სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    13.03.2017

    ბათუმში 11 მარტს გამართულ აქციას დემონსტრანტთა მხრიდან მანქანების დაწვა, პოლიციისთვის ქვების სროლა და მიმდებარე ტერიტორიის დარბევა მოჰყვა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტთა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. საბოლოოდ აქცია გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა და როგორც შშს-ის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, 40-მდე პირია დაკავებული.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო "ბათუმი - პლაზასთან" პატრულმა არასწორი პარკინგისთვის მძღოლი დააჯარიმა, მოქალაქეებმა პატრულს შეაგინეს, რის გამოც სამართალდამცავებმა ისინი დააკავეს.

    ინციდენტიდან მოკლე ხანში "პლაზასთან" საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და "თათრებს" ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას (თუმცა ამის მტკიცებულება ჯერ არავის წარმოუდგენია).

    გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მასობრივი აქციის მთავარი გამომწვევი მიზეზი მოქალაქეების დაჯარიმება და დაკავება არ იყო და ამ საკითხზე უფრო სიღრმისეული გამოძიებაა ჩასატარებელი. მისი თქმით, შემდეგში პოლიციის თანამშრომლები მსგავს სიტუაციაში ადეკვატურად იმოქმედებენ და ამ ეტაპზე მოქალაქეებს მოუწოდებს, აქციის გამართვისგან თავი შეიკავონ.

    რეალურად რამ გამოიწვია ბათუმში მოვლენების ასეთი განვითარება და რამდენად ადეკვატური იყო სამართალდამცავთა რეაგირება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნჩობილ წევრებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): მომეჩვენა, რომ საერთოდ გვიან ჩაერთო მოვლენებში ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მათ მეხოტბედ ვერ ჩავითვლები, ამ შემთხვევაში რაღაც პროვოკაციის სუნი ნამდვილად მცემს. ვერავის დავადებ ხელს, საერთოდ ვერ გავიგე, ეს ღოღობერიძე ვინ არის, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ მოსახლეობას "თათრებს" უწოდებენ, შემდეგ კი განაცხადა, რომ მას კი არ მოუსმენია, არამედ მიუტანეს ეს ჭორი.

    ეს იყო ძალიან ცუდი ეთნიკური პროვოკაცია. ასე წამოაყრანტალო რაღაცები, ან გონებასუსტი უნდა იყო, ან პროვოკატორი, სხვა ვარიანტი არ არსებობს. დანარჩენი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

     

     ნანა კაკაბაძე უფლებადამცველი): ქვეყანაში არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ანუ "ნაციონალები", რომელიც რევანშს ცდილობს, იქნება ეს პატრიარქის მოწამვლა, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენები თუ ახლა პოლიციის დაჯარიმებაზე აქციების გამართვა, ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად. ამ ძალებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველაფერზე მიდიან. გუშინდელი დღეც სწორედ ძალების მოსინჯვა იყო, რა შეუძლია ხელისუფლებას და რა შეუძლიათ ამ რევანშისტულ ძალებს.

    ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა, შეიძლებოდა უკეთესიც, თუმცა ესეც სწორი იყო. ფაქტია, რომ ხელისუფლების უუნარობით მივიღეთ რევანშისტული ძალა, რომელიც ახლა იკრეფს ძალებს და შეტევაზე გადმოსვლას ბედავს.

     ლადო ვარდოსანიძე ურბანისტ-არქიტექტორი):  დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. დაიწყო ვანდალიზმი, რაც საქართველოში არ ყოფილა. ყველა დემონსტრაცია, რომელიც აქამდე ყოფილა, იყო მშვიდი.

    ამ ვანდალურ აქტში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს მკაცრად, თუმცა, ცხადია, სამართლიანად. დაუშვებელია სხვისი საკუთრების ხელყოფა, მანქანების დაწვა, ვიტრინების ჩალეწვა და ა.შ. არავითარ შემთხვევაში ეს ვანდალიზმის ჯინი არ უნდა გამოვუშვათ ბოთლიდან.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  რამ გამოიწვია, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რაზეც საკმაოდ ბევრს საუბრობენ უკვე. ერთი მიზეზი პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებაა, მეორე მოსახლეობის უმუშევრობა და გაღიზიანება. შესაძლებელია იყო წაქეზება, რათა ასეთი ვანდალური აქტი მომხდარიყო, რადგან აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო. პოლიცია კი სწორად მოიქცა, როცა დემონსტრანტებს არ მისცა სხვა ქუჩაზე გადასვლის საშუალება.

    ვფიქრობ, ეს გამოძიება საკმაოდ გამჭვირვალე და ეფექტური უნდა იყოს, რათა მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter