გვანცა წულაია
03.07.2017

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში, დიდი ალბათობით, წელს აღარ ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში არყოფნის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო და საზოგადოებასთანაც მართავდა შეხვედრებს.

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად შაბათს კახი კალაძე ოფიციალურად წარადგინა. ბიძინა ივანიშვილი კალაძის წარდგენას არ დასწრებია.

საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩაურთველობის შემთხვევაში შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" გამარჯვებას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  მგონი, უფრო შეძლებს, ვიდრე ვერა. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი, რაც მოხდება - მეორე ტურის დანიშვნა იქნება. ნუ ჩაერთვება, ვნახოთ, ვინ რას იზამს.

 

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  საერთოდ, არსებულ რეალობაში მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" მაინც შეძლებს გამარჯვების მოპოვებას, რადგან ოპონენტები ან ძალიან სუსტები არიან, ან მოსახლეობისთვის ძალიან არასასურველები.

"ქართული ოცნება" კარგს იზამს, თუ განვლილი წლებიდან რაღაც გაკვეთილს და გარკვეულ გამოცდილებას შეიძენს და უკეთესად იმუშავებს მომავალში.

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  ამ ეტაპზე კახისთან მიმართებით ივანიშვილი გამოჩნდებოდა თუ არა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან, ბატონი ბიძინა თავისთავად "ქართული ოცნების" უკან იგულისხმება.

საერთოდ, მგონია, იგივე სურათი იქნება, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეჯიბრება. ჯერჯერობით ასეთ სურათს ვხედავ.

შეიძლება მცირე გამონაკლისი იყოს, "ქართულ ოცნებას" განაწყენებული თბილისელების ხმა მოაკლდეს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - ორად გაყოფილი პარტიის ხმა. დიდ არჩევნებში შეიძლება რამე შეიცვალოს. მაგრამ ამ ეტაპზე იგივე ტიპის არჩევნები იქნება.

 გიგა ნასარიძე ჯ(ა.ო "საქართველო არ იყიდება"): რთული სათქმელია. ახლა ისეთი პერიოდი დგას, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება პიკს აღწევს. ივანიშვილის ჩართვა-არჩართვა ბევრს არაფერს წყვეტს.

მისი არჩართვა უფრო გარე ძალების თვალის ასახვევად იქნება, რომ თითქოსდა იგი არ არის არაფორმალური მმართველი და საერთოდ არაფერში არ ერევა. შიდა მოხმარებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  ბიძინა ივანიშვილის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში ქალაქის მერობაზე, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის დიდი ფაქტორია. მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყოველგვარი საარჩევნო პროპაგანდის გარეშე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მოიპოვა ის ავტორიტეტი, რისთვისაც ხალხი ენდობა.

კახი კალაძემ თავისი საზოგადო მოღვაწეობით არც ისე დიდი ხნის განმავლობაში, მართალი და ვაჟკაცური ნაბიჯებით ხალხის ნდობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, ბრძოლა უთანასწორო იქნება. უპირველეს ყოვლისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია თითქოსდა დაჩაგრულის როლს თამაშობს.

შეიძლება ამით ზოგიერთი გააბრიყვოს კიდეც, რადგან მასა ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა. მაგრამ ჩვენმა ხალხმა საარჩევნო გულუბრყვილობის ის პერიოდები უკვე გაიარა, რითაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა, ყალბი დაპირებებით და ე.წ საარჩევნო თავის შეცოდებებით გამარჯვება მოეპოვებინა მავანს და მავანს.

შეიძლება, თუ გაჭირდა, ბიძინა ივანიშვილის ჩართვამ არჩევნების ბედი გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, კახი კალაძის სასარგებლოდ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×