სიმინდის ფქვილის ფასი დასტაბილურდა, მაგრამ გაიაფებამდე ჯერ დიდი დროა
ქეთო გოგოხია
(28.03.2023)

სიმინდის წარმოებას 2022 წელს განსაკუთრებით გაუჭირდა. უამინდობის გამო ნათესი ფართობების დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო მოწეული პროდუქტი უხარისხო და მცირე იყო, რაც საბოლოოდ ფასზე აისახა. სამომხმარებლო ბაზარზე სიმინდის ფქვილი ერთ-ერთი უძვირესი პროდუქტია, თუმცა ბოლო პერიოდში მან მცირე კლება განიცადა.

საყურადღებოა, რომ ფასზე გავლენას ახდენს გლობალური ტენდენციაც,  სიმინდი უცხოურ ბაზრებზე მკვეთრად გაძვირდა. ეს კი მესაქონლებოა მეფრინველეობის განვითარებას უშლის ხელს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოში მეურნეობის ამ დარგს აქვს პოტენციალი, რომ ადგილობრივი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც კი გავიდეს.

ამ ეტაპზე 1 კილოგრამი ფქვილის ფასი, საშუალოდ, 4 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ფუთი (16 კგ) სიმინდის ღირებულება 50-55 ლარის ფარგლებშია. სიმინდის წარმოების მთავარ პრობლემად სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე  ტექნოლოგიურ ჩამორჩენას მიიჩნევს. განსაკუთრებით სამელიორაციო სამუშაოების მიმართულებითაა შეფერხება და შესაბამისად, მორწყვის გარეშე პროდუქტის მოსავლიანობა რეალურად ვერ მატულობს.

,,სიმინდი არის საზაფხულო კულტურა, მისი ვეგიტაცია მიმდინარეობს, ძირითადად, ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე, ანუ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ეს არის მშრალი პერიოდი და ამიტომ რწყვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მსოფლიო მოსავალს ანგარიშობს უკვე დახარჯული წყლის მოცულობის მიხედვით, ანუ ამა თუ იმ პროდუქტის მისაღებად თუ რა რაოდენობის წყალია გამოყენებული.

ჩვენთან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა უწყლოა. სიმინდის ნორმალური მოსავალი რომ მიიღო, 1 ჰექტარზე დაახლოებით 3000-4000 მ/კუბ წყალია საჭირო, ეს არის სარწყავი ნორმა. საქართველო ისედაც ცხელი ქვეყანაა, ამიტომ მოსავლის წყალუზრუნველყოფა თუ ვერ მოხერხდა, აზრი არ აქვს, თუნდაც ოქროს გუთნით მოხნა, მცირე შანსიც არ არსებობს, რომ შედეგი მოგცეს. ეს ნაკლოვანება უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა კობა კობალაძემ.

კარგი მოსავლის მისაღებად რწყვასთან ერთად, მნიშვნელოვანია სამილიორაციო სამუშაოების ხარისხიანად ჩატარება, რა მხრივაც აგრარულ სექტორში ჯერჯერობით პრობლემაა.

,,საბჭოთა კავშირში, 1948 წელს მიღებულ იქნა დადგენილება გვალვის დასამარცხებლად და ამ მიზნით ქარსაფარი ზონები გაშენდა და სხვა სამილიორაციო ღონისძიებებიც მაღალ დონეზე შესრულდა. 90-იან წლებში კი ყველაფერი გაიძარცვა და  მთელი სარწყავი სისტემა თურქეთში გაიზიდა. დღეს ჩვენ ვართ იმ 22 ქვეყანას შორის, რომელის იმპორტზეა დამოკიდებული. სხვა ქვეყნებს რომ გაუჭირდეთ, გლობალური შიმშილის წინაშე ვრჩებით, რის რისკიც ყოველთვისაა.

მორწყვის საკითხი თუ მოგვარდა, სურსათის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვექმნება, ხოლო სიმინდის წარმოებაში შესაძლებელია, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივ დონეზე და ექსპორტზეც წარმატებული გავხდეთ", - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას კობალაძემ.

დასავლეთ საქართველოში სიმინდის მოსავალი, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ნაკლები იყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერის ვახო კაკულიას თქმით, საკუთარი მოხმარებისთვის მოსავალი  მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ყოფნის.

,,შარშან ივნისიდან სიმინდის მარაგი თითქმის აღარ იყო, რის გამოც ფასი მკვეთრად გაიზარდა.  მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩავატარეთ და  ნათესი ფართობები დროულად მუშავდებოდა, უამინდობამ  სერიოზული პრობლემა შექმნა.

ახლა მთელი გულისყური საგაზაფხულო სამუშაოებზეა, ვფიქრობ, მეტი სიმინდი დაითესება. როგორც კი ამინდი გამოსწორდება, თესვას დავიწყებთ. შარშანდელი მარაგი დიდხანს არ გასტანს, ამიტომ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ საოჯახო მეურნეობაში სიმინდის მოსავალი გავზარდოთ", - უთხრა ,,რეზონანსს" ვახო კაკულიამ.

ანალოგიური მდგომარეობაა გურიაშიც. ოზურგეთელი გელა სიორიძე ამბობს, რომ მძიმე სეზონის შემდეგ ხალხს მეტი მოტივაცია გაუჩნდა.

,,შარშან დიდი შრომა გავწიეთ, მაგრამ მოსავალი მაინც უხარისხო და ნაკლები რაოდენობისა იყო.  გარდა იმისა, რომ სიმინდი  საკვებად არ გვეყო, ცალკე პირუტყვის გამოკვებაც გაგვიჭირდა. 

ახლა მდგომარეობის გამოსწორებას ვცდილობთ.  საკარმიდამო ნაკვეთებში სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია, ვისაც ნაკვეთები სახლთან ახლოს აქვს, ადრიანად დაითესება“, - აღნიშნა გელა სიორიძემ ჩვენთან საუბრისას.

ცნობისთვის,  სიმინდის წლიური მოხმარება ქვეყანაში დაახლოებით 275 ათასი ტონაა, აქედან 3 წლის საშუალო ადგილობრივი წარმოება 194 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო იმპორტის მოცულობა  ბოლო წლებში, საშუალოდ, 75-80 ათასი ტონის ფარგლებშია. სასურსათო მოხმარება დაახლოებით 125-140 ათას ტონას შეადგენს, ხოლო პირუტყვის საკვებად 130-135 ათასი სიმინდი გამოიყენება.

რაც შეეხება მოსავლიანობას, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სიმინდი შეიძლება მოვიყვანოთ 120-150 ათას ჰექტარ ფართობზე, საშუალო მოსავლიანობით ჰექტარზე 3 ტონას შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე