რეზონანსი
28.11.2019

 უღიარებელი "კანონიერი ქურდი" ან როგორც მას კრიმინალურ სამყაროში ეძახდნენ - "ქურდების დედა", კალინა ნიკიფოროვა გახლდათ. კრიმინალურ სამყაროში მისი მეტსახელი გახლდათ ნინა.

კალინა 1945 წლის 15 ივლისს, ბაქოში დაიბადა. ეროვნებით ებრაელი გახლდათ. ღარიბი ოჯახის შვილი პატარაობიდანვე მიხვდა, რომ სიღატაკესთან მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით უნდა ებრძოლა.

ის პატარა ასაკში გაჰყვა ცოლად კაცს, რომელიც მამად კი არა, ბაბუად უფრო შეეფერებოდა. სამაგიეროდ, მისი რჩეული ოქრომჭედელი გახლდათ და ცოლი ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა.

"კანონიერი ქურდის" პირველი ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ქმარი მალე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება კალინას დაუტოვა. 

ქმრის სიკვდილის შემდეგ, მალევე მუშაობა დაიწყო იმ დროს ცნობილ მაღაზიაში "ბერიოზკა" და უცებ აუღო ალღო იმას, რომ ჩეკებით, რომლითაც მაღაზიაში ანგარიშსწორება ხდებოდა, გამდიდრება შეეძლო. იმისათვის, რომ გზა ხსნილი ჰქონოდა, საქმეში მაღაზიის დირექტორიც ჩართო და მოგებას უნაწილებდა.

სიფრთხილის მიუხედავად, გამყიდველისა და დირექტორის მაქინაციების შესახებ მილიციამ შეიტყო და კალინა პირველად უკანასკნელად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ნინამ ლუდხანაში დაიწყო მუშაობა და ლუდის თაღლითურად, მაქინაციებით გაყიდვით იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებდა. თუმცა, ეს მაინც ეცოტავებოდა და გადაწყვიტა, დაკავშირებოდა ვასილევსკის დაჯგუფებას, რომლის წევრებიც მასთან ლუდის დასალევად ხშირად დადიოდნენ.

ერთ დღეს ბანდიტებს შესთავაზა, მოსკოვში რამდენიმე ე.წ. კატრანის, იგივე იატაკქვეშა კაზინოს გახსნა. კატრანის კლიენტებს შორის ქურდული სამყაროს ავტორიტეტებიც ბლომად იყვნენ. კალინამ სწორედ იქ გაიცნო მომავალი ქმარი (ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ) და მისი შვილის მამა, ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი.

ამ პერიოდიდან ისინი ყველა დანაშაულს ერთად სჩადიოდნენ - გამოძალვა, სპეკულაცია, ძარცვა მათი ყოველდღიური საქმიანობა იყო. კალინას სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის კარგი ცოდნა აძლევდა საშუალებას, რომ მილიციის კლანჭებში არ აღმოჩენილიყო.

მისმა რჩეულმა, იაპონჩიკმა კი ვერ დააღწია თავი სამართალდამცავებს. ის 1981 წელს დააკავეს. ვინაიდან კალინა კარგად იყო იაპონჩიკის საქმეებში ჩახედული, ქმრის დაკავების შემდეგ ქურდული სამყაროს მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში და საკმაოდ სწრაფად მოახერხა, თავისი გავლენის ქვეშ მოექცია კანონიერი ქურდები.

სწორედ ამ პერიოდში კალინამ გაიცნო თავისი მეორე ქმარი, ასევე კანონიერი ქურდი, რუბენ სარქისიანი. მასთან ერთად ქალმა იატაკქვეშა ფეხსაცმლის ფაბრიკა გახსნა. მათი პროდუქცია დიდი მოთხოვნით სარგებლობდა და ცოლ-ქმარმა საკმაო ქონება დააგროვა.

მაგალითად, იმდენი გამოიმუშავეს, რომ ნიკიფოროვამ შეძლო, თავისი შვილისთვის, ვიქტორ ნიკიფოროვისთვის კანონიერი ქურდის ტიტული ეყიდა. მას დედის წონიანი ავტორიტეტის გამო მეტსახელად კალინა შეარქვეს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში კალინამ შეიტყო, რომ საშინელი დაავადება, „სისხლის კიბო“ შეეყარა. ნებისმიერი გზით სურდა სიცოცხლის შენარჩუნება. კალინა მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირში მისი განკურნება შეუძლებელი იყო. გადაწყვიტა, მოეგროვებინა, თუ რამ ქონება გააჩნდა და საზღვარგარეთ წასულიყო. ქალი დარწმუნებული იყო, რომ უცხოეთში მედიცინა გაცილებით განვითარებული იყო და აუცილებლად გადაარჩენდნენ.

კალინამ იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის "რკინის ფარდის" გარღვევა, საკმაოდ სოლიდური თანხითა და ოქროულობით შეუძლებელი იყო და სომხეთის ქალაქ ლენინაკანიდან თვითმფრინავის გატაცება გადაწყვიტა. ამაში მას კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები და ქმრის გავლენები ეხმარებოდნენ. მოქმედების გეგმა წვრილმანებამდე იყო გათვლილი და ის სამართალდამცველებიც კი, ვინც მისი გეგმის შესახებ შეიტყვეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა. თუმცა, კალინას გეგმის განხორციელებაში ხელი სიკვდილმა შეუშალა და 1988 წელს ნინა გარდაიცვალა.

ასე დასრულდა 43 წლის, ყველაზე ავტორიტეტული, უგვირგვინო "კანონიერი ქურდი" ქალის სიცოცხლე. ის დაკრძალულია ერევანში, ცეიტუნის სასაფლაოზე. მისი საფლავზე ქვა კანონიერმა ქურდებმა დადგეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )