გვანცა წულაია
30.06.2017

"საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ", - ასეთი განცხადებით გამოვიდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი კი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესის შეჩერებას ითხოვს.

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე - რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

უნდა შეჩერდეს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "უნდა შეჩერდეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჯანი ბუკიკიო ტყუილად არ გაგვიბრაზდებოდა. რადგან ასე გაგვიწყრა, ალბათ ყველაფერი მოწესრიგებული არ არის."

 

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი): "ოპოზიციის აზრით, უნდა შეჩერდეს. ჩემი აზრით, არ უნდა შეჩერდეს. ყველაფერი დროზე უნდა დასრულდეს და დალაგდეს, რადგან ქვეყანა არეულია: საკონსტიტუციო პრობლემები ცალკე, საპატრიარქო ცალკე, ეკონომიკის საკითხები ცალკე. მიმაჩნია, რომ დროულად უნდა დასრულდეს. მით უმეტეს, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი აქ არის.

"წინ უმძიმესი ორი თვე - ივლისი და აგვისტო გვაქვს. რაც მალე დავასრულებთ, მით უკეთესი."

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):"იმ ფორმით, რა ფორმითაც უმრავლესობა აკეთებს, რა თქმა უნდა, არ მომწონს, რადგან ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ უმრავლესობამ არჩევნებისთვის თავი კომფორტულად იგრძნოს. მიზანი ეს არის. იმდენი ხანია, ვიმეორებ, მეუხერხულება კიდეც. კონსტიტუციის ასეთი რყევა ქართული სახელმწიფოს რყევაა.

"მიხეილ სააკაშვილს ამას ვედავებოდით. პრეტენზიები მასთან მქონდა, როდესაც ცოტა უხეშად ბედავდა და თავის თავზე ირგებდა რაღაცებს, ამათ კი საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს.

"ყველაფრის შეჩერება და გაკეთება იმის მიხედვით ხდება, რომელიღაც ერთ ჯგუფს როგორ უნდა. ეს პირდაპირ შემაშინებელია. სამომავლოდ ქართული საზოგადოება ამას იწვნევს.

"ძალიან დასანანია. ხალხმა როგორ უნდა შეაჩეროს, არ ვიცი. ცოტა გონს უნდა მოეგონ, ასე არ შეიძლება. უფრო რაფინირებული ფეოდალებით იქცევიან და ძალიან სირცხვილია."

 ნუგზარ კვაშალი (მსახიობი და მომღერალი): "მგონი, ხალხი დაიბნა. კონსტიტუცია ყველას გადაკითხული არ აქვს. არ იციან, რა პუნქტებია და რას ცვლიან. მგონი, საქართველოს მოსახლეობის 60-70% ასეა. ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდა შეიცვალოს. მმართველი ძალა ამბობს, რომ უნდა შეიცვლოს. ხალხი კი გაგებაში არ არის, რას და რატომ ცვლიან.

"ასე რომ, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას, ხალხს და გაჭირვებულ ცხოვრებას, ის კონსტიტუცია უნდა იყოს.

"ცოტა ძლიერი კონსტიტუცია უნდა იყოს, რადგან ქართველები სხვანაირი ხალხი ვართ. ამიტომ ძლიერი, კარგი და მაგარი კონსტიტუცია გვჭირდება.

"ყველა მთავრობა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას თავის თავზე მოირგებს, რადგან მათთვის ასეა საჭირო. სულ ისეთი გადაგვარებული მთავრობა არ გვყავს, რომ ხალხზე ოდნავ მაინც არ იფიქროს. თუ ისეთ რაღაცას აკეთებენ, რაც საჭირო არ არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიქნები. წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ცვლილებისა, რაც ხალხის წინააღმდეგ იქნება მიმართული."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×