სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    07.03.2018

    საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფარი მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა და თითქმის 100%-მა უარი მიიღო. საელჩოს ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ვიზალიბერალიზაციას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.

    "ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში," - ნათქვამია გაერო-ს საელჩოს ინფორმაციაში.

    როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: "ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფარი".

    მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესების გამკაცრება მისასალმებელია.

    "ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები, დააჩქარონ მათი განხილვა. ასევე, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ საქართველო გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად, რადგან ავტომატურად ითვლებოდეს ის, რაც არის რეალურად - ჩვენს ქვეყანაში ადამიანები არ იდევნებიან არც სიტყვის თავისუფლების გამო, არც პოლიტიკურად და არც სხვა ნიშნით. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფარი," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

    საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნას საფუძველი აქვს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): რა თქმა უნდა, საფუძველი აქვს. რადგან, როგორც ამბობენ, კარგი ცხოვრებისგან არ გარბიან. ოჯახის დატოვება არავის არ უნდა, როდესაც სამშობლოში ყოფნა გაუსაძლისი ხდება, ადამიანი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს. სამწუხაროდ, ისეთი რადიკალური ფორმით, როგორიც თავშესაფრის მოთხოვნაა. ალბათ, ნებისმიერი სახელმწიფო მზად უნდა იყოს, ასეთი ადამიანები მიიღოს, რადგან, როგორც ჩანს, მათ სხვა გზა ცხოვრებამ არ დაუტოვა.

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): ახლა არანაირი საფუძველი არ აქვს. ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის. ამიტომ ამგვარ თავშესაფრის მაძლიებლებს არ მივესალმები. დღეს პოლიტიკური ნიშნით არავინ იდევნება. ამიტომ, ესენი არიან ადამიანები, ვისაც მსგავსი გზებით უნდათ საზღვარგარეთ გაღწევა და მოქალაქეობის მიღება.

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): გააჩნია, რა საფუძველზეა საუბარი. ჩვენთან უფრო ეკონომიკური საფუძვლებია. სამწუხაროდ, როდესაც ევროპის კარი გაიღო, ბევრი წავიდა. არასდროს არაა სასიამოვნო, როდესაც ხალხი თავის ქვეყანაში არ ჩერდება.

     

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): ჯერ ერთი, ჩემთვის არ იყო საკმარისი ის ახსნა, რაც გერმანიის მხარემ გააკეთა თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა და შესაძლოა, შენგენის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. შესაძლოა, სხვა ქვეყნის ლიდერები ამ ტალღას აჰყვნენ. მეორეც, ალბათ საფუძველი რაც იყო, ისევ ის იქნება. ჩვენს ქვეყანაში სოციალურად ძალიან ცუდი სიტუაციაა, რაც ზოგადად ქვეყნის ფარგლების დატოვებას განაპირობებს. სწორედ, ესაა მიზეზი, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. სხვა ახსნა ამას არ აქვს, რადგან ქვეყანაში მოქალაქეები არ არიან უზრუნველყოფილნი სამსახურითა და სხვა საჭიროებებით, რაც ოჯახის რჩენასთანაა დაკავშირებული. საქართველო გამონაკლისი არაა, მიგრაცია ყველა ქვეყნიდან ხდება, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნიდან.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved