სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    07.02.2018

    საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მედიის როლს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    "დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა ქვეყნის ძირითადი ინტერსების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ჩვენს ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. თუ სადმე ეფექტური უნდა ყოფილიყო რუსული პროპაგანდა, უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაპირისპირებული მოსკოვსა და იმასთან, რისი პროპაგანდაც უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რუსულ პოლიტიკურ ელიტას. ქართული საზოგადოება, მათ შორის მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით მოგებულია",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    უგებს თუ არა საქართველო ბრძოლას რუსულ პროპაგანდას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ჯერჯერობით მოგებული არ არის, რადგან რუსული პროპაგანდა უფრო მიზანმიმართულია და უფრო კარგადაა დაფინანსებული.

     

     

     

     გია ბუღაძე (მხატვარი): უნდა მოუგოს, სხვა გზა არ არის. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუგებს. ანტირუსული პროპაგანდის მიმართულებით არაფერი არ ხდება. და თუ რაიმე ხდება, ეს იმდენად უსახური, უსუსური და უნიჭოა, რომ, ფაქტობრივად, ვერანაირად ვერ იარსებებს. თუ ამ ტიპის დამოკიდებულება და მოქმედებები გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ იქნება. საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლებას მოვიშორებთ და რუსულ პროპაგანდასაც გავანადგურებთ, ამაში დარწმუნებული ვარ.

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ფილოსოფოსი კაცი, რომელსაც უნდა ესმოდეს რუსული პოზიციის მნიშვნელობა საქართველოსთვის, მათ შორის თურქეთთან დაკავშირებით, ასეთ უპასუხიმგებლო განცხადებას აკეთებს. სად არის ქართული პროპაგანდა და სად არის ქართული დიპლომატია? საერთოდ, რუსეთს რაში ედრება? დღესდღეობით რა სფეროში შეგვიძლია, რუსეთს შევედაროთ? თუ ვინმეს წისქვილზე ასხამს წყალს და უნდა, ვინმეს რაიმე ასიამოვნოს, სხვა საქმეა, დანარჩენი - თუ ის მართლა ასე ფიქრობს, არ ეწყინოს, მაგრამ საერთოდ დიპლომატიისა და პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონია.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რუსეთმა მთელ მსოფლიოში ისე მოიჭრა თავი, რომ მგონი, ამის ხარჯზე საქართველო უფრო მოგებულად ჩანს. ჩვენ ამ ეტაპზე, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთს მეტად ვებრძოლოთ. ვთვლი, უფრო მეტი უნდა კეთდებოდეს. მაგრამ თვითონ რუსეთი იჭრის თავს მთელ მსოფლიოში თავისი ძალმომრეობითა და დამპყრობლური პოლიტიკით. ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის და ვინც არ იცოდა, გაიგო, რომ რუსეთთან საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი იყო და იქნება. მესიამოვნებოდა, ამ თვალსაზრისით უფრო მეტი რომ კეთდებოდეს. მინდა, მეტი ინფორმაცია იყოს ჩვენს კულტურაზე, ანექსიაზე და ა.შ. მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ. მათ არ უნდა ეგონოთ, რომ საქართველო ოდესმე ტეროტორიების დაკარგვას შეეგუება

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved