სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    09.03.2018

    "ევროპული საქართველო" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს. პარტიის წევრ სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჰყავდეთ ცაიშში საკრებულოს არჩევნებზეც.

    "ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც ოპოზიციამ მოუგო არჩევნები ხელისუფლებას. ეს კრიზისი კიდევ გრძელდება და აჩვენა ერთი რამ, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება არის შესაძლებელი, როდესაც ოპოზიცია თანამშრომლობს. ჩვენ ამ წელში გვაქვს სამი არჩევნები. რა თქმა უნდა, მათი წონა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს გამოტოვებული არჩევნები ხონსა და ვანში, გამოტოვებული არჩევნები ცაიშის საკრებულოში და შემოდგომაზე - საპრეზიდენტო არჩევნები."

    ოპოზიციის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ამ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს და შესაძლებელია, ერთად, ერთიანი ძალისხმევით, შეერკინონ "ქართულ ოცნებას".

    "ევროპული საქართველო" პროდასავლურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს იქნება წინაპირობა, რომ 2020 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დაემშვიდობოს.

    გჯერათ, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც საერთო კანდიდატზე შეჯერდება? - ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ქეთი ბექაური (იურისტი): ეს ისეთი საკითხია, თითოეული ოპოზიციონერის მოსაზრება უნდა მოისმინო. ჩემი ვარაუდი, შესაძლოა, არ იყოს რელევანტური. არგუმენტია საჭირო რამის სათქმელად. თუ შეჯერდებიან, ცუდი არ იქნება, მაგრამ აქამდე რა მოცემულობაცაა, ოპოზიციურ სპექტრს უჭირს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რომ საერთო კანდიდატი წარადგინონ, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისი ამბიცია აქვს.

     

     ზაზა ხუციშვილი (პარლამენტარი): ძალიან საეჭვოა, ძალების გაერთიანების ნაცვლად ყოველთვის საპირისპიროს ვხედავთ - ოპოზიციური პარტიები მეტად და მეტად იშლებიან, რაც მათ საერთო აზრამდე დასვლას უფრო და უფრო ასუსტებს.

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): მკითხავის მდგომარეობაში ყოფნა რთულია, მაგრამ თუ ოპოზიციური სპექტრის სიჭრელეს გავითვალისწინებთ, ისინი ერთ კანდიდატზე ვერასდროს შეჯერდებიან, ეს არ მოხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა მათგანი, უმეტესობა მაინც ლიდერებისა, მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა, თავის მხრებზე ირგებს პრეზიდენტის მანტიას. ასე რომ, ვფიქრობ, გამორიცხულია, ისინი საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ვერ მოახერხებენ. ოპოზიციური პარტიები იმდენად დაქსაქსულები არიან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ერთსულოვანი შერჩევა გაუჭირდებათ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (09.03.2018)
    ჩემო კარგებო, ეს ხომ საქართველოა, ყველა თავისას აბრახუნებს და უბერავს, ყველას საკუთარი თავი ჰგონია დიდი სტრატეგი და ლიდერი, ამდენად აქ გაერთიანება არასოდეს მოხდება, თუმცა მოხდა ამ ბნელი ძალების გაერთიანება და სრული განადგურების მცდელობა ჩვენი მიშას წინააღმდეგ, რატომ??? პასუხი მარტივია, ყველანაირად გამორჩეულ პიროვნებას საქართველოში ვერ იტანენ. "დამიჭირეს ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია"!!!!!!!!!!!!!!!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved