"აზერბაიჯანმა თუ ვერ მოგვაწოდა საკმარისი ოდენობით გაზი, იძულებული გავხდებით, რუსებისგან ვიყიდოთ, ამას უნდა შევეგუოთ"
ქეთო გოგოხია
(04.11.2024)

რუსულ გაზზე დამოკიდებულება მატულობს და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის მიზეზი აზერბაიჯანიდან იმპორტის კლებაა, ბუნებრივი აირი მეზობელი ქვეყნიდან არასაკმარისი რაოდენობით მოგვეწოდება, რისი ნიშნებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდიდან გაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ევროპის მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, საქართველოში  მიწოდების კუთხით შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. შესაბამისად, რუსული გაზის მიმართ მოთხოვნა მოიმატებს. 

სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ სხვა ალტერნატივცა საქართველოს არ აქვს და გვინდა თუ არა, მოგვიწევს რუსულ ბუნებრივ აირზე თანდათანობით გადართვა, რაშიც ენერგეტიკოსები პრობლემას ვერ ხედავენ. მათ პოზიციას  სტატისტიკური მონაცემები ამყარებს, რაც გაზის იმპორტის დინამიკას ასახავს. 

საქართველოში რუსული გაზის იმპორტი ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება, აზერბაიჯანულის კი - მცირდება. შესაბამისად, მატულობს ქვეყანაში რუსული გაზის წილიც. კერძოდ, თუკი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ჩრდილოეთში 90.093 მლნ აშშ დოლარის (მთლიანი იმპორტის 36%) ბუნებრივი აირი შეციძინეთ, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან ქვეყნდება).

შედარებისთვის, წინა წლის 9 თვეში რუსული გაზის იმპორტმა 84.597 მლნ აშშ დოლარი (27.7%) შეადგინა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 34.176 მლნ აშშ დოლარი (12.2).

საქართველოში რუსული გაზის იმპორტის ზრდის პარალელურად აზერბაიჯანულის წილი მცირდება. "საქსტატის" მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ჩრდილოეთიდან 90.093 მლნ აშშ დოლარის (მთლიანი იმპორტის 36%) ბუნებრივი აირი შევისყიდეთ, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქართველი ენერგეტიკოსები რუსული გაზის იმპორტის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, მით უფრო, რომ ხარისხით იგი აზერბაიჯანული გაზის ანალოგი ან უმჯობესია და ამ მხრივ პრობლემას ვერ ხედავენ.

ენერგეტიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრმა ლიანა ჯერვალიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვა შესაძლებლობა საქართველოს ნაკლებად აქვს, რადგან აზერბაიჯანიდან იმპორტი მცირდება, ამ დროს კი მოთხოვნა მატულობს, რაც ქვეყანას რუსულ გაზზე დამოკიდებულებას უზრდის.

,,საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რუსულის კი არა, ზოგადად გაზის მიმართ მატულობს მოთხოვნა, რადგან ცივი ზამთარი დგება და სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, აზერბაიჯანმა თუ ვერ მოგვაწოდა საკმარისი ოდენობით გაზი, იძულებული გავხდებით, რუსებისგან ვიყიდოთ, თუ არ გვინდა, რომ გავიყინოთ. ამას უნდა შევეგუოთ. 

ევროპა ბაქოს სთხოვს ბუნებრივ აირს, სერიოზული მდგომარეობაა ამ კუთხით. ევროპას აინტერესებს თავისი მსოახლეობა და გაზმომარაგების სტაბილურობა და ამ  მხრივ აზერბაიჯანის ენერგორესურსებზე გარკვეულ იმედს ამყარებს. ყველა ცდილობს თავის ქვეყანაში პრობლემა არ შექმნას.  აზერბაიჯანს რაც შეუძლია გაზს გვაწვდის, ნაწილიც ევროპას მიაქვს, ჩვენ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ", - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

მისივე შეფასებით, რუსული გაზის იმპორტის 36%-იანი მატება საშიში მაჩვენებელი არ არის, თუმცა რა დონეზე შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნა, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,ლაპარაკია იმაზე, რომ აზერბაიჯანული გაზი უკრაინის გავლით გავიდეს ევროპაში. საკითხავია, ექნება აზერბაიჯანს ამდენი ან ჩვენ რა უნდა ვქნათ? 14 მლრდ კუბ/მ გაზზეა საუბარი და არ მესმის, რა დარჩება აზერბაიჯანს? რაც შეეხება ხარისხს, რუსული და აზერბაიჯანული გაზი იდენტურია,  ამ მხრივ პრობლემა არ არის. რაც შეეხება ფასს, კომერციული საკითხია და ვერაფერს გეტყვით. სეზონიდან გამომდინარე მოთხოვნა მოიმატებს, აცივდა ევროპაში, ყველგან იზრდება მოხმარება და რა შესაძლებლობაც მიეცემა საქართველოს, უნდა გამოიყენოს", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლიანა ჯერვალიძემ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელმაც გაზმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი აზრით, ნატურის სახით ტრანზიტის ანაზღაურებაზე უარის თქმა, თავის დროზე, დიდი შეცდომა იყო.

,,დღეს მთელი ენერგეტიკა, ფაქტობრივად, რუსების ხელშია და რა პრობლემაა, თუკი იმპორტი ამ მიმართულებით გაიზრდება. თავის დროზე შეცდომა დავუშვით, როცა ტრანზიტით გაზის უფასოდ მიღების შესაძლებლობაზე ქვეყანამ უარი განაცხადა. საუბარია 2 მლრდ კუბ/მ გაზზე, რომლის ტრანზიტის საფასურს, უფასოდ ვიღებდით. ეკონომიკურად ძალიან ცუდია, რომ დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩახლართული საკითხია, ბევრ რამეს დღესაც ვერ ვიგებთ, საკითხები დახურულია. ელემენტარულად ისიც კი არ ვიცით, აზერბაიჯანი რამდენით შეგვიმცირებს მიწოდებას, ფასიც უცნობია.  

როგორც არ უნდა იყოს, მოთხოვნა აშკარად გაზრდილია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზამთარში პრობლემა არ გაჩნდეს. საჭირო თუ იქნება, რუსული გაზი უნდა შევიძინოთ, დამოკიდებულება მზარდია. მთელი ენერგეტიკა რუსეთის ხელშია, ჩვენ ვართ ენერგოდამოუკიდებული ქვეყანა და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა შევიძინოთ გაზი, პრობლემად არ მიმაჩნია", - განუცხადა ჭიჭინაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, წელს ჯამში 250.325 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 306.047 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2022 წლის 9 თვეში - 279.695 მლნ აშშ დოლარის.

მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია. მას 2024 წლის 9 თვის მონაცემებით გაზის მთლიან იმპორტში 64% ეკავა (160.232 მლნ დოლარი), თუმცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 72.3%-ს (221.450 მლნ დოლარი) შეადგენდა, 2022 წელს კი - 87.8%-ს (245.518 მლნ დოლარი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე