ელზა პაპოშვილი
(02.11.2024)

ფემიციდის მორიგი მცდელობა თბილისში - ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა  დადიანის ქუჩაზე 1 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ კაცმა, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ცოლს სამსახურთან ჩასაფრება მოუწყო და დანით მისი მოკვლა სცადა. ქალს  ჭრილობები სახის არეში დანით მიაყენა. თუმცა დაზარალებულის დახმარება მეორე ქალმა სცადა, რომლიც ასევე დაშავებულია. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მეორე ქალი დაზარალებულის დაცვას ცდილობდა და მამაკაცს დანას ართმევდა, ამიტომ მანაც დაზიანებები ხელის არეში მიიღო. ორივე მათგანი სასწრაფო დახმების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქმრის მიერ დაჭრილ ქალს დაზიანებები სახის და ყელის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალების განწირული ყვირილის შემდეგ ქუჩაში ხალხი გამოვიდა, რის გამოც მამაკაცმა ქალების დაზიანება ვეღარ შეძლო.   

დადიანის ქუჩაზე კი  მთელი დღის განმავლობაში  საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობდა. 

„ესე 5 საათზე  განწირული ყვირილის ხმა გავიგეთ. ქალი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა რომ მომკლავს მიშველეთო. არ ვიცით მეორე გოგო ამ ქალს იცნობდა თუ არა, ვიცით ის, რომ ის ქალს მიეშველა. ცდილობდა კაცისთვის დანა წაერთმია და მასაც ხელები ქვს დასერილი. ქალების განწირული ყივირილის ხმაზე ხალხი გამოვარდა ქუჩაში და ამ კაცს მისცვივდნენ. ვიცით, რომ ეს კაცი გაიქცა მერე და ქალებს შეეშვა. ცოლი სახეზე, ტუჩზე და ყელზეა დაჭრილი. ეს კაცი ახალი გამოსული იყო ციხიდან და  სამსახურში მიუვარდა. ცოლი  სილამაზის სალონში მუშაობდა. ამბობენ შერიგებას სთხოვდაო და ეს გოგო უარს ამბობდა. ხალხი და ეს მეორე გოგო რომ არა, ალბათ ამ საწყალ ქალს  დაჩეხავდა. უამრავი პატრული იყო მოსული და დააკავეს თუ არა არ ვიცით", - ამბობს ადგილობრივი.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე