"მოსახლეობაში სტაბილურობის განცდა გაჩნდა და მომხმარებელები გადაწყვეტილებას უკვე თამამად იღებენ"
ირმა ჩიტაია
(31.10.2024)

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა არ შერყეულა. არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე იგძნობა, რომ პოლიტიკურ პროცესებს სექტორზე  ნეგატიურად არ უმოქმედის. მომხმარებლები, რომლებიც ფართების შეძენისგან თავს იკავებდნენ, ახლა შედარებით გამოცოცხლდნენ. როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ ხალხს სტაბილურობის განცდა დაეუფლა. ეს კი ხელს უწყობს ბაზრის დინამიკურ განვითარებას. ამიტომაც, მშენებლებისა და დარგის სპეციალისტების თქმით, სეგმენტში განვითარების ტენდენცია აღარ შეიცვლება. 

ქვეყანაში არსებული ვითარება, პირველ რიგში, სწორედ, უძრავი ქონების ბაზარზე ისახება. ამიტომ, სტაბილურიობას დიდი მნიშვნელობა აქვს სფეროს განვითარებისთვის და აქტიური საქმიანობისთვის. არჩევნების შემდეგ ბაზრის ტენდენციას დეველოპერები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეალიზაციის ტემპი აქტიურია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზრდება კიდეც. 

უძრავი ქონების სფეროს წამყვანი სპეციალისტი შოთა გუჯაბიძე ,,რეზონანსთან" საუბრისას სეზონურ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ იანვრიდან უძრავი ქონების სფეროში  ზრდაა მოსალოდნელია.

,,როდესაც ქვეყანაში გადამწყვეტი პერიოდია და ამას თან ერთვის სეზონური სხვაობით გამოწვეული ცვლილებები წინასაახალწლოდ, საზაფხულად და ა.შ. ცხადია, ბაზარს ახასიათებს მეტ-ნაკლებად შენელება. ეს არ ნიშნავს კლებას და ვარდნას. ამჯერად წინასაარჩევნოდ ასახული შენელება გამოწვეული იყო სხვა პროცესების პრიორიტეტულობით. ფაქტია, მიმდინარე პერიოდი დიდი დესტაბილიზაციითა და რყევით არ გამოირჩევა. ის რაც ხდება, მეტ-ნაკლებად ბუნებრივი პროცესია და ყველა არჩევნებს ახლავს თან.

26 ოქტომბერმა ჩაიარა. მას ახლდა ბუნებრივი გვერდითი მოვლენები, მაგრამ ბაზარი ზრდას აუცილებლად დაიწყებს. წინა და პოსტსაახალწლო პერიოდი ისედაც მცირედი სეზონური ეფექტით ხასიათდება. სექტორი, წინა პერიოდთან შედარებით, მეტად აქტიური იქნება იანვრიდან. მცირე რყევის მიუხედავად ჩვენი ეკონომიკა  ზრდისკენ მიდის. ეს კი აუცილებლად, უძრავი ქონების ბაზარზეც მოახდებს გავლენას", - აღნიშნა შოთა გუჯაბიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ საქართველო რეგიონში ყალიბდება ძლიერ ეკონომიკურ ცენტრად. ამიტომ ბაზარზე თუ ერთი მომხმარებელი ამოვარდება, მას სხვა ჩაანაცვლებს. 

აშკარაა, რომ არჩევნებმა უძრავი ქონების სექტორს ვერაფერი დააკლო. ბაზრის საგრძნობლად გააქტიურებაზე საუბრობს  ,,ჯეორეალთის"  დამფუძნებელი მაია გამზარდიაც. 

,,არჩევნები სულ ახალი დასრულებულია, მაგრამ ბაზარი უკვე საკმაოდ გააქტიურდა. ფაქტია, მოსახლეობაში სტაბილურობის განცდა გაჩნდა და ისინი, რომლებმაც წინასაარჩევნოდ შეარჩიეს სასურველი ბინა და ელოდებოდნენ გადაწყვეტილების მიღებას, არჩევნების შემდგომ გააქტიურდნენ. მოთხოვნა იზრდება და მომხმარებელები გადაწყვეტილებას უფრო თამამად იღებენ. 

სტაბილურობის გაქნცდა უძრავი ბაზრისთვის აუცილებელია. ეს ბიზნესი იმდენად სენსიტიურია, რომ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი რყევა ახდენს მასზე გავლენებს. ამჟამად არსებული ოდნავი არასტაბილური ფონის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც გაიზარდა. 

რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ძალიან ცოტა დროა არჩევნებიდან გასული და ამ მიმართულებაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ არსებული პოლიტიკური ტენდენცია გაგრძელდა არ გამიკვირდება, რომ ბევრმა დიპლომატიურმა კორპუსმა, საკონსულომ და საერთაშორისო კომპანიამ თავი შეიკავოს არსებული პროექტების გაგრძელებისგან. 

რაც შეეხება გააქტიურებულ სეგმენტს არაქართულ მოსახლეობაში, ესაა ისრაელის მოქალაქეები და ჩინელები. ისინი ჩვენს ბაზარზე მუდმივად არიან", - განუცხადა "რეზონანსს" მაია გამზარდიამ და დასძინა, რომ მთავარია ამ ეტაპისთვის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ ისევ მოიმატა და იმედია, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე