საქართველოს პარლამენტის, სასამართლოსა და პოლიციისთვის ჯერ კიდევ 1984 წელია...
რეზონანსი
(19.05.2024)

ვინაიდან ცხოვრების ნახევარი საქართველოს დამოუკიდებლოს აღდგენამდე განვლე, ლოგიკურია, მორიგმა „რევოლუციურმა სიტუაციამ“ 35 წლის წინანდელი მოვლენები გამახსენა. მართალია, კომუნისტების მმართველობის პირობებში ქართველებს „მაშასადამე ევროპელობაზე“ აშკარად გამოხატული პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ მაშინაც განსაკუთრებით ახალგაზრდობა აქტიურობდა, რომელსაც „ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში“ უნდოდა ცხოვრება და არაფერი უნდოდა რუსული... ამასთან, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ქართველი პოლიციელების ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის კი არა, რუსი სამხედროების ალესილი ნიჩბებისა და ავტომატებისაც კი იმდენად არ ეშინოდათ, რომ კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებაზეც კი არ დაიშალნენ... 

ისიც ფაქტია, ქართველებს სახელმწიფოებრიობა („მამული, ენა, სარწმუნოება“) მხოლოდ ერთობით და „უქარქაშო ხმლების“ ქნევით არ შეგვინარჩუნებია... ამდენად, თუ მოქალაქეების „ერთობასა“ და აქტიურობას, ცოდნა-განათლება და ანალიტიკური აზროვნება არ წავაშველეთ, 2030 წელს კი არა, 2064 - შიც ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსის ამარა ვიქნებით... 

სამწუხაროა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში კახა ლომაიას მიერ გატარებული რეფორმის და კომუნისტების დროინდელი „საშუალო“ სკოლების „საჯაროებად" გარდაქმნის შედეგად, ახალი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების თაობაზე არასაკმარისად არის ინფორმირებული, ხოლო საკმაოდ დიდ ნაწილს წაკითხულის შინაარსის გააზრება უჭირს... მართალია, საპროტესტო აქციების მონაწილეთა შორის, „გონება დაბინდულები“ და „გზააბნეულებიც“ არიან, მაგრამ, ძირითადი, ნაწილი სრულიად ჯანმრთელი და გონიერი ახალგაზრდობაა, რომელსაც ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოში ურჩევნია ცხოვრება და არა პუტინის რუსეთის „ოკრაინაში“ (ბოდიში, რუსული სიტყვის გამოყენებისთვის...) 

დარწმუნებული ვარ, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებასა და დედაქალაქში სამანქანე გზების გადაკეტვაში, განსაკუთრებით, თბილისში მოქმედი ათეულობით უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები აქტიურობენ, რომლებსაც „სამართლის თეორია“ თსუ-ის ყოფილი რექტორის (სააკაშვილის მიერ დანიშნული) გია ხუბუას სახელმძღვანელოთი აქვთ შესწავლილი, რომელშიც „ვარდების რევოლუციის“ „გასაპრავებლად“ (ბოდიში, რუსული სიტყვის გამოყენებისთვის...) შეტანილ იქნა „დაუმორჩილებლობის უფლება“... მახსოვს, როდესაც 2016 წლის გაზაფხულზე, გარედან მართული სტუდენტების ერთმა ჯგუფმა, არჩეული რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოითხოვა და აკადემიური საბჭოს წევრებსაც აღარ მისცა სამუშაო ოთახში შესვლის უფლება, სწორედ მომავალმა იურისტებმა გამოგვიცხადეს, „გვაქვს დაუმორჩილების უფლებაო!“...

ამდენად, გამიხარდა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის განათლებული ახალგაზრდები შევნიშნე, რომლებსაც ორუელის „ცხოველების ფერმის“ გარდა (აშკარად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაა აღწერილი...), ტოტალიტარიზმის არსის მამხილებელი მისი რომანიც („1984“) აქვთ წაკითხული და ბანერებით ცდილობენ ხელისუფლებას შეახსენონ, რომ საქართველოში 2024 წელია და არა 1984... მსგავსი წარწერები, შენობების კედლებზცე გაჩნდა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსით (ასკ) არის დასჯადი, რომელიც სწორედ 1984 წელს არის მიღებული... 

როგორც ჩანს, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე მოზადებული „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებმა ჯერ არ იციან, რომ კოდექსი, რომლითაც ჩვენი პოლიცია და სასამართლო დღემდე ხელმძღვანებლობს კომუნისტების მმართველობისას დროს, „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მიერ არის მიღებული და ნამდვილად რუსულიდან, თანაც უხეიროდ არის თარგმნილი. შედეგად, მასში საკმაოდ ბევრი „არაგანჭვრეტადი“ სამართლის ნორმაა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ განიმარტება და აშკარად ეწინააღმდეგება კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ ამოცანებს, უპირველეს ყოვლისა კი, ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. მაგ., გაურკვეველია, რა დროს უნდა დაისაჯოს მძღოლი საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას ან ავტობუსის გაჩერებასთან ორივე მიმართულებით არ შეიძლება გაჩერება 15 მეტრში, თუ მხოლოდ გაჩერების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნიდან მოძრაობის მიმართულებით 15 მეტრში, შუქნიშნის გამორთული სექცია კრძალავს მოძრაობას, თუ ძირითად სექციაზე მანათობელი ნიშანი გვრთავს მასზე გამოსახული მიმართულებით მოძრაობის ნებას, ალკოტესტში არჩაბერვაა დასჯადი, თუ შემოწმებისთვის თავის არიდება, ან უსაფუძვლოდ დაკისრებული სოლიდური ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაში, რატომ უნდა ახდევინებდნენ სავარაუდო სამართლდამრღვევებს თანხებს იძულებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, რაც ცალკე მსჯელობის თემაა. 

ყველა შემთხვევაში, ვინაიდამ საპატრულო პოლიციაც და სასამართლოც ამ ნამდვილად „რუსული კოდექსით“ (უფრო უარესი, ტოტალიტარიზმის დროინდელით...) ხელმძღვანელობს და, როგორ ჩანს, დიდად არც ის გაემოება აწუხებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს ბუნდოვანი ნორმების განმარტებაზე (არადა, ოფიციალურად სწორედ ავტორი უნდა განმარტავდეს...) გონივრული იქნებოდა „არასამთავრობო ორგანიზაციებს“ და „სამოქალაქო აქტივისტებს“ 1984 წელს მიღებული ნამდვილად „რუსული და თან საბჭოური კანონის“ ევროსტანდარტებზე მორგებაც („გაევროპელებაც“) მოეთხოვათ პარლამენტისთვის. მე თუ მკითხავთ, საპატრული პოლიციის მესვეურებიც უნდა იყონ დაინტერესებული ასკ-ის გაქართულებით, თორემ მოდის ევროპელი მე-5 პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი და ნამდვილად რუსი მოლოტოვის მიერ გამოგონილი „კოქტეილიანი“ ახალი თაობა, რომელსაც „არაფერი უნდა რუსული“... 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები პარლამენტის გარდა, შეიძლება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აშკარად ევროპული იერსახის შენობის წინაც გამართონ, თუმცა, კახეთის მიმართულებით ავტომაგისტრალის გადაკეტვას არავის ვურჩევ, რომ ზოგიერთი აგრესიული მძღოლისგან იმავე საპატრულო პოლიციელების დასაცავები არ გახდნენ... 

ფაქტია ისიც, რომ საქართველოში კიდევ ერთი „რუსული კანონი“, საბჭოთა კავშირში 1992 წლამდე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი (სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი) დღემდე ისე მოქმედებს, რომ მისი ქართულ ენაზე თარგმნით არავის შეუწუხებია თავი... არადა, მისი მოთხოვნების დარღვევისთვის ასკ 5 ათასამდე ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ამასთან, ვთვლი, რომ ახალგაზრდებში ნარკომანიის და ლუდომანიის (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ) გავრცელება არანაკლებ დამანგრეველია სახელმწიფოსთვის, ვიდრე სამართლებრივი ნიჰილიზმი ან/და პოლიტიკური ამბიციის მქონე სუბიექტების სხვა ქვენებიდან დაფინანსების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროება. 

ამდენად, კარგი იქნება, იმპლემენტირებული „რუსული კანონების“ გარდა, წმინდა ქართული საარჩევნო კოდექსისთვისაც გადაგვეხედა („ვიღაც მესამის“ ინტერესებში არანაკლები „ნაღმებია“ ჩადებული...) და ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი არჩევნები ჩაგვეტარებინა, რის შედეგად პარლამენტს ვანდობდით სახელმწიფო ინტერესებისთვის ყველაზე მისაღები რეგულაციების დადგენას, ხოლო ხალხის წარმომადგენლები თავად გადაწყვეტდნენ საბაზისოდ „ამერიკული კანონი“ აეღოთ, ფრანგული, სომხური თუ ნიგერიული. ჩვენი უდავოდ ნიჭიერი და აქტიური ბავშვები კი, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაეფლებოდნენ ცოდნას, რომელიც ასე აუცილებელია ტოტალიტარიზმისგან თავდაღწეული ქართული სახელმწიფოს მექანიზმის გამართული მუშაობისთვის. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე