რეზონანსი
27.06.2020

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"აბსოლუტურად უაზრო, უმიზნო და იდიოტურ გარჩევას შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე. 19 წლის ახალგაზრდა გაიმეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჭამეს და ვერ შეირგეს, იმიტომ, რომ დღემდე ჩვენს კულტურაში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი ყოვლად სულელურ და არავისთვის არაფრის მომცემ ხულიგნურ, არაკაცურ მენტალიტეტს.

ჯერ ხორავას ქუჩა, ეხლა ეს, მაგრამ ახალი არც მაშინ და არც ეხლა არაფერი მომხდარა. არაფერი მომხდარა ისეთი რაც არ არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და არ ხდება ჩვენს უბნებში, ეზოებში, სადარბაზოებში. დარწმუნებული ვარ ჩემი თაობის ყველა კაცს შეუძლია 5, ან მეტი ადამიანის გახსენება, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარჩევისას მოკლეს, დაჭრეს, ან სამუდამოდ დაასახიჩრეს.

დაჩმორებული, ტრამვირებული და მენტალურად კასტრირებული ადამიანები ასე ცდილობენ ვინმეს რაიმე დაუმტკიცონ. ყოყლოჩინობენ და ემსგავსებიან მამლებს, რომლებიც საქათმეში ერთმანეთს, კლავენ და ამ დროს საქმე, როცა მიდგება საქმეზე არაფერი შეუძლიათ, რადგან მაინც მოკიდებენ ხელს, დაკლავენ და ბულიონში უკრავენ თავს.

ყველა, ვისაც შეუძლია სხვა მოკლას, ან სხვაზე აწიოს ხელი "შელაპარაკების" ნიადაგზე, ან არაფრისგან გამოაცხოს ამგვარი შელაპარაკება არარაობაა, სუსტი და საზიზღარი. არ ვცდილობ და არ მაქვს სურვილი ასეთს გავუგო, რადგან ასეთების მხოლოდ მათნაირებს ესმით

ქვეყანა, სადაც ჭამა-სმა გართობის და საკუთარი თავის რეალიზების ძირითადი ფორმაა, ხულიგნობა, ძველბიჭობა, "კაჩაობა" და უაზრო წელვა, ქცევის მიღებული და სასურველი წესი, არაფრის ღირსი არაა. ყველაფერი ტყუილია იქ. ასეთი ქვეყანა ვერ იქნება ვერც ქრისტიანული, რადგან ეს არ არის ქრისტეს იდეა; არც მდიდარი კულტურისა და ისტორიის ერობაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია, რადგან ქუჩის ტურებს და სუნიან სვავებს არ შეუქმნიათ ამხელა ისტორია, ისინი სხვა ხალხი იყვნენ; და არც მომავალი აქვს ასეთ საზოგადოებას, რადგან ვირთხების ერთადერთი, აწყმოც და მომავალიც კანალიზაციის მილში წრუწუნი და პარატიზის ცხოვრებაა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი ამ ყველაფერს და საჯაროდ, ქუჩური, ძველბიჭური და ხულიგნური მენტალიტეტი უნდა იქცეს ყველაზე დიდ ეროვნულ სირცხვილად, ხოლო ასეთი მენტალიტეტის ადამიანები ღიად იწოდებიდნენ სამარცხვინოებად", - წერს ფეისბუქზე გიორგი გობრონიძე.

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
SOS   (27.06.2020)
GAAMKACRET KANONI ASETI DANASHAULEBIS GAMO?SACHIROA MKACRI NEBISMIERI KANONIS SHEMOGEBA?MTAVROBA, DA TQVENC AR IWVALEBT AMDENS!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×