სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    14.01.2017

    საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, თუმცა, როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, ჩამოუყალიბდათ გარკვეული შენიშვნები. მისივე თქმით, ეროვნული ბანკისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს კანონპროექტს, აღმოფხვრილი იქნება.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.

    "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ხელმოწერას არასწორ ნაბიჯად აფასებს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება უნდა გამოეყენებინა.

    "იკრძალება ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში 100 ათას ლარამდე ეკვივალენტით. ასი ათას ერთი ლარი და მეტი არაა პრობლემა. ყველა გამსესხებელი შეიძლება მოიქცეს ასე, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რადგან სხვა კანონი უკრძალავს მას ერთ მსესხებელზე 50 ათას ლარზე მეტის გაცემას. გამოდის, რომ მხოლოდ მას ჩამოერთვა ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში ფულის გასესხების უფლება", - განაცხადა გოცირიძემ.

    მისივე თქმით, როცა რესურსების უდიდესი ნაწილი მოზიდული გაქვს დოლარებში და გაიძულებენ მის მხოლოდ ლარში გაცემას, გარდა წმინდა სამართლებრივი პრობლემისა, დგას სერიოზული ფინანსური რისკების საკითხიც.

    "როგორც ჩანს, ეს თემა საკონსტიტუციო სასამართლომდე მიაღწევს. თუმცა, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოეყენებინა", - განაცხადა გოცირიძემ.

    უნდა დაედო თუ არა პრეზიდენტს ვეტო ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლია მუხაშავრია (იურისტი): "მე ვფიქრობ, პრეზიდენტი სწორად მოიქცა. იმიტომ, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული, მისასალმებელია. ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები პრეზიდენტს, რადგან ძალიან მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი და თუკი ამ მიმართლებით ვინმე რაიმეს აკეთებს, ყველას მხარი უნდა დავუჭიროთ.

    "თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიცია მხოლოდ აკრიტიკებს და არაფერს კონკრეტულს არ სთავაზობს საზოგადოებას და ქვეყანას. თანაც, ჩვენ გვაქვს ძალიან სფეციფიკური მდგომარეობა, ხშირია შემთხვევა, როდესაც წარმატებული ნიმუში ჩვენთან უვარგისი აღმოჩნდება ხოლმე.

    "ამიტომ, ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ მდგომარეობას თავი რაც შეიძლბა მალე დავაღწიოთ, მისასალმებელია."

     ლაშა ჩხარტიშვილი  ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "მე ვფიქრობ, შედეგის თვალსაზრისით, პრეზიდენტის ვერტო ვერაფერს შეცვლიდა. ბუნებრივია, იმ ადამიანებისთვის, ვინც ლარის დევალვაციის გამო დაკარგა საკმაოდ დიდი თანხა, გარკვეული შეღავათი არის, მაგრამ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი ვერ იქნება. უფრო მორალური და ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე კანონპროექტია, ვიდრე რეალური შედეგის მომტანი.

    "რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი საქმიანობა ვფიქრობ, რეგულაციებს მართლაც საჭიროებს. თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი რამდენად სრულფასოვნად არის მომზადებული, ეს სხვა საკითხია."

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): "ძალიან გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა, ერთი რამ ვიცი - გარიგებები რომ აიკრძალა დოლარებში, ეს მაინც დოლარებში მოხდება და რაღაც შავი ფერი დაედება ამ ყველაფერს. აი, დანარჩენს ვერ გეტყვით, ეკონომისტს უფრო ზუსტად ეცოდინება."

     

     

     

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებას აქ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ რამდენჯერაც პრეზიდენტმა აღნიშნული უფლება გამოიყენა, იმდენჯერ დაძლიეს.

    პრეზიდენტიც მიხვდა, რომ ვეტოს დაადებს თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter