მსახიობის სახლში 4 დეკემბერს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ერთი ნაწილი პროტესტის ნიშნად გაიფიცა. მათი განცხადებით, აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას.
აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მსახიობი ბაჩო ქაჯაია ამბობს, რომ ქვეყანაში პროტესტის ჩახშობა საოცარი ძალადობრივი გზით ხდება ე.წ. სახელმწიფოს მხრიდან. გაფიცვით კი, პირველ რიგში, მხარდაჭერას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, რათა მათ მიმართ ძალადობა შეჩერდეს.
„კონსტიტუციური ჩარჩოდან, არჩევნებითა თუ სხვა კანონიერი გზით ვეცადეთ, არჩევანი დაგვეფიქსირებინა, რომელიც ასევე წაგვართვეს. ამასთან დამოუკიდებელ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანების პროცესი შეგვიჩერეს. კონსტიტუცია აქაც დაარღვიეს და თავზე დაგვახიეს. ამიტომ გვრჩება ქუჩა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გზა, რომ ყველაფერი დავაბრუნოთ თავის პოზიციაში.
ბევრი და ყველანაირი გემოვნების მაყურებელი გვყავს. ამიტომაც გაფიცვით, ამ პრეცედენტით გვინდა, რომ ეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს. უმძიმესია იმის მოსმენა, როცა ამბობენ, რომ ქუჩაში ქართველი ხალხი კი არა, რაღაც ძალადობრივ ჯგუფები დგანან, მაშინ როცა ქუჩაში 100 ათასობით ადამიანი ვდგავართ და დღე და ღამეს ვასწორებთ. ამ ყველაფრის მკაფიოდ დაფიქსირება გვინდა...
ვფიქრობ, რომ ყველანი ერთ აზრზე ვართ, უბრალოდ ზოგს შეუძლია ამის გამოხატვა, ზოგს - არა. თუკი ვინმე არის გამონაკლისი, ეგ არ ვიცი, თუმცა როგორ შეიძლება, ეს ძალადობა მოგწონდეს, უმოწყალოდ ადამიანების ცემას და ყველანაირი ჩარჩოდან გასვლას მხარს უჭერდე?! არ მგონია, მაინც ვინმე ამას ამართლებდეს, შიგნით, გულში დარწმუნებული ვარ, სხვას ფიქრობს. ამიტომ ამ ადამიანებს ვაძლევთ მაგალითს, პირველ რიგში მსახიობებს, რეჟისორებს, თეატრებს. სამწუხაროა, რომ მათი ასეთი პოზიციაც სისტემის პრობლემაა.
ახლა ჩვენმა სცენიდან სათქმელმა პროტესტის სახე მიიღო და გადაინაცვლა ქუჩაში, გადავიდა დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში, რადგან, როგორც ჩანს, საკმარისი აღარ არის სცენიდან, ჩვენი ხელოვნებით, ხელობით ნათქვამი სიტყვა", - განუცხადა "ამბებს" ბაჩო ქაჯაიამ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე