სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    02.02.2018

    ბოლო 2 თვეში არასრულწლოვნებს შორის დაჭრის 5 შემთხვევა დაფიქსრდა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 31 იანვარს მოხდა. ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. წითელ ბაღში 35-ე სკოლის 3 მოზარდი სავარაუდოდ ყოფილმა თანაკლასელმა დაჭრა. ბრალდებული, რომელიც პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, გუშინ დააკავეს.

    2 დაჭრილი მოსწავლე ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფში რჩება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მესამე კი, რომელსაც ხელზე დანით მიყენებული ნაკაწრი აქვს, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ის ინფორმაცია, თუ რა მოხდა ე.წ. წითელ ბაღთან 31 იანვრის საღამოს.

    დაკავებულს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმის ცხელ კვალზე გახსნასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გუშინ საღამოს გაავრცელა.

    მოზარდებში კრიმინალს სახელმწიფო სათანადოდ ებრძვის თუ არა? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ლადო ვარდოსანიძე არქიტექტორი): აქ დამნაშავე ბევრია, მარტო სახელმწიფო ამას ვერ უშველის. თავი და თავი არის ოჯახი, ეზო, ქუჩა, რასაც ადრე ერქვა (დადებით კონტექსტში ვგულისხმობ), სკოლა, მასმედია. სხვანაირად არ გამოვა - ცალი უღელით ამას სახელმწიფო ვერ მოერევა. ვიცით, რომ ოჯახები კრიზისშია ეკონომიკური ვითარების გამო, სკოლაც არ არის თავის დონეზე, ასე რომ, ამას უნდა კომპლექსური სოციალური პროგრამების შემუშევება სახელმწიფოს დონეზე.

     

     გია ბუღაძე (მხატვარი): პირიქით, არ ებრძვის. "ოცნებამ" დანაშაულებრივი პოლიტიკით ხელი შეუწყო ქურდული მენტალიტეტის გაძლიერებას და ეს ყველაზე მეტად აისახება ახალგაზრდებსა და მოზარდებზე. ახალგაზრდებში დაბრუნდა ქურდული მენტალიტეტი. ასე რომ, პირდაპირ კავშირშია ყოვლად გაუმართლებელ მოქმედებასთან, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს.

     

     გია მურღულია (ფილოლოგი):  იდეალური სისტემა არსად არ არის და კრიმინალი ყველგან აღმოფხრვილი არ არის. ისე, შედეგებთან ბრძოლას მიზეზებთან ბრძოლა ჯობია. მიზეზებზე როცა ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, აღზრდის სისტემა დავაბრუნოთ სკოლებში და სახელმწიფოში უნდა იყოს შესაბამისი განწყობა. აღზრდის ისეთი სისტემა უნდა იყოს დანერგილი, რომელიც ბავშვებში ღირებულებებს ჩამოაყალიბებს და სამომავლოდ აგრესიას მინიმუმადე დაიყვანს.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოს ვერ მართავს, კრიმინალს კი არა. ხალხი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ყველა გაქცევაზეა. ახალგაზრდებს თუ არ ექნებათ მისწრაფებები უფრო მაღალი, ვიდრე მოწევა და ქვეყნიდან გაქცევა, მანამდე კრიმინალს არაფერი ეშველება. ისეთი ქვეყანა უნდა შეიქმნას, რომ ადამიანს ეცხოვრებოდეს და ხვალინდელი დღის გათენება უნდოდეს, ესაა მთავარი და არა - შეკრება და უსაგნოდ ლაპარაკი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved