პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ეკონომიკა აქტიურობას ინარჩუნებს და ლარის კურსიც სტაბილურია. ეკონომისტები ამის მიზეზად ბიზნესის განწყობას ასახელებენ და თვლიან, რომ სექტორი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეგუა. შესაბამისად, სექტორი უფრო გამოცოცხლდა და სამეწარმეო საქმიანობასაც თამამად აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, დაბრკოლება ნაკლებადაა, თუმცა გარკვეული გამოწვევაა იმ კუთხით, რომ ახალი პროექტების განხორციელებას და გაფართოებას კომპანიები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
ეკონომისტების ნაწილი მდგომარეობას ახლა უკვე შედარებით დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბიზნესი გააქტიურდა, ვინაიდან არსებული ვითარება მიიღო ისე როგორც რეალური მოცემულობა. ეკონომისტი დავით კიკვაძის აზრით, ეს ასეც იქნებოდა.
,,ეკონომიკური აგენტები, რომლებიც შესაბამისად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გარკვეულწილად შეეგუენ არსებულ მდგომარეობას. თუ აქამდე გაორმაგებული სიფრთხილით ცდილობდნენ სავალუტო რეზერვების შექმნას ან სიფრთხილით ეკიდებოდნენ იმპორტსა და ექსპორტს, ახლა შეეგუენ არსებული მდგომარეობას და პოლიტიკური ვითარება მიიღეს როგორც მოცემულობა. ამან მისცა მათ სიგნალი, რომ გაჩერება შეუძლებელია. არ შეიძლება ბიზნესის გაჩერება. ის უნდა ვითარდებოდეს და წინ მიიწევდეს“, - განუცხადა კიკვაძემ ,,კომერსანტს“.
მანვე ამ ფაქტორით ახსნა ლარის გამყარების ბოლოდროინდელი ტენდენციაც, რადგან ეკონომიკაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და არც პოლიტიკური სტაბილურობა შექმნილა.
,,ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია რაიმე ტიპის ინტერვენციები. ერთადერთი ვნახეთ, რომ შეინარჩუნა არსებული რეფინანსირების განაკვეთი იგივე დონეზე, რამაც სიგნალი მისცა ეკონომიკურ აგენტებს, რომ გააქტიურებულიყვნენ", - განაცხადა ეკონომისტმა.
ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ ტენდენციას დადებითად აფასებენ ექსპერტები. ისინიც ადასტურებენ, რომ ბიზნესი არსებულ მდგომარეობას შეეგუა.ეკონომისტი მერბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ვითარება ეკონომიკაზე ნაკლებად ახდენს გავლენას.
„თუკი ბიზნესის ფაქტორზე ვსაუბრობთ, საყურადრებოა გარემოება, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში მასშტაბურ არეულობაში არ გადაზრდილა. ინვესტიციებზე და გზავნილებზე თუ ახდენს გავლენას, ეკონომიკაზე ჯერჯერობით არც ეს ასახულა. ფაქტია, რომ პირველ თვეებში ლარი გაუფასურდა, მოსახლეობას არასტაბილურობის შეგრძნება გაუჩნდა და უცხოურ ვალუტაზე მოტხოვნა გაზარდა, მაგრამ ეს მაინც დროებითი მოვლენა იყო. ნებისმიერმა ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კურსი შეცვალოს.
ჯერ მაინც რთულია ბიზნესი გააქტიურდეს. კომპანიები უფრო თავშეკავებულად იქცევიან და პროცესს აკვირდებიან. ეკონომიკური მაჩვენებლებიც აღარ არის ძველებურად მაღალი“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
მისი თქმით, ბიზნესს დღეს ყველაზე მეტად ინვესტიციების კუთხით უჭირს, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, დასავლელი ინვესტორები თანხას არ შემოიტანენ და ამის ჩანაცვლება საკმაოდ გაჭირდება.
,,ასეა თუ ისე, უნდა ითქვას, რომ ბიზნესი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არსებულ მდგომარეობას შეეგუა. რაღაც მასშტაბით გააგრძელებს ოპერირებას, მაგრამ ახალი პროექტების განხორციელება, საშტატო ერთეულის გაზრდა, გაფართოება და ინვესტირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდება. ეს არის აქ პრობლემა, თორემ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც დიდად არ დაეტყობა.
რაც შეეხება გაცვლით კურსს, დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია. არჩევნების შემდეგ პირველ ეტაპზე პანიკურად იყო მოთხოვნა და მერე თანდათან ჩაწყნარდა. ეს ძირითადი ფაქტორია, რაც ლარს გაუფასურებისგან იცავს“, - დასძინა ,,რეზონანსთან“ მერაბ ჯანიაშვილმა.
აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც, თუმცა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიზნესი არსებულ მოცემულობას ეგუება.
,,რასაკვირველია ბიზნესი ვერ გაჩერდება და საქმიანობას აგრძელებს, თუმცა იმის თქმა, რომ არასტაბილურ გარემოს შეეგუა, ნამდვილად არ არის სწორი. მართალია, კომპანიები ცდილობენ, რომ გარკვეულწილად ამუშავდნენ, ეს კარგია, მაგრამ სკეპტიციზმი მაინც აშკარაა.
პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა, რაც არასტაბილურობას იწვევს. ეს არის ბიზნესისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა. არსებული დაძაბულობა ეხება როგორც ტურიზმს, ასევე უძრავი ქონების ბაზარს და სხვა. არაფერს ვამბობთ ინვესტიციებზე. საერთო ჯამში კი, დღევანდელ ვითარებას ყველა სექტორი თავისებურად აღიქვამს.
რაც შეეხება ლარის კურსს, გარკვეული რაოდენობის უცხოური ვალუტა ბაზრიდან ამოიღეს და გაუფასურების ფაქტორი, ძირითადად, ამან განაპირობა. გამყარება არა ეკონომიკურ აქტივობასთან, არამედ კონკრეტულ სავალუტო შემოდინებებთან არის დაკავშირებული. ეს ბოლო პერიოდში მოსალოდნელიც იყო.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული არაფერია და ამის თქმა, რომ ეკონომიკა აქტიურდება, ჯერ არ შეიძლება. ჩემი კოლეგების მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ვერ დავეთანხმები“, - აღნიშნა ბაირახტარმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლო პერიოდში გამყარდა. ეროვნული ბანკის გუშინდელი მონაცემებით, ერთი აშშ. დოლარი 2.8089 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 2.9145 ლარი. ეროვნულმა ვალუტამ გამყარების ტენდენცია აჩვენა სხვა ვალუტებთან მიმართებითაც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე