ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ რამდენიმე ხანში, როგორც წინა არჩევნებზე, ოპოზიცია ახლაც შევა პარლამენტში.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლამენტის უფლებამოსილების შესაძენად „ქართულ ოცნებას" რესურსი გააჩნია.
„პარლამენტი პირველად, რომ შეიკრობოს საკმარისია გამოცხადდეს 76 ან მეტი პარლამენტის წევრი, რომლის საშუალება „ქართულ ოცნებას" აქვს. ამის შემდეგ პარლამენტმა ერთიანი სიით უნდა სცნოს ცესკოს მიერ წარდგენილი დეპუტატები, ამისთვის მმართველ პარტიას საკმარისი ხმებიც აქვს. იმისათვის, რომ პარლამენტმა უფლებამოსილება შეიძინოს აუცილებლებელია პარლამენტმა სცნოს სულ ცოტა 100 ადგილობრივი წევრის უფლებამოსილება, ნუ, „ქართულ ოცნებას" არც ამის პრობლემა აქვს"
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბიარაძის აზრით, ოპოზიცია თუ პარლამენტში არ შევა ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან ცუდი იქნება. „თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება ხელისუფლებისთვის. თუ ამას დაემატება ის, რომ ჩვენი პარტნიორები არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემენ, „ოცნება" ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვინაიდან ნაკლული პარლამენტი იქნება და ისეთ კანონებს, რომლებიც დავუშვათ, 2/3-ით მიიღება, ვერ მიიღებენ".
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური გაერთიენებები ემზადებიან მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას.
„ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია. ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს არ დასრულდება მანა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას. მოგებული არჩევნებო მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე წარადგენენ ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი დროებითია და როგორც 2020 წელს დაიხიეს უკან, ისე მოხდება ახლაც.
„ეს კიდევ ერთი ფარსია. ისტორია ამჯერადაც მეორდება. ზუსტად ერთი წლის წინ, იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის" სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს. მას შემდეგ, რაც ისინი ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, ხელფასები დაქვითული ჰქონდათ. გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო და ბიურო, რათა მათთვის ის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა, რომელიც პატრიოტული გრძნობებით რომ იყვნენ ბოიკოტში და 2020 წლის „გაყალბებულ" არჩევნებს არ აღიარებდნენ, ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგი - სად; ზოგმა შეიძლება დიდი საახალწლო სუფრა გაშალა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელთაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, ამიტომ პრობლემა მათში კი არაა და კითხვები მათთან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰყვირის - კარვები ჩქარაო, არამედ კითხვები გვაქვს მათთან, ვინც მათ მართავს ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა გეგმები, დამოკიდებულება აქვს ქვეყნის გარეთ მყოფ ამ ხალხს.
ვნახეთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადება. მივედით იმ წერტილზე, რაც დიდი ხალია გულში ჰქონდა ბევრს, ქვეყნის გარეთ, ვინც „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერია და ამ ადამიანმა ბოლოს თქვა (როგორც ევროპარლამენტმა გაამჟღავნა ბოლოს, რას გვთხოვდნენ სანქციების დაწესებით), გაამჟღავნა, რომ მათი პრობლემაა ქართველი ხალხი, რომელიც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. არ ვიცი ქართველ ხალხს რას გვიპირებენ, გადასახლებას, გადაჯიშებას თუ რას, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება ხომ გვაფიქრებინებს, რა ღირებულებებზე დგანან ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ ევროპა აროიან? ეს ხომ ღირებულება დაკარგული ხალხია, რომელიც სხვა ქვეყანაში ხალხს იწუნებს, რადგან მის გემოვნებაში არ ხდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, გაუშვებენ თუ არა პარლამენტიდან ოპოზიციის წევრებს „ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული და ამისთვის კიდევ სხვა პროცედურებია.
„პირველ შეკრებაზე „ოცნება" მაღალი ალბათობით პარლამენტის ყველა წევრის უფლებამოსილებას სცნობს, მათ შორის ცხადია, ოთხი ოპოზიციური გაერთიენებებისა. ამის შემდეგ, ოთხს შეეძლება, რომ თავისი პარტიული სიები გააუქმოს. ის სიები, რომლებითაც ცესკოში წარდგენილები არიან, პარლამენტის წევრობის კანდიდატები. ხოლო პარლამენტის წევრებად, ან უკვე უფლებამოსილებად ცნობილ პირებს უკვე შეეძლებათ ინდივიდუალურად დაწერონ განცხადებები პარლამენტის მანდატის უარის, ანუ გადადგომის შესახებ. სანამ მათი უფლებამოსილება ცნობილი არ იქნება, გადადგომის უფლება არც პარლამენტის წევრებს და არც პარლამენტის წევრებად არჩეულ პირებს არ აქვთ, ასევე არც პარტიებს აქვთ სიების გაუქმების უფლება. თუმცაღა აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად მოქმედი წესით, პარლამენტის წევრის გადადგმომისთვის საკმარისი არაა მხოლოდ განცხადების დაწერა, ეს უნდა დაადასტუროს პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით. ასე რომ, გაუშვებენ თუ არა პარლამენტიდან ოპოზიციის წევრებს, ესეც „ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებზე სულ სხვა სიტუაცია იყო, განსხვავებით 2024-ისა.
„დღეს 2020 წელთან შედარებით სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა. 2020 წელს, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა და ქუჩაში გამოვიდა, მაშინ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან თხოვნაც და მოთხოვნაც იყო, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს. სხვათაშორის, მაშინ ვთვლიდი, რომ არასწორი იყო პარლამენტში არ შესვლაზე გადაწყვეტილება, რადგან ოპოზიციას ცალკე აღებულს ისეთი ძალა არ ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება" დათმობაზე წამოეყვანა და ამისთვის ვერც იმ მასშტაბის ქუჩის აქციებს ააგორებდნენ. ასეთ ვითარებაში ჯობდა დათმობაზე წასულიყვნენ. დღეს კი, განსხვავებული სიტუაციაა. ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არც ოპოზიცია აღიარებს, არც ჩვენი პარტნიორები და არც ოპოზიციური საზოგადოება. 2020 წელს ხელისუფლება და პარტნიორები თუ ერთნაირ პოზიციაზე დგანან, დღეს განსხვავებული ვითარებაა, ანუ პირიქითაა, ოპოზიციის და პარტნიორების პოზიციებია ერთნაირი. ამიტომ ქუჩის პროტესტს რა თქმა უნდა, აზრი აქვს. მეორე თემაა აქ, რამდენად შესაძლებელია ფართომასშტაბიანი პროტესტის აგორება და აქვს თუ არა ოპოზიციას ამის საშუალება. პარტნიორების და ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციას აქვს თუ ახალი ტალღის აგორების რესურსი. თუ ამის საშუალება აქვს, მაშინ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, სწორია. თუ არ აქვს, მაშინ ოპოზიცია უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
76 მანდატი არსებობს, რომელსაც ცესკო ლიგიტიმურად სცნობს, მაშინ ამ 76-მა მანდატმა მთლიანი პარლამენტის ლიგიტიმაცია უნდა სცნოს, ანუ 150 მანდატის, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შევა პარლამენტში თუ არა. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება ხელისუფლებისთვის. თუ ამას დაემატება ის, რომ ჩვენი პარტნიორები არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემენ, „ოცნება" ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვინაიდან ნაკლული პარლამენტი იქნება და ისეთ კანონებს, რომლებიც დავუშვათ, 2/3-ით მიიღება, ვერ მიიღებენ. რამდენად მიგვიყვანს ეს რიგგარეშე არჩევნებამდე ეს სხვა არის, თუმცა ვიცი ერთი რამ - თუ დღეს ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ პარლამენტში არ შევიდეს მაშინ მართლაც არ უნდა შევიდეს, ქუჩაში დარჩეს და ჩვენი პარტნიორების დახმარებით გააგრძელონ საპროტესტო აქციები, ვნახოთ რა შედეგ მოიტანს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე