3 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობენ ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო. ანალიტიკოსები რუსეთის მიერ არჩევნებში აქტიურ ჩარევაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი.
„იმედი ვიქონიოთ, რუსეთის ჩარევა საბოლოო შედეგზე არ იმოქმედებს და სანდუ ისევ გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში ეშმაკს არ სძინავს და აქ ალბათობის მომენტი არის", - აცხადებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ვახტანგ მაისაია „მთელ კვირასთან".
საგარეო პოლიტიკის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას აზრით, ყველაფრის მიუხედავად ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სტოიანოგლოს სანდუზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს. „ალექსანდრე სტოიანოგლოს შეიძლება იმხელა რეიტინგი არ ჰქონდეს, როგორც სანდუს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთისთვის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერია მოსალოდნელი".
არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და სანდუმ ხმების 42.4%-ი მიიღო, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ი ვერ მოიპოვა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ „ქურდებს სურთ, ჩვენი ხმები და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე მათი მაქინაციები".
„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია", - აღნიშნა სანდუმ.
პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით „შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის „გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი „გამარჯვება" მოქალაქეებს არეკრუტირებენ და სახსრებს სთავაზობენ „ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ" ხმის სანაცვლოდ.
ჩხრეკების შედეგად, სხვა ყველაფერთან ერთად, ამოღებულ იქნა სამუშაო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია „ევრაზიასთან", მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული „პრომსვიაზბანკის" აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ.
პრემიერ დორინ რეჩანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებობდნენ. „დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ", - განაცხადა რეჩანმა.
კორნელი კაკაჩიას აზრით, რუსეთი რატომაც ახერხებს ასე აქტიურად ჩარევას განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით.
„ალექსანდრე სტოიანოგლოს შეიძლება იმხელა რეიტინგი არ ჰქონდეს, როგორც სანდუს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთისთვის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია იმ გაგებით, მას არ უნდა რომელიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ჰქონდეს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანების შანსი, ყველაფერი მოსალოდნელია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი სიტუაცია ხელს უწყობს რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს. ანუ მოსახლეობის ნახევარი პრორუსულად განწყობილია და ამას ემატება სეპარატისტული რეგიონები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. აქედან გამომდინარე, ეს რუსეთს საშუალებს აძლევს აღნიშნული ბერკეტები გამოიყენოს. ეს ბოლოს ჩატარებულმა რეფერენდუმმაც აჩვენა, როდესაც ძალიან მცირე ხმებით აჯობა ევროკავშირის მომხრეებმა. ასე რომ, იქ უფრო დიდი შანსი არის, რომ რუსეთი ჩაერიოს, მათ შორის დაფინანსებით, ძირითადად პრორუსული კანდიდატებითა და სამოქალაქო საზოგადოებით და ა.შ. დაახლოებით ის მეთოდებია, რაც აქამდე გაგვიგია, დანარჩენი მეტი ისეთი არაფერი",- უთხრა კორნელი კაკაჩიამ „მთელ კვირას".
ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ მოლდოვაში ალექსანდრე სტოიანოგლო გაიმარჯვებს, ქვეყანაში ანტიევროპული ღონისძიებები გატარდება. „რუსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახლა მაინც მიიღონ კომპენსაცია, რადგან პირველ ტურში სასურველი შედეგი ვერ დადეს. ბოლო მონაცემებით, რუსეთი მხრიდან სერიოზული დატერორება ხორციელდება მოსახლეობაზე - ურეკავენ და ემუქრებიან, რომ თუ ხმას არ მისცემენ, ფიზიკურადაც მოგსპობთო. სავარაუდოდ, ფინანსური მოსყიდვაც მიმდინარეობს, ასევე კიბერშეტევები, რაც რუსებს ძალიან უყვართ. იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო შედეგზე არ იმოქმედებს და მაია სანდუ ისევ გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში ეშმაკს არ სძინავს და ამ შემთხვევაში ალბათობის მომენტი არის. თუ პრორუსული ძალა გაიმარჯვებს, როგორც საქართველოში ხდება ისე იქნება. იმ მთავრობას შესაძლოა მოუწიოს დაფიქსირება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება, მაგრამ მერე ანტიევროპული ღონისძიებები გატარდება", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „მთელ კვირასთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე