რეზონანსი
(23.03.2025)

"რუსული ცინიზმის მწვერვალი" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია იმ ფაქტს, რომ ხარება დაზარალებულად ცნეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულ საბჭოთა კავშირის მენტალობას ადარებს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა ცნონ ადამიანებზე მოძალადე ხარება დაზარალებულად, მაშინ, როდესაც რეალური დაზარალებულებისთვის ეს სტატუსი არავის მიუნიჭებია. 

ეს არის რუსული ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ეს ადამიანი, რომელიც ურტყამდა სახეში წაქცეულ მოქალაქეს, მიიჩნევა როგორც დაზარალებული მაშინ, როდესაც დაზარალებულები არ არიან მიჩნეულები დაზარალებულებად და კრიმინალები, რომლებიც ამ ყველაფერს სჩადიოდნენ, იქნება ეს ფორმიანები თუ უფორმოები, არცერთი მათგანი არ არის დასჯილი. საბჭოთა კავშირის მენტალობა იყო ზუსტად ეს, რომ გაზონი და მიწი ეზოთერია იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო ადამიანი. ზუსტად იგივენაირად მოქმედებს გაზონების მკრეჭავი და მცველი კალაძე, რომლის რეჟიმიც ცოცხალ ადამიანებს თავყბას უერთიანებს, წაქცეულ ადამიანებს ურტყამენ და სასიკვდილოდ წირავენ პოტენციურად და უდანაშაულო ადამიანებს აგდებენ ციხეში, - ამბობს გეგელია.

სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება  დაკარგეს. 

"შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი,  ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი,  მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების  რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან  დაკარგა ან გაუფუჭდა.

საქმის აბსურდულობა იმ მასშტაბზე გავიდა, რომ დაკარგული ნივთების სია სინდისის პატიმრების წინააღდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებში ჩადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე