სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    27.03.2017

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრძანების გასაჩივრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

    აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვაობა მოჰყვა, ზოგიერთმა ეს ინიციატივა სასაცილოდაც კი მიიჩნია.

    ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იუნესკო-ს არამატერიალური ძეგლების დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციით ხელმძღვანელობს, რომელსაც საქართველო 2008 წელს შეუერთდა და რაც ნიშნავს, რომ სააგენტო ვალდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს პოპულარიზება გაუწიოს.

    დღეისათვის კი აღნიშნული კატეგორია მინიჭებული აქვს: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, "დედაენას", როგორც სწავლების მეთოდს, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და ქართულ ჭიდაობას.

    როგორ აფასებთ ქართული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიენიჭების გადაწყვეტილებას? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძვანელი): "დიდი ხანია, ასეთი კარგი რამ არ მსმენია. ვინც ქართული სუფრის მნიშვნელობა ნამდვილად იცის და შესაბამისად, უნახავს, როგორ იმართება იგი, აუცილებლად მოიწონებს ამ იდეას. ქართულ სუფრას სიყვარულის სუფრა, ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება ჰქვია, თავისი თამადითა და კერძებითურთ. თუ ამ საქმეს სწორად წაიყვან და თამადასაც სწორად აარჩევ, ქართული სუფრა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებს.

    "არ ვსაუბრებ იმ ხალხზე, რომლებიც ლოთობენ და შემდეგ ერთმანეთს ჭიქებს ესვრიან, მე ნორმალურ ხალხზე ვსაუბრობ. ქართულ სუფრას ყველა გაოცებული შესცქერის. შეიძლება ავი ტრადიციები გვაქვს კიდევაც, მაგრამ ამას ქართულ, ტრადიციულ სუფრაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ძალიან კარგი იდეაა და ვფიქრობ, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იყო."

     იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): "სინამვილეში, "სუფრაც" კი არაა ქართული და ჩვენი სიტყვა. რა გითხრათ, როგორ უნდა მიანიჭო ქართულ კერძს ძეგლის სტატუსი, არ მესმის. რა თქმა უნდა, ქართული სუფრა და სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ნაწილია, მაგრამ რამდენად უნდა გამოარჩიო ის და ხაზი გავუსვათ ამას, ვერ გეტყვით. იმ ფონზე, როცა საქართველოში 80% შიმშილობს, ეს იდეა ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს."

     

     

     

     ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): "მიუხედავად იმისა, რომ ქართული სუფრის ტრადიციას პატივს ვცემ, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება გადაჭარბებული იდეა მგონია. 40-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული სუფრა, კერძები ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესოა, ის ნამდვილად არის ისტორიის ნაწილი და ტრადიციადაც უნდა დარჩეს, მაგრამ, საერთო ჯამში, კულტურის სამინისტროს პოზიციას ვერ გავიზიარებ. ვფიქრობ, ეს სტატუსი უფრო სხვა რამეს ნიშნავს და სუფრისთვის მისი მინიჭება არაორდინალურია."

     

     

     გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): "არის ქართული სუფრა, რომელიც ამაზრზენია. ეს მაშინ, როცა თამადა იდიოტია. მაგრამ თუ თამადა გენიოსია და ღირს სუფრის წამყვანად, მაშინ მას თამამად შეგვიძლია, ძეგლი ვუწოდოთ.

    "ვფიქრობ, რომ ქართული, კერძებით დაწყებული, კარგი თამადით დასრულებული, ჩვენი სუფრა ნამდვილად კლასიკა და საქართველოს ისტორიული განძია. ამ სტატუსს ნამდვილად იმსახურებდა, რადგან სხვაგან ასეთი რამ არ არსებობს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    რომან   (02.04.2017)
    კი შეიძლება ეხლა არარის ნამდვილად იმის დრო რომ ცარიელი კუჭით ხალხმა სტატუსებზე იფიქროს მაგრამ. მინდა ყველას უთხრა ხალხიც ბევრია კარგი დარჩენილი და სუფრაც და ქეიფიც დზალიან კარგი ვიცით. ყველასთან არ დაილევა ნამდვილად. დოლზე ტაშს რომ ვერ აყოლბს და სუფრის შუიდან შაირს რომ ედზებს ესეთს რომ დაისვავ სუფრაზე ან შენ დაუჯდები იქ ნამდვილად ვერ ნახავ სუფრის სილამაზეს.

    ლი   (01.04.2017)
    გივი ბატონო, ძალიან ახურებთ! საყდრის კულტურის ძეგლის სტატუსს უხსნით და ქართულ სუფრას (რომელიც დღეს ამაზრზენად გამოიყურება) ანიჭებ სასაცილოა, თუ არა ამაზრზენი!

    ლი   (01.04.2017)
    ბ-ო ჯემალ, დარჩა კი საქართველოში ნორმალრი ხალხი!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter