გვანცა წულაია
27.06.2017

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია წარადგინა. გუშინ, ოფიციალურ წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. გამართულ ღონისძიებაზე ზაალ უდუმაშვილმა შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა.

"დღეს თბილისელები გაბრაზებული ვართ, იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, როგორც დღეს, იმიტომ, რომ არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს, იმიტომ, რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს.

"დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვართ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი პირველ რიგში ხართ თქვენ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მინდა, გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, დიდი ალბათობით, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნება.

"ნაციონალური მოძრაობა" წარდგენილი კანდიდატურებით შეძლებს თუ არა, რეალური კონკურენცია გაუწიოს "ქართული ოცნების" კანდიდატებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე  (რეჟისორი):  ზაალს დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან". თბილისელი, განათლებული და მოწესრიგებული ადამიანია. რა თქმა უნდა, სამართლიან ბრძოლაში ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეუძლია კონკურენციის გაწევა. პროგრამას წარმოადგენენ და ხალხი შემდეგ გადაწყვეტს, ვის მისცეს ხმა და ვის - არა.

 

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  რა თქმა უნდა, არჩევნები გამოაჩენს, ხალხი ვის ენდობა და ვის - არა. ისე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ეშმაკურად არის "ნაცმოძრაობის" კანდიდატები შერჩეული. ზაალ უდუმაშვილი და ნიკა მელია "ნაცმოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებში მიანცდამაინც გარეული არ არიან.

"ნაცმოძრაობის" ლიდერებმა დაარბიეს უნივერსიტეტი და 400 პროფესორი წიხლისკვრით ქუჩაში გამოყარეს. ასევე მათმა ლიდერებმა დაარბიეს და ოკუპირებულ ჰყვეს მწერალთა კავშირის შენობა და ქართველ ცნობილ მწერალთა მემორიალური ნივთები ქუჩაში გადაყარეს, რომლებიც დაიკარგა, ამ დანაშაულებისთვის საბრალდებულო სკამზე უნდა ისხდნენ.

მაგრამ, ეს იმას როდის ნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობის" ყველა წევრი ერთნაირია და ყველამ პასუხი უნდა აგოს. მიმაჩნია, რომ "ნაცმოძრაობაშიც" არიან საქმიანი ადამიანები.

თუ "ქართული ოცნება" ამ პოსტზე ხელებსუფთა და სანდო ადამიანებს შეარჩევს, ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ. ყველაფერი პერსონალზე იქნება დამოკიდებული. "ქართული ოცნების" მიმართ ქართველი ერის ნდობა ჯერ ისევ მაღალია. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მათი დანაპირებების დიდი ნაწილი ვერ სრულდება.

 გია ბუღაძე (მხატვარი): წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან დიდი ომი იქნება. მეშინია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ დამთავრდება.

 

 

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):არა მგონია, მოსახლეობამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს მხარი დაუჭიროს. კანდიდატად ვის წამოაყენებენ, მათი უფლებაა, მაგრამ გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ.

 

 

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  კონკურენცია ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც საერთოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არის. მაგალითად, თუ 500 000 ამომრჩეველი არსებობდა, იგივე რაოდენობა იქნება ახლაც.

ზაალის მიმართ ხალხს სიმპათიები აქვს. ცუდი კანდიდატურა არ არის. კარგი პიროვნებაა. შესაბამისად, ეს გარკვეულწილად "ნაცებისთვის" კიდევ ერთი ქულაა.

მეორე ვარიანტიც არის, ნარმანიას მმართველობაზე განაწყენებული ქართველები არსებობენ. ამიტომ, შეიძლება ეს პროცენტიც "ქართულ ოცნებას" მოაკლდეს. ამბობენ, რომ კახი კალაძე "ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატურა იქნება. კახის უფრო იმედიანად უყურებენ, ვიდრე ნარმანიას.

მაინც მგონია, რომ ისევ იმ ტიპის არჩევნებთან გვექნება საქმე, რასაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა ჰქვია.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×