„თუ მტკიცებულებები აქვს მადამ პრეზიდენტს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, უნდა მივიდნენ და ჩვენება მისცენ“
ელზა პაპოშვილი
(04.11.2024)

ოპოზიციის ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში მხარდამჭერებს აწვდიან ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი არჩევნების ფარულობის დარღვევაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი იმის, რათა  ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვალოს. 

პოკურატურამ კი  ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების საფუძველზე  გამოძიება დაიწყო. უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა, როგორც ოპოზიციის ლიდერები, ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. თუმცა ყველა მათგანის პასუხი ცნობილია, ისინი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. 

ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. თუმცა, "ქართული ოცნება" უარზეა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის მიზანია, საქართველო გარედან მართოს.   

“საერთაშორისო თქვენ რა გგონიათ? ნიშნავს, რომ ვიღაც უცხოელი ბიძიები და დეიდები უნდა ჩამოვიდნენ და აქ უნდა გვითხრან, რომ იცით, რა, თქვენ სახელმწიფო არ ხართ, თქვენ ვერაფერს იზამთ, ახლა გამოძიებას ჩაგიტარებთ. 

„მერე რას ითხოვენ, გაიხსენეთ, არჩევნებიც იმათ ჩაგვიტარონ, მერე იტყვიან, რომ მოდი, მოსამართლეებიც ისინი იყვნენ, მერე იტყვიან, მოდი, მინისტრებადაც ისინი დავნიშნოთ და ჩვენ რა ვართ? ხალხი ვართ? ერი ვართ? 3 ათასი წელი რომ ამბობთ, სახელმწიფო ვართო, რისთვის ვართ ეს ყველაფერი? რომ ვიღაცეებმა გარედან გვმართონ? ქვეყნებმა, რომლებიც 200-100 წლის წინ ქვეყანაც არ იყო? 

„არ გვინდა ჩვენ და არ ვართ ის ხალხი და სახელმწიფო, რომელიც ბანანის რესპუბლიკად უნდა ჩაითვალოს და გარედან უნდა მართოს ვიღაცამ. ხალხს არ აქვს ნდობა იმ ევროპელი ჩინოსნების, რომლებიც ეჭვის თვალით გვიყურებენ ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვუყურებთ მათ ეჭვის თვალით, სინამდვილეში“, - ამბობს პაპუაშვილი.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ  ხელისუფლება გამალებით მალავს 26 ოქტომბერს ჩადენილი დანაშულების მთავარ სამხილებს. მისი თქმით, არაერთი დღეა, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, მოითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა სიების გასაჯაროვებას. “სწორედ იმიტომ, რომ სწორად გვაქვს დაიდენტიფიცირებული მთავარი სამხილები“,- ამბობს ნაცვლიშვილი.

„ჩვენ გითხარით, რომ ე.წ შავი ყუთი ინახავს უტყუარ ინფორმაციას ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რაც არის არჩევნების მიტაცება -  ეს არის ამომრჩეველთა სიები,რომლებიც რეგისტრირებულები არიან, როგორც 26 ოქტომბერს ხმის მიმცემი მოქალაქეები და ეს სიები ინახება ერთი მხრივ ვერიფიკაციის აპარატებში და მეორე  მხრივ ე.წ ჩეკების ჩეკებში, ანუ ძველი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ, სამაგიდო სიებში.

„ჩვენ არაერთი დღეა ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციებისგან მოვითხოვთ ამ სიების გასაჯაროებას და სწორედ იმიტომ, რომ სწორად გვაქვს დაიდენტიფიცირებული სად არის მთავარი სამხილები,  ხეისუფლება გამალებით ახლა უკვე საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლო ხელისუფლების სრული დანაშაულებრივი თანამონაწილეობით,  გამალებით მალავს და ჩქმალავს ამ სიებს“,-ამბობს ნაცვლიშვილი. 

“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის მტკიცებით, ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას - კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა.

როგორც მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მათ რამდენიმე დღის წინ მიმართეს სასამართლოს და გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა მოითხოვეს. “არსებობდა მტკიცებულებების  განადგურების რისკი“, - ამბობს მეზვირშვილი.

„რამდენიმე დღის წინ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა, ვინაიდან არსებობდა მისი განადგურების რისკი.

„ნაცვლად იმისა, ცესკოს კონკრეტული პასუხი გაეცა, თუ რა ვადით ინახება ხმის მიცემის აპარატებზე და ცესკოს სერვერებზე იმ ამომრჩევლების სია, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, ცესკოს თავმჯდომარე ტელეთერებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ.

სინამდვილეში ცესკოს ამ ინფორმაციის შენახვის წესის და ვადის განსაზღვრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს“,-განაცხადა მეზვრიშვილმა. 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გამორიცხულია რეალობა იყოს ის ფაქტი, რომ „ოცნებამ“ მოახერხა და 300 ათასი ხმა ისე გააყალბა, ამდენი სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები დაბრმავებულები იყვნენ. გვენეტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამაც და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ, თუ რაელურად ხელჩასაჭიდი ფაქტები გააჩნიათ. 

„არ ვიცი ვის ჯერა და ვინ დაიჯერებს იმ ფაქტს, რომ 14%-ი ისე გააყალბა „ოცნებამ“, რომ ვერავინ შეამჩნია. ამდენი უცხოელი დამკვირვებლები ჰყავდათ. ასევე ოპოზიციას მთელი ჯარი ჰყავდა დამკვირვებლების. იმას ვერ ეგუებინ,რომ ხალხმა უარი კიდევ ერთხელ უთხრათ. 

„გაყალბებული ეგზიტპოლებით ხალხს გამარჯვება აზეიმეს და ახლა იძულებულები არიან თქვა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბების გამო წააგეს. რეგიონებში არაფერი გაუკეთებიათ, საკუთარი სექტის იქით არავის ელაპარაკებიან და მერე ამბობენ, რომ არჩევნები გააყალბესო. არ უნდა ხალხს მაგათი ხელისუფლებაში მოსვლა და ხომ უნდა შეიგნონ. ნაციონალური მოძრაობა რამდენ პარტიადაც არ უნდა გაიყოს,  ხალხმა ხომ იცის ესენი რეალურად ვინ არიან? 

„დასავლეთიდან ქვეყნის ფულია ქვთ აღებული. ამიტომ ეხლა იძულებულები არიან რაღაცა სცენები დადგან. ვითომ აქციებს აწყობენ, ხალხი ქუჩაში გამოჰყავთ. მერე კარვებით დაიწყებენ სირბილს. ადრე კლიტეებით და ჯაჭვებით დარბოდნენ, ახლა კარვები მოიფიქრეს. გამოუვიდათ მაშინ რამე? არც ახლა გამოუვათ. 

„ადრე თუ გვიან იძულებულები გახდებიან შევიდნენ პარლამენტში. თქვენ გგონიათ რომ პარლამენტში შესვლა არ უნდათ? გვარამიას, ხაზარაძეს, ლომჯარიას, გიგაურს, ძალიან ეხალისებათ რას ამბობთ კარვებში კოტრიალი. სამოქმედო გეგმაც კი არა აქვთ. ეულებივით წინ და უკან დადიან. 

„ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას, თუ მტკიცებულებები აქვს მადამ პრეზიდენტს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, უნდა მივიდნენ და ჩვენება მისცენ. წინააღმდე შემთხევავში გამოვა, რომ მატყუარები არიან“,-ამბობს გვენეტაძე. 

მისივე თქმით, დასავლეთი ახლა გასუსული ელოდება რა მოხდება ქვეყნის შიგნით. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აგორებას. ასევე ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ამერიკის არჩევნების შემდეგ საქართველოს საკითხი მეორე თემად გადაინაცვლებს და ქვეყანაშიც საპროტესტო მუხტი მინელდება. გვენეტაძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა, ამიტომაც ოპოზიცია და დასავლეთ ვერაფერს გახდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე