გვანცა წულაია
29.06.2017

რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის ინფორმაციით, მალე რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი ფართომასშტაბიანი წრთვნები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება.

"შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად - ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებიდან დღის და ღამის რეჟიმში.

მიმდინარე წელს დაგეგმილია სულ 100-ზე მეტი სწავლება როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წრთვნები", - ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

უქმნის თუ არა საფრთხეს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი წრთვნები საქართველოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): ის ფაქტი, რომ რუსეთის საჯარისო ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზეა, უკვე დიდი საფრთხის შემცველია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ მიმართებით იქნება საოკუპაციო ჯარებისა და რუსეთის ხელისუფლებისაგან, ჩვენი ქვეყნისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია.

 

 

 

 გია ბურჯანაძე მსახიობი): საქართველოს ყველაფერი უქმნის საფრთხეს, რაც რუსულ ჯართანაა დაკავშირებული. რუსის ჯარს ამერიკა ვერ უპირისპირდება და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.

 

 

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): მგონი, უფრო გაღიზიანების ხასიათს ატარებს. ასევე, რუსეთს სურს, აფხაზეთთან თავისი ურთიერთობა კიდევ ერთხელ აჩვენოს. ალბათ უნდა, ზოგიერთები ჭკუაზე მოიყვანოს იმ მხრივ, რომ თუ საქართველო ნატოსკენ ილტვის, ამით ატყობინებს, რომ აფხაზეთში მისი ჯარი აქტიურად დგას და ამას კონფლიქტი მოჰყვება.

ჯერჯერობით ასეთ წრთვნას შსს-ს და ჯარის სტრუქტურების ხასიათის გაფუჭების გარდა, არა მგონია, სხვა ფუნქცია ჰქონდეს. ამით ალბათ აჩვენებს საზღვარგარეთის იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას მხარს უჭერენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რასაც მინდა, იმას ვაკეთებო.

 

 გიგა ნასარიძე (ა.ო "საქართველო არ იყიდება"): ყველანაირი წრთვნა, რომელიც საქართველოს საზღვრებთან და მით უმეტეს საზღვრებს შიგნით რუსეთის მხრიდან ტარდება, საქართველოს გარკვეულ საფრთხეს უქმნის.

თუმცა ამ შემთხვევაში, არა მგონია, საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს. ჩემი დაკვირვებით, დიდი, ფართომასშტაბიანი წრთვნები რატომღაც არჩევნების პერიოდს ემთხვევა ხოლმე. ეს ალბათ უფრო საქართველოს მოსახლეობის ომით დაშინებას ემსახურება.

კვლევებს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ატარებენ, ალბათ რუსებიც კითხულობენ. მათში ძალიან კარგად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა ომისადმი უარყოფითად არის განწყობილი. ამაზე კი რუსეთის ოფიციალური მხარე თამაშობს.

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი):  რუსეთის ქმედებები საქართველოს ყველანაირ საფრთხეს უქმნის არამარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერი პრობლემა და საფრთხე ნებისმიერ დროს შეუქმნას საქართველოს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×