სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    16.05.2017

    სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება, საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალური საკითხია. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე იყო. გუშინ სახალხო განხილვა თბილისში გაიმართა, სადაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ განცხადება გააკეთა.

    "თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ ამის საშუალებას არ მოგცემთ. ქართული მიწა არ იყიდება", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. მას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს ტყუილია.

    "ნაციონალური მოძრაობა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ევროპული საქართველოსთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი", მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

    უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე მიწის გაყიდვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი):  აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ჩვენ ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კატასტროფულ მგდომარეობაში აღმოვჩნდებით.

    უნდა იცოდეს ყველამ, ერმაც და ბერმაც, პარლამენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც, რომ მიწა, რომელზეც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს ის მიწაა, რომელზეც იმ ქართველმა უნდა იცხოვროს, რომელიც 5 საუკუნის შემდეგ მოვა.

    საქართველომ თავისი ბედის გამო თავი შეირცხვინა და დავით აღმაშენებლის სახელმწიფოსგან მხოლოდ 20% დაგვრჩა. თუ ამ 20%-საც გავასხვისებთ, მომავლის ისტორიაში სამარცხვინო თაობის სახელით შევალთ.

     

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): მიმაჩნია, რომ უცხოეთის მოქალაქეებზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა მრავალი მიზეზის გამო უნდა აიკრძალოს. მათ შორის იმიტომ, რომ ისედაც მცირემიწიანი და პატარა ქვეყანა გვაქვს.

    შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსით განებივრებულები არ ვართ.

    ამასთან, დღეისთვის ქვეყანაში არსებული კატასტროფული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ორმაგად სახიფათო და დამღუპველია, რადგან ხელისუფლებისგან ბედის ანაბარად მიტოვებული მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი გაჭირვებისა და სრული უპერსპექტივობის განცდის პირობებში აუცილებლად გაასხვისებს და უკვე ასხვისებს წინაპრების დანატოვარ მიწას.

    თუ მიწის გაყიდვა არ აიკრძალება, ჩვენი ქვეყნის შვილების უკიდურესობაში აღმოჩენამდე მიგვიყვანს, რაც ერის და სახელმწიფოს სრული განადგურების ტოლფასი იქნება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მრავალ სახელმწიფოშიც ან აკრძალული ან უკიდურესად გართულებულია უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემა.

    შესაბამისად, ამგვარი ფორმით ეროვნული ინტერესების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია, სრულიად არ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ ნორმებსა და ევროკავშირის პრინციპებს.

    ხელისუფლება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ნაცვლად, წინამორბედის მსგავსად, მხოლოდ საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე აგრძელებს ამ მოღალატეობრივ პოლიტიკას.

    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ მიწის გასხვისების საკითხზე, ისევე, როგორც სხვა ძირითად სადავო ნორმებზე, როგორებიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი, გამარჯვებული პარტიებისთვის ბარიერგადაულახავი სუბიექტების მანდატების სრულად გადაცემა და სხვა, რეფერენდუმი იქნეს ორგანიზებული. მხოლოდ სახალხო განხილვა დემოკრატიის ბოლშევიკური იმიტაციაა და მეტი არაფერი.

     გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი):  ყოველ მიზეზგარეშე უნდა აიკრძალოს. უცხოელებზე მიწის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია.

     

     

     

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე):  ალბათ უნდა აიკრძალოს. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებით, რომელიც ჩვენთვის საზიანოა - აუცილებად უნდა აიკრძალოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter