სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    14.11.2016

    დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, "სითი პარკის" ინვესტიცია მხოლოდ ის საღებავია, რომლითაც ქუჩებზე ავტომობილის გაჩერებისთვის ნებადართულ ადგილებს ხაზავენ. მისივე განცხადებით, როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას გამოვისყიდოთ "სითი პარკის" 25 მილიონიანი კონტრაქტი, პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმ ხალხს, ვინც ასეთი კაბალური კონტრაქტი გააფორმა.

    "მნიშვნელოვანია, რომ უსაფუძვლო განცხადებები ციფრებით და არგუმენტებით იყოს გამყარებული. ასე რომ, საკრებულოს წევრების ადგილას მივუბრუნდებოდი იმ ადამიანებს და პასუხს მოვთხოვდი. როდესაც საკრებულოში მივალთ, მოვუწოდებ მათ, მიუბრუნდნენ თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც თავის დროზე "სითი პარკთან" ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს. დარწმუნებული ვარ, მათ პასუხს ერთად უნდა მოვთხოვთ ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    უნდა გააუქმოს თუ არა თბილისის მერიამ კონტრაქტი "სითი პარკთან"? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ჩემი აზრით, მერიამ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველ რიგში კი, პასუხი მოსთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც ეს ხელშეკრულება გააფორმა. სულ ერთია, ციხეში მყოფი იქნება ეს, თუ მის გარეთ.

    "რაც შეეხება აზრს იმის შესახებ, რომ ქალაქს 25 მილიონი არ აქვს, არ მგონია, ეს სიმართლე იყოს. როგორც ვიცი, გაისად ბიუჯეტი 800 მილიონია.

    "გარდა ამისა, ქალაქს შეუძლია სესხიც აიღოს. თუ, რა თქმა უნდა, საკრებულოს წევრების - ბატონი ელისაშვილისა და ზურაბიშვილის გათვლა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორია. ეს ყველაფერი გასათვლელი და გასასტუმრებელია, რომელზეც მერიის ფინანსურმა სამსახურმა უნდა იზრუნოს.

    "ისე, რა თქმა უნდა, ეს კომპანია კანონს უხეშად არღვევს და ამასთან დაკავშირებით აზრი არაერთი ადამიანისგან მსმენია. ვფიქრობ, ამ საკითხს მეტი ენერგია და დაინტერესება სჭირდება. რაც მთავარია, ჩვენთან, თბილისელებთან დიალოგის გამართვა და საზოგადოებრივი ჩართულობა აუცილებელია. ჩვენ მათ ხელფასს ვუხდით, ამიტომ მერია ვალდებულია, აზრი საზოგადოებას ჰკითხოს."

     ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): "შესაძლოა, ეს განცხადება, უბრალოდ, ხელშეკრულების გაუქმების საბაბია, რადგან ამ კომპანიასთან წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა. არაა გამორიცხული, რომ მოტივი სწორედ ეს იყოს, რადგან მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად ეს საკითხი მაინც პოლიტიკას უკავშირდება."

     

     

     

     გელა სიორდია (ადვოკატი):"რაც ამ კომპანიასთან დაკავშირებით მსმენია და პირადი გამოცდილებიდან ვიცი, "სითი პარკი" კანონს უხეშად არღვევს. რა თქმა უნდა, ზოგადად ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, მაგრამ ეს გახლავთ ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც მერს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ამ ხელშეკრულების გაუქმება აუცილებელია, რადგან მათი ინვესტიცია მართლაც რომ მხოლოდ ის საღებავია, რომლითაც პარკირების ადგილს ღებავენ. სხვა არაფერი ამ კომპანიას ქალაქისთვის არ გაუკეთებია."

     

     

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"სითი პარკი" მუქთამჭამელი ორგანიზაციაა, რომელმაც ტროტუარები მხოლოდ რაღაც საღებავებით შეღება და ფულს ამაში იღებს. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, გადასახედია, ხოლო ის პირები, ვინც ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო, პასუხისგებაშია მისაცემი."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×