თიკო ოსმანოვა
01.07.2017

"ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს," - განაცხადა 2 დღის წინ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას და ერთ-ერთ რეკომენდაციად მხარეებს შორის ფართო კონსენსუსის მიღწევა დაასახელა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

იმაში, რომ კონსტიტიციის მიღება არ ხდება ფართო კონსენსუსით, ხელისუფლება პრეზიდენტს და ოპოზიციას ადანაშაულებს, ოპოზიცია კი - "ქართულ ოცნებას".

"დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც უნდა შევცვალოთ და მასში რა ცვლილებაც უნდა შევიტანოთ, პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს - ეს მისი გაცხადებული ნებაა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ვინ შეუშალა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევას - ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ჯემალ ჭკუასელი ("ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "როგორც არაპოლიტიკოსმა, ერთი რამ ვიცი - ოჯახში როცა ჩხუბობენ, პრობლემები სახლშივე უნდა მოაგვარონ. გარედან არავინ დაგეხმარება.

"რაც შეეხება იმას, რატომ არ ხდება ფართო კონსენსუსის მიღწევა, ეს იმის ბრალია, რომ ყველა მხარე თავისკენ მიექაჩება. ვერ გაუგეს ერთმანეთს. რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ. ასე არ შეიძლება, რაღაც უნდა დათმოს როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ."

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "როგორც ყოველთვის, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე (9 მთავრობა მყავს გამოცვლილი), შეთანხმებასთან დაკავშირებით შეფერხება ხდება ხელისუფლების გამო. ოპოზიცია კი იმისთვის არსებობს, რომ მათ დააბრალონ. ამიტომ რაც კი პრობლემებია, ეს არის ხელისუფალთა ბრალი.

"მთავარია, ხალხისთვის გაკეთდეს ყველაფერი, ეს ცვლილებებიც. იმაზე მსჯელობა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ძალიან შორს წაგვიყვანს და ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. ასე რომ, დასხდნენ და ილაპარაკონ."

 

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "ვფიქრობ, ოპოზიციამ შეუშალა ხელი. იმიტომ, რომ ყველა დათმობაზე რატომ უნდა წავიდეს ის ძალა, რომელსაც ბევრად მეტი აქვს ხალხის მხარდაჭერა, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციას? ხელისუფლებამ უამრავი რამ დათმო. არ მესმის, 1,5%-იან ძალას რატომ უნდა დაუთმოს ხელისუფლებამ.

"რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი ავტორიტეტიც ძალიან დაბალია საზოგადოებაში.

"ჯანი ბუკიკიო რომ ჩამოვიდა, მის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებამ გამახსენა შალვა დადიანის პიესა "გუშინდელნი." ამ პიესაში ჩამოდის ახალი ბაზრის უფროსი გრენგოლი. მას ისე ხვდებიან, რომ გადაჰყვებიან თან, ერთი უკანალზე არ კოცნიან. გუშინ რომ ვუყურებდი ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რატომღაც ეს პიესა და მისი პერსონაჟები გამახსენდა."

 გია ბუღაძე (მხატვარი): "ოპოზიცია ხელს როგორ შეუშლიდა?! ყველა გადაწყვეტილების ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ქვეყანას მართავს ერთი ძალა, წარმოუდგენელი ძალაუფლებით. რა ფართო კონსენსუსზეა საუბარი, შიგნით მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×