ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი თუ არსებობდა! - აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. კომისიის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლების გამოცხადება/არ გამოცხადებაზე ანალიტიკოსების ვარაუდები განსხვავდება.
„მედალს ორი მხარე აქვს - შესაძლოა „ნაცმოძრაობის" ყოფილი ჩინოვნიკები არ გამოცხადდნენ კომისიის წინაშე, რადგან ისინი არ აღიარებენ დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა მეორეს მხრივ, შესაძლოა მივიდნენ და საზოგადოებას აუხსნან", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის ვარაუდით კი, საგამოძიებო კომისია ვისაც დაიბარებს, უნდათ თუ არა მაინც მოუწევთ მისვლა: „ხომ მიდიან ხოლმე სასამართლოში ჩვენების მისაცემად? ასევე მოუწევთ პარლამენტში მისვლა და თეა წულუკიანის და სხვა წევრთა წინაშე ჩვენებების მიცემა".
წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ითანამშრომლებენ თუ არა გამოძიებასთან
ნიკა ჩიტაძის თქმით, ამ საკითხზე არსებობს ორი ვერსია, ორივე შემთხვევაში ლოგიკა დევს.
„მედალს ორი მხარე აქვს - შესაძლოა „ნაცმოძრაობის" ყოფილი ჩინოვნიკები არ გამოცხადდნენ კომისიის წინაშე, რადგან ისინი არ აღიარებენ დღევანდელ ხელისუფლებას. რატომ უნდა იმართლონ თავი? ასეთ შემხვევაში გამორიცხული არაა, დევნა დაიწყონ. პირველ რიგში „ქართულ ოცნებამ" უნდა აუხსნას ხალხს, რატომ ვერ შეასრულეს დაპირებები და რატომ მოატყუეს მოსახლეობა.
მეორეს მხრივ, მათ ბევრი რამე აქვთ სათქმელი - რა რეფორმები გატარდა მათ დროს საქართველოში და რატომ ჯობდა წინა მთავრობა დღევანდელს. ამიტომ შესაძლოა საზოგადოებას აუხსნან ეს ყველაფერი და მივიდნენ კიდეც.
საერთოდ ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნა პროპაგანდისთვის და იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობაზე" ზეწოლა მოახდინონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
გია აბაშიძის აზრით კი კომისია ვისაც დაიბარებს, ყველას მოუწევს მისვლა და ჩვენების მიცემა.
„კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელია, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტმა ახლახანს კანონმდებლობაში შესწორებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ეძლევა, შესაბამის სამართლადმცავ სტრუქტურებთან ნებისმიერ ეტაპზე დააყენოს მათი მხრიდან გამოძიების დაწყების საკითხი. ამიტომ რაღაც ულტიმატუმებით ლაპარაკი იმ „ნაცრეჟიმის" წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობა დაატერორეს, ელემენტარულად უზნეობაა და ვითომ ამ კომისიის გაუბრალოება, მისი კომპეტენციის მინიმალიზება არასერიოზულია. ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. მათ არავითარი საგარეო რეზოლუციები და ვიაღაცების ტვიტერ განცხადებები არ უშველით. კომპეტენტური კომისია მათი დანაშაულების ყველა ქეისს ბოლომდე ჩაჰყვება. ხომ მიდიან ხოლმე სასამართლოში ჩვენების მისაცემად? ასევე მოუწევთ პარლამენტში მისვლა და თეა წულუკიანის და სხვა წევრთა წინაშე ჩვენებების მიცემა. აქ ალტერნატივა არ არსებობს და არავითარი ადვოკატურა არ უშველით. კანონი კანონია და პატივი უნდა სცენ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ცოტა ხნის წინ, იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან" თქვა, რომ თუ საპარლამენტო კომისიაში დაბარებული პირები გამოსაკითხად არ მივიდნენ, სისხლის სამართლის კოდექსში გაწერილია, თუ რა სასჯელი ემუქრებათ მათ, ეს ერთ წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს, თუმცა მანამდე არის ჯარიმა.
ამ ერთწლიან პატიმრობაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ამისთვის კი კომისიამ უნდა მიმართოს სასამართლოს და დაასაბუთოს, თუ რატომ ითხოვს კონკრეტული ღონისძიების გამოყენებას.
მუხაშავრია დასძენს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გამოსაკითხ პირს იძულებით ვერ მიიყვანს, რადგან იძულების პროცედურა მხოლოდ სასამართლოსთვის არსებობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე