებლად....ასე რომ,განათლების მინისტრის განცხადება დროულია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×