სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    18.06.2018

     ორი დღის წინ რუსულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონში განლაგებულ პოლიციის განყოფილებებში საიდუმლო ბრძანება დააგზავნა.
    მისი არსი იმაში მდგომარეობს რომ ჩემპიონატის მიმდინარეობის დღეებში რუსეთის პოლიციის ქვეგანყოფილებებმა დაფიქსირებული დამნაშავეობის სტატისტიკა და შემთხვევები ოფიციალურად არ უნდა გამოაქვეყნოს.
    გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას" მტკიცებით, ამ დღეებში თუ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს ესტუმრებით იქ მხოლოდ რამდენიმე „უბრალო" კრიმინალურ შემთხვევას წააწყდებით. მაგალითად უსახლკარო ლეკვების პოვნისა ან რამდენიმე ბომჟის დაკავების ფაქტებს. ჟურნალისტების გამოთვლებით, მსოფლიო პირველობის დაწყებამდე, საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დაახლოებით1400 კრიმინალური შემთხვევის ფაქტი იდებოდა. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე ბოლო შვიდ დღეს მათი რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა.
     გამოცემა „ნეზავისიმაისა გაზეტას" ჟურნალისტები კრასნოდარის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდნენ. პოლიციელებმა დაუდასტურეს რომ მოსკოვიდან საიდუმლო მითითება მიიღეს რომ მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში კრიმინალური სტატისტიკა ოფიციალურად არსად არ უჩვენონ.
    რუსები დროებით დამნაშავეობას „ხელოვნურად ამცირებენ", მაგრამ ამ სახის ფაქტები მაინც ხდება, უფრო მეტიც, დაკავებულთა შორის ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივარიც აღმოჩნდა.
    რუსეთში პირველი დაპატიმრებული უცხოელი მოქალაქე, 40 წლის პერუელი ქალბატონი აღმოჩნდა. სამხრეთამერიკელი დიაცი რუსეთს პერუს ეროვნული გუნდის მხარის დასაჭერად თანამემამულეების ერთ ჯგუფთან ერთად ეწვია. პერუს ნაკრები გუშინ მორდოვას დედაქალ სარანსკში დანიის ეროვნულ გუნდს ხვდებოდა. სამწუხაროდ ეს გულშემატკივარი მას ვერ დაეწრო, რადგან ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას „მოახერხა" და მავანი რუსეთის მოქალაქის საფულე მოიპარა. ამჟამად „დოყლაპია ქურდი - გულშემატკივარი" მოსკოვში, ცნობილ პეტროვკა 38-ში განთავსებულ საგამოძიებო იზოლიატორში იმყოფება. რუსული მხარე პერუს საელჩოს უკვე დაუკავშირდა და „რეციდივისტს" სამშობლოში იძულებითი ექსტრადაცია ემუქრება.
     მოსკოვის პოლიციის სპეცრაზმელებმა კი დიეგო მარადონა ვერ იცნეს და „ლუჟნიკის" ავტოსადგომზე არ შეუშვეს. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, როგორ ცდილობდნენ არგენტინელის თანხმლები პირები სპეცრაზმელებისათვის აეხსნათ რომ პუტინი ან მედვედევი კი არა, თვით მარადონა იდგა კართან და ავტოსადგომზე შესვლა უნდოდა, თუმცა ამაოდ...
    გიორგი გაჩეჩილაძე

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved