სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    03.03.2018

    თუ უახლოეს დღეებში არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, ან არ გაირკვევა გადმოსვენების ზუსტი თარიღი, მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციების ორგანიზებას დაიწყებს. საუბარია თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვაზე.

    როგორც მოძრაობის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, დაელოდოს ცხედრის გადმოცემის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგებს, "ძალა ერთობაშია" თავს იკავებდა მწვავე საპროტესტო აქციების დაგეგმვისგან.

    მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ტატუნაშვილის გადმოსვენების პროცესი მაქსიმალურად გაიწელოს.

    "ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჩვეული სტილით მოქმედებას აგრძელებენ და 1-ლ მარტს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე მალხაზ წურწუმია გაიტაცეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ახალგორში თითქოსდა ნაპოვნი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის დამონტაჟებული ყოფილიყო. ეს "ახალი" გარემოება შემთხვევითი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით, ტერორიზმში ბრალდებულის ცხედარი ოჯახს არ უბრუნდება", - წერია განცხადებაში.

    მათი თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და წურწუმიას გათავისუფლება დააჩქაროს, სწორედ საპროტესტო აქციებია.

    "მოძრაობას - "ძალა ერთობაშია" უკავშირდება ათეულობით მოქალაქე. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში და გამოხატავენ პოზიციას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა არამხოლოდ მისი ოჯახის, მთლიანად ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმს საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს პასუხი", - ნათქვამია განცხადებაში.

    გამართლებულია თუ არა რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "არათუ ასეთი ქმედება, არამედ მეტად უფრო რადიკალური და აგრესიული ღონისძიებაა საჭირო. ერთი ადამიანის გამოც ღირს თავის დადება და ამაზე, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იფიქროს. თუ სახელმწიფო არ ზრუნავს, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამ შემთხვევაში "ძალა ერთობაშია", იძულებული ხდებიან, გააკეთონ ის, რაც სახელმწიფომ ვერ გააკეთა."

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "მეშინია, რომ ხელოვნურად არ მოხდეს რაიმეს პროვოცირება და ამით უარესი არ მივიღოთ. ყველამ ვიცით, რომ ტატუნაშვილი გმირია და მას სათანადო პატივი უნდა მიეგოს. ჩვენ მარტო ტატუნაშვილი კი არა, ძალიან ბევრი დავკარგეთ.

    "რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, საერთაშორისო დიპლომატია საკმაოდ განვითარებულია და მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი როლი უნდა ითამაშოს. მათი როლი მნიშვნელოვანია. აქცია და სოლიდარობის გამოხატვა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე პროვოკაციის ნიშნების მატარებელი და ესკალაცია არ უნდა გამოიწვიოს. ალბათ მათი განაცხადის მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრდებიან. ალბათ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ. აქცია უადგილოდ არ მიმაჩნია, ქართველმა ხალხმა თავისი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს."

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "ასეთი საქმეები აქციებითა და პროტესტებით არ წყდება, ეს არაფრის მომტანი აღარ არის. კი, ბატონო, მეც მივალ აქციაზე, მაგრამ რას ნიშნავს ეს აქციები და ქუჩის გადაკეტვა? ქუჩის გადაკეტვას უამრავი გართულება მოსდევს, ამიტომ სწორად არ მიმაჩნია.

    "ქუჩის გადაკეტვით ვერავინ ვერავის შეაშინებს. როდესაც ევროპა ამბობს, ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართო, როცა აშშ ამბობს, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები არიანო, ეს ასეთ გაჭირვებაში უნდა გამოჩნდეს.

    "ჩვენ ახლა გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ: ერთი, რომ ქართველი კაცი მოგვიკლეს და მეორე - მის ცხედარს არ გვაძლევენ. აქ უნდა თქვან ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი სიტყვა, თორემ ქუჩის გადაკეტვა და მოძრაობის შეჩერება დიდად არაფერს ნიშნავს."

     გია ბუღაძე (მხატვარი): "აუცილებელიც კია და მე მთელი სულითა და გულით ვუერთდები ამ აქციას. რუსეთი და რუსეთუმეები მართლმადიდებლობასა და ქრისტიანობაზე დებენ თავს, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა, როდესაც ადამიანს წამებამდე მიიყვან. ეს ყველაზე დიდი ანტიქრისტიანული საქციელია. ამაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ქვეყანამ ჩაიდინოს და ამ შემთხვევაში ბინძურმა ნაციამ, შეუძლებელია, ადამიანმა წარმოიდგინოს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved