სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    17.06.2018

     რუსეთში რამდენიმე დღის წინ დაწყებული ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობა ჯერჯერობით სერიოზული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ჩემპიონატი ძალ-ღონეს იკრებს და უკვე რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა ვიხილეთ. დაფიქსირდა ერთი მოულოდნელი შედეგიც, არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ისლანდიის დამარცხება ვერ შეძლო.
    ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" ჟურნალისტმა რობერტ ჰარდმანმა მსოფლიოს ამჟამინდელი პირველობა, მისი ორგანიზატორები, ასე ფიფა-ს მაღალჩინოსნები დაუფარავად გააკრიტიკა.
    ფიფა-მ 2018 წლის მსოფლიო პირველობის ჩატარების ადგილი 2010 წლის დეკემბერში განსაზღვრა. მასპინძლობის კანდიდატი სულ ოთხი გახლდათ: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთ-პორტუგალია და ბელგია-ჰოლანდია. საფეხბურთო ექსპერტების აზრით, აშკარა უპირატესობა ინგლისს ჰქონდა, მას მხარს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში არსებული უდიდესი ტრადიციები და ავტორიტეტი უმაგრებდა. ყველასათვის მოულოდნელად ფიფა-მ და მისმა იმდროინდელმა თავკაცმა ზეპ ბლატერმა უპირატესობა რუსეთს მიანიჭა.
     ეს გადაწყვეტილება იმ ხანად პირდაპირ დაუკავშირდა ფიფა-სა და კრემლს შორის კორუფციული გარიგების ალბათობას, რასაც ბლატერიც და რუსეთიც გამორიცხავდნენ, თუმცა სწორედ კორუფციული გარიგებების გამოძიების მოტივით, 2015 წლის 25 მაისს ქალაქ ციურიხში, ფიფა-ს ერთ-ერთი სხდომის დაწყების წინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.
    დააკავეს არაერთი მაღალჩინოსანი. საბოლოოდ ფიფა-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ციხის კედლებში მოხვედრას კი გადაურჩა, მაგრამ ფეხბურთში საქმიანობა რვა წლით აეკრძალა.
    რობერტ ჰარდმანმა „მუნდიალი -2018" 1936 წელს ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს შეადარა. ჩვენი ბრიტანელი კოლეგის მტკიცებით 1936 წელს გამართული ოლიმპიური თამაშები ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაცისტური იდეების დაუფარავ პროპაგანდას ეწეოდა. ანალოგიური რამ ამჟამად რუსეთშიც ხდება, ოღონდ ჰიტლერის ადგილი ვლადიმერ პუტინმა დაიკავა.
     „რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობა ერთ დიდ პოლიტიკურ ცირკს მაგონებს. რომ დავფიქრდი, არაერთი მსგავსება აღმოვაჩინე 1936 წელს გერმანიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან. იქ ყველაფერი ადოლფ ჰიტლერის პროპაგანდას ემსახურებოდა, აქ კი ვლადიმერ პუტინის კულტის ზღვარგადაცილებულ რეკლამას ვხვდებით. რუსებს მორალური უფლება არ გააჩნიათ მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის სამასპინძლოდ. გავიხსენოთ: უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და დონეცკელ-ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდაჭერა, სამოქალაქო თვითმფრინავის განადგურება, სირიაში ომის გაჩაღება, დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ტერორისტული აქტების მოწყობა. ამის მიუხედავად ფიფა-ს მექრთამეობაში გასვრილი ხელმძღვანელობა პუტინის დაკრულზე ცეკვავს და მსოფლიო პირველობის მასპინძელი ქვეყნის შეცვლა თავში არ მოუვიდა. სამწუხაროა რომ 21-ე საუკუნეში ამ სახის კორუფციულ გარიგებებს კიდევ ვხვდებით", - განაცხადა რობერტ ჰარდმანმა.
    გიორგი გაჩეჩილაძე

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved