სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    10.08.2017

    "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო" ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს.

    როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, საპენსიო ასაკი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში 60 წელი უნდა იყოს.

    "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკში განსხვავება სრულიად დისკრიმინაციული მიდგომაა.

    "ჩვენ სამართლებრივ პროცედურას მივმართავთ და ასაკის გათანაბრებას მოვითხოვთ. მიმაჩნია, რომ ეს ასაკი 60 წელი უნდა იყოს. ამისთვის, პირველ რიგში, ჩვენ 30 000 ხელმოწერას შევაგროვებთ, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის. ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. განვითარებულ ქვეყნებში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრებულია. ის ნორმა, რომელიც დღეს ჩვენს კანონშია, დისკრიმინაციულია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    უნდა გათანაბრდეს თუ არა ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მგონი, აქ უფრო პიარის თვალსაზრისით რაღაც მცდელობაა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა. გათანაბრებული მთელ მსოფლიოში არ არის, რადგან მამაკაცი და ქალი განსხვავებულია. მათი მთავარი მოტივაცია საკუთარი თავის წარმოჩენაა.

     

     

     

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): პრინციპში, ვეთანხმები, რადგან დღეს ქალის და მამაკაცის განსხვავება არავისში ეჭვს არ იწვევს. თუ შრომაზეა საუბარი, ქალები აბსოლუტურად ისე შრომობენ, როგორც მამაკაცები. ბუნებრივია, მამაკაცებს ფიზიკური დატვირთვა მეტად შეუძლიათ, გადაიტანონ. ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკი გათანაბრდება.

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი):  არარეალური მოთხოვნაა. მსოფლიოში ასე არის მიღებული და ჩვენ ნუ დავამკვიდრებთ იმას, რაც მსოფლიოში მიღებული არ არის. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა, მამაკაცი 65 წლამდე მუშაობს და 60-მდე ქალი.

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  პენსიონერი ვარ, მაგრამ, ასე რომ ვთქვათ, ჩემს პროფესიულ ფორმას არ ვკარგავ და მუშაობას ვაგრძელებ. ასე რომ, არა მგონია, რაიმეს რადიკალურად შეცვლის. გააჩნია, რა თქმა უნდა, რა შრომაა. თუ მამაკაცი მაღაროში მუშაობს ან მფრინავია, საპენსიო ასაკი ადრე აქვს. არა მგონია, საზოგადოებისთვის რამის მომტანი იყოს. ყველა პარტია რაღაცნაირად ცდილობს, სცენაზე წინ გამოვიდეს. ეს ქულების მოპოვებისთვის ფუჭი მცდელობაა. სჯობს, საქმეს მიხედონ. კონსოლიდირებული პარტია შექმნან, რომ თავისი ამომრჩევლები შეკრან. წვრილმან საკითხებზე ნუ დაიხარჯებიან. დამშვიდდნენ, არჩევნების შედეგს დაელოდონ და თავიანთი შედეგით მიხვდებიან, ვინ რას წარმოადგენს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter