"ქართული პოლიტიკის მინუსია, რომ ყველა რატომღაც გამარჯვებას ელოდება და არ ფიქრობენ, რას აკეთებენ თუ ვერ მოიგეს"
თამთა ჩაჩანიძე
(02.11.2024)

ოპოზიცია უწყვეტ აქციებს ორშაბათიდან იწყებს, როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, ათობით კარავი უკვე მოაგროვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად დაიდგმება კარვები, ან საერთოდ დაიდგმება თუ არა, რადგან თავად ოპოზიციაშივე ჰყავს ამ იდეას მოწინააღმდგეები. მეტიც, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იქნება "ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა და ბიძგი მუხტის მინელებისკენ.

"ხელისუფლებაზე ზეწოლა თუ არის მასობრივი, ბევრი ხალხით და ამასთან, დასავლეთის მხარდაჭერით, ამ შემთხვევაში კარავიც გაამართლებს და ყველაფერიც. თუ ეს მხოლოდ ერთი პარტიისა და ერთი ჯგუფის ინიციატივად დარჩა, მაშინ რა თქმა უნდა, არ გაამართლებს. ეს დამოკიდებულია თავად საზოგადოებაში რა განწყობა და სულისკვეთებაა", - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

"ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია „კარვები საქართველოსთვის", ეს არის ჩვენი, კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად, ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება - ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. მაგრამ ჩვენ ლოჯისტიკური ამოცანა გვაქვს და უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რას ამბობს ოპოზიცია

"გირჩს" არ სჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკოსები ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისთვის, რადგან "ნაწილი მოსყიდულია".

"თუ მართლა ახალი არჩევნები გვსურს, შემდეგი რამ არის გასაკეთებელი:

1. უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა - „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები". მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთი კვირა.

2. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს.

3. პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს.

4. საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევიათ-ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა.

5. თუ ორივე პირობა - აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით ან რევოლუციით.

ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი - აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენაა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული „პოლიტიკოსები" ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისათვის. მივიჩნევთ, რომ მათი ნაწილი მოსყიდულია, ხოლო ნაწილი უბრალოდ გონებასუსტები არიან.

ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს, რათა გაუხანგრძლივონ ივანიშვილს მმართველობა და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ნაცვლად იმისა, რაც ზემოთ არის აღწერილი.

ჩვენ კი ქართველმა ხალხმა არ მოგვცა იმის უფლება, რომ ასეთ მიტინგს სათავეში ჩავუდგეთ, თუმცა თავს ვალდებულად მივიჩნევთ ვთქვათ ჩვენ რას გავაკეთებდით იმ შემთხვევაში, რომ ხალხს შეცდომა არ დაეშვა და ჩვენთვის მოეცა ზემოთ აღწერილი გეგმის შესრულების მორალური უფლება", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.

"კოალიცია ცვლილებების" წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "სიურპრიზად მიიღებს" თუ სად, როდის და რა ფორმით იქნება პროტესტი.

„იმ უდიდეს საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო - ეს არის ამ არჩევნების არაღიარება, ამ კონკრეტულ, ძალიან კარგად გამოვლენილ ფაქტებთან ერთად, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მეტყველებს, ჩვენ მოქმედების ვალდებულება გვაქვს. ეს არის ქუჩის პროტესტი, ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, ხალხში წარმოუდგენელი შემართება, მზაობა, მოქმედების სურვილია. ჩვენ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი. როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს. ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება. ერთი აიღოთ, ფარულობის პრინციპი, აიღეთ ყველა ის ქაღალდი, საიდანაც ჩანს უკან, ვინ-ვის მისცა ხმა. მხოლოდ ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური იყოს. მეორე, ეუთო, ენდიაი, IRI, ბაიდენი, ევროკავშირი, ყველა ამბობს, რომ მათთვის, ყველა ის ფაქტი, რაც წარმოდგენილია, მეტყველებს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია", - განაცხადა ხოშტარიამ.

"ოპოზიციაზე ორი რამაა დამოკიდებული"

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პროტესტი მხოლოდ ერთი ჯგუფის ინიციატივად დარჩა, არ გაამართლებს. მისი თქმით, ოპოზიციაზე ორი რამაა დამოკიდებული - წარმოადგინოს ისეთი ფაქტები, რომელიც არჩევნების გაყალბებას სარწმუნოს გახდის დასავლეთისთვის და შეინარჩუნოს ხალხმრავალი პროტესტი.

"ხელისუფლებაზე ზეწოლა თუ არის მასობრივი ბევრი ხალხით და ამასთან დასავლეთის მხარდაჭერით, ამ შემთხვევაში კარავიც გაამართლებს და ყველაფერიც. თუ ეს მხოლოდ ერთი პარტიისა და ერთი ჯგუფის ინიციატივად დარჩა, მაშინ რა თქმა უნდა, არ გაამართლებს. ეს დამოკიდებულია თავად საზოგადოებაში რა განწყობა და სულისკვეთებაა - თუ ბევრი ადამიანი მზადაა, რომ ამაზე წავიდეს, მაშინ ზეწოლის ფორმა ეფექტიანი იქნება, თუ არადა ხელისუფლებისთვის იქნება ხელსაყრელი.

"სანამ აქციებს წამოიწყებდე, უნდა გათვალო რამდენად დიდი მხარდაჭერა გექნება, ჩვენს რეალობაში ქვეყნის გარეთა მხარდაჭერასაც აქვს მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ალბათ (ორშაბათის) აქცია ხალხმრავალი იქნება, წინაც ხალხმრავალი იყო. ყველა ობიექტური ადამიანისთვის ცხადზე უცხადესია, რომ არჩევნები მიტაცებული და გაყალბებულია. შეუძლებელია ოპოზიცია დედაქალაქში იგებდეს და სხვაგან ყველგან დიდი ანგარიშით აგებდეს. ჩვენთან დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთი განსხვავებიული ადამიანები არ ცხოვრობენ, ეს ერთი ქვეყანაა, ხალხიც ერთნაირია და ყველა ერთმანეთს იცნობს. არ არის ასე, რომ თბილისში სხვა საქართველო იყოს და მაგალითად საგარეჯოში სხვა. ეს ცხადია რაღაც მანიპულაციაზე მიუთითებს, უამრავი ადამიანია მომსწრე, რომ იყო მოსყიდვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და მერე მისი გამოყენების ფაქტები, ამას უნდა სისტემატიზირება, რაც ოპიზიციამ უნდა გააკეთოს და უნდა მიაწოდოს დასავლეთს, რომ იქ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა იქნება თუ თვითონ დასავლეთის ქვეყნების პოზიცია, ამას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც თავად ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია.

"ეს შედეგი ყველასთვის შოკი იყო და ამის ფონზე შესაძლოა რეაგირება დააგვიანებულიყო. საერთოდ ქართული პოლიტიკის მინუსია, რომ მარცხი ყველასთვის ყოველთვის მოულოდნელია. ყველა რატომღაც ელოდება, რომ უნდა მოიგოს და არ ფიქრობენ, რას აკეთებენ იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიგეს. ეს პირველად არ ხდება და ხელისუფლებებიც ზუსტად ასე არიან-ხოლმე, არც მათ აქვთ გათვლილი რომ წააგებენ, მერე რას აკეთებენ. ახლა არაფერი ეშველება, მაგრამ სამომავლოდ უნდა გაითვალისწინონ.

"ახლა დრო არავის წისქვილზე არ ასხამს წყალს, სიტუაციას გააჩნია. გააჩნია რა არის ხელისუფლების განზრახვა. ორი ვარიანტია - პირველი ვარიანტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ჩვენი იზოლირება აშშ-სა და ევროპისგან და საქართველოს მოქცევა რუსეთ-ჩინეთის სივრცეში. თუ ესაა ხელისუფლების მიზანი, ვიტყოდი, რომ მას ეს პრაქტიკულად მიღწეული აქვს, ის არ შეასრულებს არაფერს, რასაც დასავლეთი და ოპოზიცია ეტყვის, ყველა პროტესტს ჩაახშობს და ყველას დაიჭერს.; მას ზედა ფენებში ამის მმართველობითი რესურსი გააჩნია. თუ ხელისუფლება ამაზე წავა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, ეკონომიკურად ჩამოინგრევა. სანამ ჩამოინგრევა და ამას თავად "ოცნების" მომხრეებიც მიხვდებიან, რომ რაღაც ძალიან ცუდ შარში გავებით, მანამდე უკვე დიქტატურა გამყარებული იქნება და პრაქტიკულად რუსეთის სატელიტად ვიქნებით გადაქცეული.

"მე უფრო მგონია, რომ ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ ძალაუფლებაზე მონოპოლია და რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ არ ჩაჭრას და ჩახსნას ურთიერთობები დასავლეთთან და ევროკავშირთან. ივანიშვილის მიზანი იზოლაცია არაა, ეს უფრო საშუალებაა წინასაარჩევნოდ, რომ რაღაცნაირად ყველამ აღიაროს მისი მონოპოლია ამ ქვეყანაში, რომ ისაა ამ ქვეყნის ერთადერთი ბატონ-პატრონი. თუ ეს ასეა, მაშინ ოპოზიციას მოქმედებისთვის რაღაც სივრცეები რჩება, მაგრამ არა ისეთი დიდი. ეს დიდწილად დასავლეთზეა დამოკიდებული, კერძოდ, რამდენად მიაწვება არჩევნების დელეგიტიმაციის მუქარით ხელისუფებას და რას დათმობს ამ ვითარებაში "ოცნება".

"ოპოზიციაზე ორი რამაა დამოკიდებული, ერთი, რომ დასავლეთისთვის რაღაცნაირად მოახერხოს იმის ჩვენება, რომ ხალხი ამ შედეგებს არ ეგუება - რისთვისაც აქციები და ხალხის მრავალრიცხოვნობა მნიშვნელოვანია, მეორე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან გაყალბების სისტემური ხასიათის ძალიან სერიოზული მტკიცებულებები მიაწოდოს - ამომრჩეველზე ზემოქმედებით დაწყებული და კარუსელებით დამთავრებული. მაგრამ ჩნდება კითხვა - ეს იყო ცალკეული შემთხევები, თუ სისტემურად ორგანიზებული, რამაც შედეგზე სერიოზული გავლენა მოახდინა? თუ ოპოზიცია ისეთ მასალას შეაგროვებს, რომ ამას დამაჯერებლად დაამტკიცებს, მაშინ ხელისუფლების მიმართ დასავლეთის პოზიცია უფრო ხისტი იქნება და შეიძლება იძულებული გახადონ რაღაც დათმობაზე წამოიყვანონ, თუმცა კონკრეტულად რაზე, ახლა ამის თქმა ძნელია", - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე