სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    23.03.2017

    პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტი ამჯერად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძესა და "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიას შორის მოხდა.

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის წევრებს მიმართა: "თუ ვინმეს ჰგონია, პრეზიდენტი თავისი ვეტოთი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას ასუსტებს, მაშინ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას."

    ამ განცხადების საპასუხოდ ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლისას ანა დოლიძის ტონი იყო უპატივცემულო დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ. მისივე თქმით, პარლამენტს სათანადო პატივისცემა და ისეთი ფორმითა და შინაარსით საუბარი სჭირდება, რომელიც თავად პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის მხრიდან არ დაარღვევს კონსტიტუციურ ბალანსს, დოლიძემ კი ეს ბალანსი დაარღვია.

    ინციდენტთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ბესელიას უთხრა, რომ "პარლამენტი, კონსტიტუცია და კონსტიტუციის 48-ე მუხლი თქვენ გახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, ერთი მიზეზი აქვს ამას - ხსნილია მარგველაშვილის კრიტიკაზე, მწვანე გაქვთ ანთებული ბიძინა ივანიშვილისგან და შეიძლება, რომ ის გააკრიტიკოთ."

    ილახება თუ არა პრეზიდენტისა და პარლამენტის რეპუტაცია მათი დაპირისპირებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  დაპირისპირებას გააჩნია, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის დაპირიპირება ყველგან არის, სადაც დემოკრატიული წესწყობილობაა, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან და ეს ბუნებრივია. მაგრამ, ჩვენთან ორივე ერთი ძალის წარმომადგენელია და დაპირისპირებამ უკვე საბავშვო ბაღში ბავშვების ჩხუბის ფორმა მიიღო. ეს, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ლახავს როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციას.

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): რა თქმა უნდა, დაპირისპირება სასიამოვნო არ არის და უკეთესია, თუ მსგავსი ინციდენტები არ მოხდება. რეპუტაციის შელახვა ალბათ უფრო სხვა რამეა, თუმცა სახელისუფლებო წრეებს შორის დაპირისპირება კარგი ნამდვილად არ არის.

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): პრეზიდენტისა და პარლამენტის დისკრედიტაციას დაპირისპირება კი არა, მათი საქმიანობა და განცხადებები იწვევს. დაპირისპირება არის ჯანსაღი პროცესი, თუმცა მთავარია, რა საკითხს ეხება ეს და რა პოზიციას იკავებ. როცა დაპირისპირება მახინჯ ფორმას იღებს, მაშინ დისკრედიტირდება ინსტიტუტები. დაპირისპირება არ არის რეპუტაციის შემლახავი, ამას მათი საქმიანობა იწვევს.

     

     

     ირმა სოხაძე  (მუსიკოსი): უკვე კატასტროფაა, თავიანთი თავი თუ არ ენაღვლებათ, მოსახლეობა მაინც შეიცოდონ. ძალიან დამღლელია ეს. თითქოს მეტი საქმე არ აქვთ. პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, მერე ამაზე ესენი ქილიკობენ და ა.შ. თამაშია, საბავშვო ბაღია თუ რა ხდება, ვერ გავიგე. არ ვიცი, რომელი უფრო მართალია, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თუ პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ ეს უკვე აღარ მაინტერესებს. ის ფაქტი, რომ მათ შორის გაცხარებული ომია, ჩემთვის აბსოლუტურად დაუშვებელი, მიუღებელი და დამღლელია. მილიონი საქმეა ქვეყანაში და ჯობია, იმას მიხედონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter