რეზონანსი
(30.05.2023)

ქართული სახელმწიფოებრიობის ათასწლოვან ისტორიას მრავალი სახელოვანი დღე ახსოვს. 26 მაისი უეჭველად არის მათ შორის. იგი ადასტურებს, რომ ქართველ ხალხს სურს და უნარიც შესწევს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და იპოვოს სწორი გზა რთულ და სახიფათო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლაბირინთში.

ბოლო საუკუნეების მანძილზე ქართული თავისუფლების უპირველეს მოწინააღმდეგედ რუსეთის იმპერია გვევლინება. 

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტია რუსეთის მიერ მისი გაუქმების დღიდან. ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, როგორც ცარისტული რუსეთის, ისე საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში. მრავალი სახელოვანი ფურცელი ჩაიწერა ისტორიაში თითქმის 200 წლის მანძილზე, თუმცა მსხვერპლიც დიდი იყო. ჩვენი წინაპრები და მათი შთამომავლები იბრძოდნენ ღვთისა და მომავლის იმედით. ამასთან, ზუსტად ჰქონდათ გაცნობიერებული რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააგააჩნია და ეროვნული იდენტობის, ენისა და სარწმუნოების დაკარგვა დაუშვებელია. 

პირველი მსოფლიო ომის დროს რომანოვების ცარისტული რეჟიმის დამხობის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობა სათანადოდ იქნა გამოყენებული და 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა. რითაც ეს დღე სამუდამოდ შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მან საქართველოს პირველ რესპუბლიკას დაუდო სათავე. 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ ის ღირსია დამოუკიდებლობისა. ურთულეს საგარეო და საშინაო ვითარებაში დაიწყო ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებული მშენებლობა, მივიღეთ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც მრავალმხრივ იყო სანიმუშო. ღირებულებები, რომელთა განხორციელებაც ედო საფუძვლად საქართველოს პირველ რესპუბლიკას დღესაც აქტუალურია და დასავლური ცივილიზაციის უპირველეს მიღწევათა ანალოგიური. 

სამწუხაროდ, XX საუკუნის პირველ მეოთხედში ევროპის ნაწილსა და ყოფილი რუსეთის იმპერიაში ტოტალიტარულმა ტენდენციებმა იმძლავრეს. რუსმა იმპერიალისტებმა, ამჯერად უკვე უღმერთო ბოლშევიკების სახით, კვლავაც ძალადობრივად შეწყვიტეს ქართული სახელმწიფოს ნორმალური, ცივილიზებული განვითარების გზა. დიდ საგარეო საფრთხეს დაერთო საქართველოს მაშინდელი მმართველი ძალების სერიოზული შეცდომებიც. სწორედ ამ მიზეზით 70 წლის მანძილზე ქვეყანა ულმობელი ტოტალიტარიზმის მარწუხწბში მოექცა, რასაც მოჰყვა უდანაშაულო პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი. საქართველომ დიდი დანაკარგი განიცადა მეორე მსოფლიო ომშიც. 

მძიმე მდგომარეობის და არნახული რეპრესიების მიუხედავად ქართველ ხალხს არ შეუწყვეტია თავისუფლებისა და სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. საბჭოთა იმპერიის ოდნავი შესუსტების პირობებში ეროვნული მოძრაობის ტალღამ, რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ სათავეში, გადალახა ყველა წინააღმდეგობა და საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. 1918 წლის 26 მაისთან ერთად გაჩნდა მეორე ღირსსახსოვარი თარიღი - 1991 წლის 9 აპრილი. სადღეისოდ საქართველოს დამოუკიდებლობა საყოველთაოდ არის ცნობილი 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის იმ მცირერიცხოვან რესპუბლიკებს შორის, რომელთაც აღიდგინეს დამოუკიდებლობა; რაც აღნიშნულია კიდეც ზემოხსენებულ აქტში. ამასთან დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არის მტკიცე ბალავარი, რომელიც ადასტურებს მთელი მოსახლეობის ურყევ ნებას, იცხოვროს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში და საკუთარი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს მსოფლიოს თავისუფალ ერებს შორის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის იურიდიულ-სამართლებრივი საფუძველი გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე 1918 წლის 26 მაისის ანალოგიური აქტისა. ამასთან 1991 წლის 9 აპრილის დოკუმენტი აღადგენს და აგრძელებს 26 მაისის სულისკვეთებას და აგვირგვინებს მას.

ეს სულისკვეთება თავის საფუძველში გულისხმობს ერთგულებას ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ღირებულებებისადმი და დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებას ავალდებულებს იპოვის საკუთარი ადგილი მსოფლიოს მოწინავე ერებს შორის. სწორედ ეს იდეალი აერთიანებს საქართველოს პირველ რესპუბლიკას დღევანდელობასთან, 26 მაისს 9 აპრილთან. სწორედ ამიტომ გამოვთვთქვამთ შეშფოთებას ევროკავშირთან გართულებული ვითარების გამო, რაც გამოიხატა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნით ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. შეგახსენებთ რომ, დროშა და ღერბი მხოლოდ მშრალი ფაქტის კონსტატირებას კი არ ემსახურება, არამედ პოლიტიკური ორიენტაციისა და მისწრაფების უეჭველი ნიშანიც არის. უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ჩვენი ქვეყანა რთულად, მძიმე დანაკარგებით მაინც ახერხებს იაროს ძნელი,  მაგრამ საკუთარი გზით და ჯერჯერობით ინარჩუნებს ერთგულებას იმ იდეალებისადმი, რასაც 26 მაისი და 9 აპრილი გამოხატავენ. 

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ უნდა გამოცხადდეს 9 აპრილი, ხოლო 26 მაისი უნდა ვიზეიმოთ როგორც პირველი რესპუბლიკის დღე. ამგვარი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას და რაც მთავარია იქნება კანონიერი და სამართლიანი იმ ადამიანთა მიმართ, ვინც შეგნებულად ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და შემდეგ მრავალსისხლიან ბრძოლაში დაიცვა იგი. 

 

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები:

არქიმანდიტრი ილია (კავსაძე), დეკანოზი როსტომი (ლორთქიფანიძე), აკაკი ასათიანი, თეიმურაზ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თენგიზ დიხამინჯია, სალომე ზვიადაძე, ანზორ სიჭინავა, პაატა კოღუაშვილი, ნიკა სანებლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე