სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    (16.05.2010)

    მთავარი პოლიტიკური მოვლენა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც სულ მალე, ათიოდე დღეში გველოდება, მრავალი სიურპრიზის შემცველი შეიძლება გახდეს საზოგადოებისათვის. თუმცა ძნელი სათქმელია, რომ საზოგადოება მასში ოპოზიციური ანდა ოპოზიციურად გამოცხადებული კანდიდატების გამარჯვებას ელოდება, თუმცა ფაქტია, რომ დაძაბულობის ხარისხი თბილისში დღითიდღე იზრდება და ის ფატალურად შეიძლება აქციოს ერთმა უბრალო ინციდენტმაც კი, რომელიც არჩევნების დღეს, სავარაუდოდ, მრავლად იქნება ჩვენს ჯერ კიდევ არაცივილიზებულ საარჩევნო უბნებზე.

     

    რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების დღეს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიციის გამარჯვების იმედი ნაკლებია. მართალია, არ მინდა, ეს სტატია ისე იქნეს აღქმული, როგორც #ვ|-ს გამოკითხვის შედეგები, რომელთა გამოქვეყნება საზოგადოების არჩევნების ვანოსეულ შედეგებთან შეგუებას უფრო უნდა ისახავდეს მიზნად, ვიდრე სასარგებლო შედეგების მოტანას ქართული დემოკრატიისათვის, მაგრამ არსებობს ჟამი - დუმილისა და ჟამი - მეტყველებისა. დღეს კი ისეთი პირობებია შექმნილი, როცა დუმილი, შესაძლოა, დანაშაულადაც კი იქცეს.

     

    ხელისუფლების საყვარული მეთოდი - ვითომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ალაპარაკოს ოპოზიციის შეცდომებზე, იმედია, ამ სტატიაში არ იქნება განმეორებული და თანაბარი გულწრფელობით მიმოვიხილავთ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის შეცდომებს, რომელთა შორის უმთავრესი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან სწორედ ის არის, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ძალების გაერთიანება, რაც მათ უდავოდ მეტ შანსს მისცემდათ, როგორმე ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლების რაიმე ნაწილი, რაც მეტ-ნაკლებად დააბალანსებდა სიტუაციას, ხოლო ხელისუფლების მთავარი შეცდომა ისევ მათივე ბუნებიდან გამომდინარეობს, ისინი ხარბად ებღაუჭებიან აბსოლუტურ ძალაუფლებას და არ სურთ ერთი გოჯი საარჩევნო მიწის დათმობაც კი განსხვავებული აზრისათვის, რადგან სახელისუფლებო გუნდმა კარგად იცის, რისთვისაც იბრძვის - ესაა არა ქვეყანაზე უანგარო ზრუნვა ანდა რაიმე ღირებუბელების დამკვიდრება საზოგადეობაში, არამედ რეალურად - კარგად ცხოვრებისა და ადამიანების მართვის შესაძლებლობა, რისი ხელიდან გაშვებაც სულაც არ გახლავთ იოლი.

     

    არადა, სააკაშვილის 2013 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი გარანტია სწორედ ის შეიძლებოდა, გამხდარიყო, რომ მან ნელ-ნელა, დემოკრატიული გზით დათმოს ძალაუფლების ბერკეტები და საშუალება მისცეს ახალ პოლიტიკურ ძალებს, გამოსცადონ თავი პოლიტიკაში ანუ როგორც თავისი მოსვლით გაგვახარა, ისევე გაგვახაროს წასვლით, მაგრამ თუ იმასაც კარგად გავიხსენებთ, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად 7 ნოემბერი მოაწყო და ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა, ნაკლებად სავარაუდოა, ასე მოიქცეს და ისეთი სიმშვიდით იმსჯელოს ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ პერიოდზე, როგორც ამას ჩეხეთის ლეგენდარული პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი აკეთებდა, რომელსაც ჰრადი რეზიდენციაში სახელმწიფოს კუთვნილი 4 სკამის დაბრუნებასაც კი სთხოვდა და ის ამ საკითხს მთელი სერიოზულობით განიხილავდა. ეს ის ჰაველია, რომელიც, სხვათა შორის, თბილისში არ ჩამოვიდა ევროპის სახლის გახსნაზე სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილთან ერთად ლენტის გაჭრა არ სურდა და რომლის ნააზრევის წაკითხვის საშუალება ქართველ მკითხველს უკვე მშობლიურ ენაზე აქვს. ამ წიგნში ბევრ რაიმეს ნახავთ ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელს.

     

    ეს მცირეოდენი გადახვევა. დავუბრუნდეთ ისევ თბილისის ადგილობრივ არჩევნებს და მოკლედ გადავავლოთ თვალი, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.

     

    მიშველეთ, გიგი უგულავა ღამის 12 საათზე სახლში მივარდება

    თუ სახელისუფლებო კანდიდატი, გიგი უგულავა არჩევნებს მოიგებს არა იმიტომ, რომ ის საუკეთესო ანდა ყველაზე წესიერი კანდიდატია იმ ადამიანთა შორის, ვინც ამ არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა უჭირს ხალხს და როგორ გამოიყენოს ეს გაჭირვება მათივე წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან მომრავლებული ხალხი უკვე მარტის შემდეგ არა მათდამი დიდი სიყვარულის, არამედ იმის შესახებ მეტყველებს, რომ ნაციონალებმა დიდი ფული გამოყარეს არჩევნების მოსაგებად და ჩვენნაირ ქვეყანაში ეს გადამწყვეტი არგუმენტია. სხვათა შორის, სწორედ ლეგალურად და არალეგალურად უზარმაზარი თანხების ხარჯვას ადასტურებს თვით დოლარის კურსის აწევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. "რა ვქნათ, ძალიან გვიჭირს. ეს თანხა ჩემთვის დიდი ფულია, თვეების განმავლობაში დახმარების იმედზე ვართ", - მეუბნება ერთ-ერთი ნაციონალების აქტივისტი ქალბატონი.

     

    ძნელია, ამ ადამიანებს მორალი წაუკითხო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად არ გშია, მაგრამ ალბათ, არც იმისი აღნიშვნა იქნებოდა ურიგო, რომ ფული, რომელსაც მათი ურიგებენ, ისევ ჩვენი ჯიბეებიდანაა ამოღებული და დღეს სამადლოდ გადმოგდებული 150 და ორასი ლარის ნაცვლად, რომელსაც, სხვათა შორის, არც თუ ისე ზრდიალობიანად ურიგებენ ამ ქალბატონებს, ეს ადამიანები ხვალ და ზეგ ისევ გააგრძელებენ ჩვენს ჯიბეებში ხელების ფათურს და ყოველგვარი შეკითხვების გარეშე ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა წინ და უკან შადრევნების მშენებლობები თუ ლამაზი, მაგრამ ძალიან ძვირიანი და უსარგებლო ხიდების აღმართვა ამ ნახევრად დანგრეულ ქალაქში, სადაც ადამიანი პრიორიტეტი ნამდვილად არაა.

     

    ისევ ჰაველს დავესესხები: "სახელმწიფო ადამიანის ქმნილებაა, ადამიანი კი - ღმერთის". პირადად მე პრეტენზიები ამ ხელისუფლების მიმართ სწორედ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის გამო გამიჩნდა, პირველ რიგში, მაგრამ იმასაც შესანიშნავად ვაცნობიერებ, რომ ადამიანის უფლებები არაა მთავარი ღირებულება, რომლის გამოც პოლიტიკოსებს დღეს საქართველოში ნდობას გამოუცხადებენ ანდა - დაიწუნებენ. თუმცა იყო უმცირესობაში, მაგრამ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ზოგჯერ იმაზე დიდი პატივია, ვიდრე უმრავლესობის უსახობაში ჩაკარგვა და სიმღერა ქვეყნის აღმშენებლობაზე, რამდენსაც არ უნდა იხდიდნენ ამაში. ბუნებრივია, ეს უკვე ჩემს კოლეგებს ეხებათ, ხოლო კონკრეტულად ვის, თავადაც შესანიშნავად მიხვდებიან. როცა ყველა არხზე ერთი და იმავეში გარწმუნებენ, როცა ბარაქ ობამას სავარაუდო რომანის შესახებ 5-წუთიან სიუჟეტებს საინფორმაციო გამოშვების პირველ ნაწილში დიდი გაბედულებით გიყვებიან, უბრალოდ, გიჩნდება სურვილი, ეს ჟურნალისტები მყისვე არ დუმდებოდნენ, როცა ანალოგიური სკანდალები მათივე ქვეყნის ხელისუფალთ ეხებათ.

     

    ისევ გადახვევა - ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა პირობებში გვიხდება არსებობა - გარდა იმისა, რომ დიდი ხანია, შევეგუე იმას, რომ ვანოც და გრიშაც ნებისმიერ დროს მომისმენენ და გაიგებენ ჩემს მოსაზრებებს, ახლა ისეთი ფაქტის წინაშეც ვდგავართ არჩევნების გამო, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მიშას უყვარდა ბავშვების თემაზე შესრულებული პლაკატები, ლიფტებში - დროდადრო ხალხზე მზრუნავი გიგი უგულავა, ტელევიზორში - მუდმივად არაფრისმთქმელი საარჩევნო კლიპები და ბოლოს - ღამის 12 საათზე მეზობლის შემოვარდნა სახლში, აქაოდა, ჩქარა მითხარით, ხმას ვის აძლევთო და ნახევრად მუქარის ტონით ნათქვამი - მაინც უნდა დამიკონკრეტოთ, მაინც უფრო ოპოზიციას თუ მაინც უფრო ხელისუფლებას. ასე რომ, არჩევნები, სადაც არჩევანიც კი არაა, ჩვენი ცხოვრების ისეთ სფეროშიც კი შემოიჭრა, როგორიც ძილია.

     

    გაზი 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი, წყალი უფასო, ქათამი - ბაჟეში - ჩამოტარებით

    ასეთი გაგრძელება მოუძებნეს ჩემმა მეგობრებმა ქრისტიან-დემოკრატების ჭკვიანურ საარჩევნო ლოზუნგებს. მიუხედავად გია ჭანტურიას მიმართ დიდი პატივისცემისა, ეს დანაპირები მაინც არარეალური მგონია, რადგან თბილისის მერი გაზისა და დენის ტარიფებს ვერა ძალით ვერ შეცვლის. აი, საკითხის დაყენება კი შეუძლია, მაგრამ ამის შემდეგ ის არ მოხდეს, რაც "რეზონანსს" გადახდა თავს. როცა ჟურნალისტური გამოძიებით დავასაბუთეთ, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება 0,5 თეთრი ჯდებოდა "ენგურჰესზე", რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის 40 პროცენტს გამოიმუშავებს. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ენგურჰესის სასწრაფო წესით რუსულ კომპანია "რაო-ესს" გადასცეს, შემდეგ კი "რაო-ეესისავე" თხოვნით (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სთხოვა "რაოეეს", მოეთხოვა მასთან გაფორმებული მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა), ინფორმაცია გაასაიდუმლოვეს. ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ტარიფების საკითხი საქართველოში მანამ ვერ დარეგულირდება, შესაბამისად, ვერ დაიწევს, სანამ ხელისუფლებაში ნამდვილად ნორმალური, ლიბერალური ღირებულებების ადამიანები არ მოვლენ და ბიზნესს სახელისუფლებო წნეხისაგან არ გაათავისუფლებენ.

     

    რაც შეეხებათ ქრისტიან-დემოკრატებს, მათ ნამდვილად კარგი გარიგება დადეს ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან - ორმაგად მომგებიანი - პირველ რიგში ისინი ამ არჩევნებით საკუთარ პარტიას ხელისუფლების მომავალი გადანაწილებისათვის ამზადებენ და სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ფიქსირდებიან, ხოლო დღევანდელ პირობებში ეხმარებიან ხელისუფლებას, დაქსაქსოს ოპოზიციური ხმები და ამით გარანტირებული მოგება წინასწარ გამოაცხადოს. ისეთ დიდ და სერიოზულ პროექტებთან დაკავშირებული ადამიანის საკუთარ პარტიაში გადაბირება კი, როგორიც გია ჭანტურიაა, უდავოდ მეტყველებს ქრისტიან-დემოკრატების შორსმიმავალ და ჭკვიანურ პოლიტიკურ გათვლებზე.

     

    კაცი, რომელიც საქმით მოდის და საქმეს გვპირდება

    გოგი თოფაძე საკმაოდ ადამიანურად და ქართული მენტალიტეტისათვის მისაღებ ადამიანად გამოიყურება საარჩევნო მარათონში და არც საზოგადოების სიმპატიების ნაკლებობას უნდა განიცდიდეს, მაგრამ რატომ გადაწყვიტა მან ამ საარჩევნო პროცესში ჩაბმა, ძნელი სათქმელია.

     

    ეროვნული საბჭო - პრორუსული თუ?

    როგორც ამბობენ, ზვიად ძიძიგური არც თუ ისე ბედნიერია იმით, რომ ის იმ ძალის წინასაარჩევნო კანდიდატია, რომელსაც საზოგადოებაში პრორუსულ ძალად მოიხსენიებენ, მაგრამ სხვა არჩევანი დღეს პრაქტიკულად არა აქვს. თანაც, მიუხედავად ძიძიგურის რთული წარსულისა, მას მაინც მოუწევს იმ სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც თბილისელების მხრიდან სხვა რეგიონში დაბადებულ ადამიანთან დაკავშირებითაა ჩამოყალიბებული და რამდენიც არ უნდა ვიპრანჭოთ, მცირე ინტელექტუალური ელიტის გარდა ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით სწორედ ასეთი სტერეოტიპებით აზროვნებს და არა - სახელმწიფოებრივად. თუმცა ყველა ზემოთჩამოთვლილ ადამიანს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლო იმაში, რომ თბილისის საკრებულოსა და მერიაში ოპოზიციას უფრო წარმომადგენლობითი დელეგაცია ჰყავდეს და ძალთა გადანაწილების პროცესი საკრებულოში მისი არჩევის დღეს არ დასრულდება. მართალია, ინგა გრიგოლია პირობას დებს, რომ საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების ხმები ნაციონალებისკენ არ წავა, მაგრამ ამასაც ძალიან მალე ვნახავთ.

     

    ალასანია - ოპოზიციის ახალი სახე

    თბილისის მერობის კიდევ ერთი რეალური კანდიდატი ირაკლი ალასანია კულტურული მეთოდებით, მაგრამ არასაკმარისი ძალისხმევით იბრძვის ამ პოსტისათვის. მართალია, მისი მცდელობა, ახალი სტილი დაამკვიდროს ქართულ პოლიტიკაში და შეურაცხყოფისა და მწვავე გამონათქვამების გარეშე გადავიდეს საარჩევნო რუბიკონს, დასაფასებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ამ მრავალჭირნანახსა და იმედგაცრუებულ საზოგადოებას ბრძოლის ჟინი გაუჩინო.

     

    მართალია, არიან ოპტიმისტებიც, ვინც ამბობს, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდეს საზოგადოებისათვის, რადგან გამოკითხვებში საზოგადოების დიდი ნაწილი ან არ ამბობს სიმართლეს ანდა საერთოდ არ ამხელს საკუთარ არჩევანს, მაგრამ ასეთი ანალიტიკოსების რიცხვი მცირეა.

     

    ვფიქრობთ, არჩევნების წინასწარ გამოცხადებული შედეგების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი არჩევნებამდე რაიმე განსაკუთრებული მოხდება, არც საზოგადოებას გამოაფხიზლებს ანდა ისეთ საოცარ უსამართლობას ნახავს, რაც მას ბრძოლის სურვილს გაუჩენს. მაგალითად, თუკი იქნება რაიმე ძალადობა 26 მაისს ხელისუფლების მხრიდან, ანუ თუკი ისინი კიდევ ერთხელ მოაწყობენ პოლიციის ძალით ხალხის დარბევას.
    აყველა შემთხვევაში ამ დაუბალანსებელ ქვეყანაში კონტროლისა და გაწონსაწორების მექანიზმის არსებობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ მოვლენები ნაკლები სიმწვავით განვითარდეს და ადრე თუ გვიან ხელისუფლების მშვიდობიანი და ცივილიზებული შეცვლის ტრადიციებს ჩავუყაროთ საფუძველი, მაგრამ როგორც ჩანს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამ როლს ვერ შეასრულებს. ახლა მთავარია, მან არც ისეთი როლი შეასრულოს, რომ ყირგიზეთის მსგავს მოვლენებს დაუდოს საფუძველი, რადგან საზოგადოების მზარდი აგრესია მიუთითებს ზოგადად იმ დაგროვილ პრობლემებზე, რაც, სამწუხაროდ, ხანდახან გამოხატვას აფეთქებებში პოულობს ხოლმე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter