სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (28.01.2017)

    საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდი არ აპირებს საკონსტიტუციო კომისიის წინაშე წინასწარ შეჯერებული პოზიციით წარსდგეს.

    "წინასწარ შეჯერებული პოზიციებით ჩვენ არ ვიწყებთ მსჯელობას. ჩვენ ვაპირებთ მსჯელობას საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად, რათა ოპტიმალური და ფართო კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით წარვსდგეთ საკანონმდებლო ინიციატივით.

    "ახლა როგორც საზოგადოებაში, ისე მმართველ გუნდში მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა. პირადად ჩემი აზრია, რომ გარკვეული დათქმებით შესაძლებელია, მხარი დავუჭიროთ პროპორციულ სისტემას, მაგრამ ამან გარკვეული პრობლემები არ უნდა შექმნას. არ უნდა შექმნას საკონსტიტუციო კრიზისი, სახელისუფლებო კრიზისი და ა.შ.

    "საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომისიის შედეგად და კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემით არჩევნები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "ვფიქრობ, უნდა გაუქმდეს, რადგან რაიონს დამატებითი მჭამელი უჩნდება. როგორ გითხრათ, არაფერს არ აკეთებენ. თან მაჟორიტარებში შედიან ისინი, ვინც პარლამენტში ნაკლებად მუშაობენ. ამიტომ ჯობს ეს სისტემა გაუქმდეს."

     

     

     

     ნანა კაკაბაძე  (უფლებათდამცველი): "მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, მე განსხვავებული აზრი მაქვს, რადგან სანამ პარტიული კულტურა ჩამოყალიბებეული არ არის ამ ქვეყანაში, ძნელია ცალსახად ვთქვათ, რომ ეს სისტემა უნდა გაუქმდეს. არ ვიცი ამ ეტაპზე რამდენად მიზანშეწონილი იქნება, თუმცა მესმის რომ ამ სისიტემას სხვა თავალსაზრისით იყენებენ."

     

     

     გია ბუღაძე  (ფერმწერი): "ქოცები" იქნებიან თუ "ნაცები", მაჟორიტარული სისტემა ყოველთვის გამოყენებული იქნება საკუთარი ინტერესებისთვის. ამიტომ რეალურად ვფიქრობ გაუქმება უკეთესია, მაგრამ რადგანაც ეს თითქმის შეუძლებელია, ალბათ პროპორციულის შერეული სისტემა თუ იქნება, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება."

     

     

     ირმა სოხაძე  (მუსიკოსი): "მგონია, რომ უმჯობესი იქნება, თუ გაუქმდება, რადგან არაპროპორციული და არარეალური სურათი იხატება მაჟორიტარული სისტემით. არ დგება ის კონფიგურაცია, რომლითაც მოსახლეობა ნდობას უცხადებს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას.

    "თან, ამდენი ლაპარაკი რომ არ იყოს, ჯობია გაუქმდეს. ვფიქრობ, რომელი პარტიაც, ხელიუფლებაც გააუქმებს, ბევრს მოიგებს, რადგან არჩევნებზე მათკენ ხელს აღარ გაიშვერენ და ყველა მადლიერი იქნება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter