„სერიოზული დარღვევებია, პირადობების დაქირავება, ნათხოვრობა, მძღოლის, თანამშრომლის პირადობით ხდება დარეგისტრირება, იმისთვის, რომ ითამაშონ",- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ფიქსირდება უამრავი შემთხვევა,როდესაც სათამაშო ბიზნეს ოპერატორი არ ამოწმებს პირებს, არიან თუ არა ისინი განრიდების სიაში.
ცნობისთვის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების შესახებ მონაცემები, სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში, ნაცვლად 3 წლისა, 5 წლის განმავლობაში კიდევ შეინახება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ბრძანებაშია საუბარი, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა და უკვე ამოქმედდა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება 2022 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. კერძოდ, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.
თავის მხრივ, დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას. ამასთან, დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
„სერიოზული დარღვევებია, პირადობების დაქირავება, ნათხოვრობა, მძღოლის, თანამშრომლის პირადობით ხდება დარეგისტრირება, იმისთვის, რომ ითამაშონ. მოთამაშე პირები, რომელსაც აზარტული თამაშები აუკრძალეს, აღმოჩნდნენ ჩიხში. მესმის, რომ ეს ადამიანები, მეტ-ნაკლებად მოწყვლადები არიან და ისინი უკვე თითქმის გადაჭარბებული მომხმარებლები, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ ამან შეიძლება მეტად დაიცვას [სიაში 5 წლის ვადით ჩასმა; სიიდან დროზე ადრე ამოღების შემთხვევაში, 3 წელი მონაცემების შენახვა], მაგრამ ვერ დაიცვა, რადგან აღსრულების მექანიზმი იყო ძალიან დაბალი. აღსრულების მექანიზმში უნდა ჩართულიყო და მეტიც, კანონში პირდაპირ წერია, რა ევალება სათამაშო ბიზნეს ოპერატორებს. როდესაც ადამიანი შედის, ან ონლაინ იწყებს თამაშს, ბიზნეს ოპერატორმა უნდა გადაამოწმოს შემოსავლების სამსახურის ბაზებში (ორივე სიაში, როგორც სასამართლოს გზით განრიდების, ისე თვითგანრიდების).
ამ მონაცემების მიხედვით, 22 ათასი ადამიანია თვითგანრიდების და 53 ათასი სასამართლოს გადაწყვეტილებით შედგენილ სიებში.
ჩვენ მოქალაქეებს კი არ ავუკრძალეთ, ბიზნეს ოპერატორებს ავუკრძალეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაციაზე გასვლა. მაგრამ, ამას არ აკეთებს ბიზნეს ოპერატორი და ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი გადავეცით შემოსავლების სამსახურს. 16 სათამაშო დაწესებულება დაჯარიმდა ფაქტ დარღვევებზე და 165 ათასი ლარია ჯარიმის სახით შესული, მაგრამ ეს არის მათთვის ზღვაში წვეთი იმ მოგების ფონზე, რაც აქვთ. გასული წლის მონაცემებით, 64 მლრდ ლარი იყო სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, წინა წელს 52 მლრდ ლარი... იმდენად კატასტროფული სისწრაფით იზრდება, რომ ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. აქედან 20 მლნ ლარი არის ვიზიტორების დადებული თანხა, დანარჩენი ირიცხება საქართველოს მოქალაქეებზე.
ამ ყველაფრის ფონზე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დროზე ადრე სიიდან ამოღების შემთხვევაში, მონაცემები ნაცვლად 3 წლისა, ბაზაში 5 წლით შეინახება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ კანონის აღსრულების მექანიზმი იქნება ნულის ტოლი.
დღეს თამამად შემილია ვთქვა, რომ საჯარო სამსახურებში (საჯარისო ნაწილებში, სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებში) უამრავი მოთამაშეა", - ამბობს თამარ ჯაფარიძე.
წყარო: bpn.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე