რეზონანსი
(05.11.2024)

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, კანონის ფარგლებში, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი.

„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტული განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, იმიტომ, რომ მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, „ჯენზის" აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს, ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, სანამ პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი", - აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე