სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    13.05.2017

    აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია. ამასთან, გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში მუშაობს რუსული პროპაგანდა.

    ხოლო კითხვაზე, თუ რა საშუალებებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, გამოკითხულთა 39% ქართულენოვან სატელევიზიო არხებს ასახელებს, 34% - პოლიტიკურ პარტიებს, ხოლო 32%-ის აზრით, რუსული პროპაგანდა ინტერნეტითა და სოციალური მედიით ვრცელდება.

    აქვე აღსანიშნავია, რომ ამ შეკითხვას პასუხი გასცა გამოკითხულთა იმ 47%-მა, რომელიც საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობს ეთანხმება.

    ცვლის თუ არა რუსული პროპაგანდა საზოგადოების განწყობას საქართველოში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე მუსიკოსი): "ცვლის, რადგან, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ რუსეთთან დაახლოების. რაც შეეხება პროპაგანდას, რასაკვირველია, არსებობს. მუდმივად გვესმის, წყალი ვის მიჰყიდეს, გაზი საიდან შემოდის. გვესმის, რომ მომღერლები მიდიან რუსეთში, ან იქიდან ჩამოდიან და ა.შ. ესეც თავისებური პროპაგანდაა, თუმცა ამაში ცუდი არ უნდა ვეძებოთ."

     

     ლადო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "რა თქმა უნდა, არსებობს და ყველა ქვეყანა ახორციელებს მსგავს პროპაგანდას. ჩვენც უნდა განვახორციელოთ შემტევი, აგრესიული პროპაგანდა, რასაკვირველია, დადებითი თვალსაზრისით.

    "რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს პროპაგანდა ცვლის განწყობას. თუმცა, მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად გაცნობიერებული გახდა პოლიტიკაში, რომ ასე შიშველი პროპაგანდისტული ხელებით ქართულ საზოგადოებას ვერავინ ვეღარ მოერევა."

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "განწყობას არა რუსული პროპაგანდა, არამედ ევროკავშირის ქმედებები ცვლის. დააკვირდით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რა ხდება, თითქმის იგივე მოთხოვნები და საბუთები უნდა წარვადგინოთ, რასაც აქამდე ითხოვდნენ, თუ ვიზას არ ჩავთვლით.

    "თუ ევროკავშირმა არ შეცვალა თავისი პოლიტიკა, საქართველოში ის უფრო მეტად მოჭრის იმ ხეს, რომელზეც არის. მით უმეტეს, რომ პუტინის დავალებით დუმაში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსეთის იმპერიაში შემავალი ყოფილი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ რუსული მოქალაქეობის მიღება. და წარმოიდგინეთ, ევროკავშირიდან არალეგალურად მყოფი ჩვენი მოქალაქეების დეპორტი რომ მოხდება, სად წავლენ ისინი?!"

     გია ბუღაძე (ფერმწერი): "მგონია, რომ ხელისუფლების პოლიტიკაც დიდ როლს თამაშობს ამ პროპაგანდაში, რადგან რეალურად ძალიან დიდი ძალებია დღევანდელ მმართველ ელიტაში ჩართული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება. რუსული ელემენტების გააქტიურება ყველგან შეიმჩნევა.

    "თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მოვეგებით გონს, ამ მთავრობასაც მოვიშორებთ და რუსეთიც დაკარგავს ინტერესს ჩვენ მიმართ, რადგან ისე არ იქნება საქმე, როგორც რუსებს უნდათ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter