გვანცა წულაია
24.06.2017

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შეჩერებას და მისი განახლებული რედაქციის ვენეციის კომისიისთვის დაბრუნებას მოითხოვენ. 16 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართავს - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას, ევროპის პარლამენტს, ეუთო-ს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, "ე.წ. კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ანტიდემოკრატიული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ დოკუმენტად".

"კონსტიტუციის რეფორმის პარალელურად, ხელისუფლება მუდმივად აუარესებს საარჩევნო გარემოს - ინიცირებულია "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი ხელისუფლებამ ბოლო (2016) წლის არჩევნების შედეგებს მოარგო და 1-დან 4 წევრამდე ზრდის საკუთარ კვოტას, რითაც სრულ პოლიტიკურ კონტროლს ამყარებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე", - აღნიშნულია ოპოზიციის მიმართვაში.

ამის საპასუხოდ მმართველმა გუნდმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო.

უნდა შეჩერდეს თუ არა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): "ვეთანხმები. ოპოზიციური პარტიები, ზოგიერთის გარდა, ამას სწორად მოითხოვენ. მინდა, გითხრათ, რომ მეტს მოველოდი. მაჟორიტარულმა სისტემამ თავისი თავი ამოწურა. მაინც ველოდები, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივლენ. სექტემბრამდე განხილვა გრძელდება და იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება."

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მმართველ პარტიას არაფრის მოსმენა არ უნდა და ამას არ გააკეთებს. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ. პრაქტიკულად, მხოლოდ ერთი პარტია იყო, ვინც ეს ვერსია მიიღო. ასე არ შეიძლება. ხელისუფლება რაღაც კომპრომისზე უნდა წასულიყო. 100%-ით მართალნი რომ იყვნენ, დათმობაზე უნდა წავიდნენ, რათა საქართველოში პოლიტიკური კულტურა განვითარდეს და არა ტოტალიტარული სახელმწიფოს მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯი."

 

 

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): "სწორია. რასაც ხელისუფლება აკეთებს, იღებს კონსტიტუციას რეფერენდუმის გარეშე, ეს თავისთავად არის კონსტიტუციის დარღვევა. არც მეტი და არც ნაკლები, ეს ნიშნავს ხელისუფლების უზურპაციას. კონსტიტუცია რეფერენდუმით უნდა იქნეს მიღებული.

"იღებს საზოგადოებრივი აზრის აბსოლუტური უგულებელყოფით. საარჩევნო კანონში აკრძალულია პარტიების გაერთიანების აკრძალვა, აბსურდია ყველა საზომით. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ აბსურდია, მაგრამ ეს იდიოტები არაფერს არ ისმენენ. ამიტომ ეს კონსტიტუცია ძალაში ვერ შევა."

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "განხილვის შეჩერება საჭირო არ არის. გასაგებია, რომ ოპოზიცია, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნავს. დღეს ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ იყოს, თავის თავზე ძალიან კარგად მოირგებდა ამ კონსტიტუციას.

"ოპოზიციაში "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ, ხომ, რომელიც 9 წელიწადი იყო მთავრობაში. კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებზე ძალიან კარგად მოირგო. მაშინ რატომ არ შეცვალეს კონსტიტუცია?! 5%-იანი ბარიერი 3%-მდე რატომ არ დაწიეს?! რატომ არ გააუქმეს მაჟორიტარული სისტემა?! იმიტომ, რომ ხელსაყრელი იყო. დღეს რატომ აღარ უნდათ, რაშია საქმე?!

"ეს ჩვეულებრივი მომენტია. ვინც მთავრობაშია და ძალა აქვს, ის თავის თავზე აწყობს კონსტიტუციას. ამიტომ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება."

"ნაციონალური მოძრაობა" რომ მოვიდეს მთავრობაში, ისიც თავის ჭკუაზე გადააწყობს კონსტიტუციას. გასაგებია მათი წუხილი, მაგრამ დებატები უნდა გაგრძელდეს. განხილვა უნდა გაგრძელდეს. ზოგიერთი შესწორება კიდევ აუცილებელი იქნება. ეს პროცესი მიმდინარეობს სწორად. უბრალოდ, ეს არის ოპოზიციის საბოტაჟი."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×