ნატალია ჯვარიძე
(04.11.2024)

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ლიდერებმა სამოქმედო გეგმის სტრატეგია გააჟღერეს, რაც ანალიტიკოსების აზრით, საკმაოდ მშრალია და ახალიც არაფერია. მათივე ვარაუდით, ნაკლებად ის შედეგიანი იქნება და საჭიროა სხვა ღონისძიებები.

„ამ საპროტესტო აქციებიდან სიახლე არაფერი იქნება, იმიტომ, რომ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს ე.წ. კარვების ქალაქი, პროტესტები, რუსთაველზე შეშის მიტანა და ცეცხლის დანთების მცდელობა და ა.შ.", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია მომდევნო არჩევნებისთვის კარგად მოემზადება. „ერთ წელში არჩევნები მოდის და ოპოზიციის ყველა შეცდომა გაითვალისწინოს, ასევე, ყველა „ოცნების" უმსგავსო საქციელი. 4 პარტია ხომ გავიდა? ვინც ვერ გავიდა, ისინიც შემოიერთონ, გაინაწილონ რეგიონები და იქ იმუშაონ. ახალგაზრდები გავიდნენ რეგიონებში".

17:00 საათზე სადგურის მოედნიდან საკუთარ მხადამჭერებთან ერთად მსვლელობა მოაწყვეს სამი პოლიტიკური გაერთიანების: „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

აქციაზე ჰიმნის შემდეგ სიტყვით კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან ცუცქრიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

„ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება:

„ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება; 1. ჯერ კიდევ ვინმე თუ დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ იქნებ სადმე „ოცნებამ" სამართლიანად გაიმარჯვა, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის გაყალბება, მაქინაცია, „რუსული ომის" გეგმა, რომელიც ამ მთავრობამ შეასრულა;

მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არცერთი დემოკრატიული ლიდერი, რომელიც გამოვიდოდა და მიულოცავდა ამ მთავრობას, რაც ძალიან დიდი მიღწევაა;

მესამე ყველაზე მთავარი არის წინააღმდეგობა, სამოქალო აქტივობა, გარეთ ყოფნა - არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიაშო, ხელოვნებით და ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, რომ ხელი ჩავჭიდოთ. სამოქალაქო და დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ამ ბრძოლის ღერძი.

თუ ჩვენ ვიქნებით 1 000 ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ამასთან, „ერთობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აქციები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა.

„რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს, შემდეგი კვირისთვის და დაინიშნოს ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები? მე მახსოვს ჯერ კიდევ „გედეერის" პერიოდიდან, როდესაც „გედეერში" ასეთი ორშაბათის დემონტრაციები იმართებოდა და ამას, საბოლოო ჯამში, მოჰყვა კედლის დანგრევაც. მზად ხართ ორშაბათობებზე? არ ვისვენებთ, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა აქცია, მაგრამ არის ერთი დიდი ცენტრალური აქცია ორშაბათობით", - თქვა ბაქრაძემ.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიციის გეგმა ისედაც ცნობილი იყო და ამაში ახალი არაფერია.

„მე ასე მგონია, რომ ამ სტრატეგიის „ქართულ ოცნებას" არ შეეშინდება, ანუ ხელისუფლებამ უკვე გაიარა და კარგად იცის, რომ აქციები არ იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე იყო. წინაზე მასშტაბური იყო, მაგრამ ეს სულ არ ადარდებთ. შესაბამისად, მე მგონია, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ისეთი რაღაც უნდა გააკეთოს, გააკვირვოს.

„მილიონ 600 ათასი კაცი არჩევნებზე მივიდა და „ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცა, 900 ათასი ხმა არის იმ პარტიების, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, დანარჩენი 600- 700 ათასი ხმა თითქოს დაიკარგა, მაგრამ ამათი ჯამი არის ის მილიონ 600 ათასი ხმა. აქედან 300 ათასი კაცი, რომ გამოვიდეს ქუჩაში 2 კვირა, დღე და ღამე და ერთმანეთი ჩაანაცვლონ ხოლმე, ეს „ოცნებისთვის" სერიოზული შეტყობინება იქნება. მოკლედ, საჭიროა სხვა ღონისძიებები.

„რაც შეეხება, შემდეგ სტრატეგიას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ უნდა სცნოს, კი ბატონო, ალბათ არ სცნობს, გარდა ვიღაც ორბანისნაირებისა, თუმცა, აი, მერე რა? რამდენი სახელმწიფოა, სადაც დასავლეთმა არ სცნო? ვენესულაში რომ ვერ სცნეს, მადურო ვერ მმართავს ქვეყანას თუ რა?

„ეს მოსასმენად კარგია, მაგრამ საკმარისი არაა, რადგან „ქართულ ოცნებას" სულ არ ადარდებს, დასავლეთი აღიარებს თუ არა. პირიქით, იტყვიან, რომ რა მინდა დასავლეთთან, თუ მე არ მცნობს.

„ხომ იტყვიან, რომ მე ჩავატარე არჩევნები, ვერავინ ვერაფერი დამიმტკიცა, ხოდა კარგად იყავითო? როგორც კი საშუალება მექნება, ნატოზე და ევროკავშირზე უარს ვიტყვითო. ამიტომ ესეც ძალიან სათუო არგუმენტია. დასავლეთი არ სცნობს, მაგრამ ეს თითქმის არაფერს არ შეცვლის.

„ვისაც დღეს არ სჯერა, რომ გაყალბებულია, ის არც დაიჯერებს. ამის დასამტკიცებლად მუშაობა და ფაქტებია საჭიროა. ხოლო ვისაც სჯერა, ჩემნაირ ადამიანებს ეს ფაქტები კიდევ უფრო დაუდასტურებს, რომ ნამდვილად გაყალბდა. ანუ უფრო მეტია საჭირო.

„ფრანგები, რომ იტყვიან საყოველთაო გაფიცვას ვაპირებთო, მთელი საფრანგეთი ჩერდება, არ მოძრაობს არანაირი ტრანსპორტი. შეუძლია ოპოზიციას ყველაფრის გაჩერება? თუ შეუძლია „ქართული ოცნება" ერთ კვირაში ჩამოიშლება.

„თუმცა, თუ არ შეუძლია, ერთ წელში არჩევნები მოდის და ოპოზიციის ყველა შეცდომა გაითვალისწინოს ასევე, ყველა „ოცნების" უმსგავსო საქციელი. 4 პარტია ხომ გავიდა? ვინც ვერ გავიდა ისინიც შემოიერთონ, გაინაწილონ რეგიონები და იქ იმუშაონ. ახალგაზრდები გავიდნენ რეგიონებში.

„უკრაინელები ფრონტზე მიდიან და კვდებიან, ჩვენ კი საკუთარ სოფლებში გადასახლებაც არ გვინდა იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნები ვადამდელ არჩევნებად ვაქციოთ. ძალიან ახლოსაა ეს ყველაფერი",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციას მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება.

„ამ საპროტესტო აქციებიდან სიახლე არაფერი იქნება იმიტომ, რომ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს ე.წ. კარვების ქალაქი, პროტესტები, რუსთაველზე შეშის მიტანა და ცეცხლის დანთების მცდელობა და ა.შ. თუმცა კარგად გვახსოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს პარლამენტში შესვლას. ასევე არ გამოვრიცხოთ, რომ ტოქსიკური ძალებისგან მოსალოდნელია ნებისმიერი სახის პროვოკაცია: სამართალდამცველებთან დაპირისპირების, ჩხუბის, აყალ-მაყალის ინსპირირება და ა.შ.

„თუმცა ამას პოზიცია, როგორც აქამდე ისე გაუმკლავდება. ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ტრაგიკულს უფრო ვხედავ ამ რადიკალებთან დაკავშირებით, რადგან მერამდენედ მიდიან ერთსა და იმავე წრეზე - იმუქრებიან, უწინარესად საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებენ და შემდეგ ისევ ყველაფერი საწყისს ეტაპზე ბრუნდება.

„პროტესტი მასშტაბური იქნება, თუ არა ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში ის საპროტესტო განწყობა არაა, რაც ბარიერგადალახულ ოპოზიციას წარმოუდგენია, რომ ვითომ ხალხი არსებული შედეგებით წინააღმდეგია.

„საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ არსებულ სიტუაციას მოწყვეტილია, ის უკვე დაკარგულია. ამიტომ გასაკვირი არაფერი იქნება, უბრალოდ არ მინდა, რომ მოხდეს მორიგი ფიზიკური შეტაკება, რაც ინსპირირებული იქნება რევანშისტების მხრიდან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე