ელზა პაპოშვილი
(04.11.2024)

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში ბიძაშვილმა ბიძაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.   როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნათესვებს წარსულშიც კონფლიქტი ჰქონდათ და ეს დავა წლებია გრძელდება. 

ახლაც მათ მიწის ნაკვეთის გამო, რომელიც სადავო იყო, დაპირისპირება მოუვიდათ, ერთმანეთს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მეორემ იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

„ადრე მუდმივად დავა და კონფლიქტი ჰქონდათ. მათი დაპირისპირების მიზეზი ყოველთვის იყო სადავო მიწის ნაკვეთი. ვერ იყოფდნენ, ის ამბობდა ჩემიაო, ეს ამბობდა არა ჩემიაო. ამაზე არაერთხელ ჰქოდათ დაძაბულობა. წლებია ეს კონფლიქტი გრძელდებოდა. ვერა და ვერ მოგვარდნენ. 

„ახლაც ერთმანეთს შეხვედრილან და ისევ დავა დაუწყიათ. როგორც ამბობენ, ჯერ ერთმანეთი უცემიათო და მერე მეორემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ბიძაშვილები არიან, ნათესავები, ერთი გვარის ხალხია. რა მოხდა, რატომ ვერ შეარიგეს არ ვიცით. ვერაფრით ვერ გაიყვეს ეს მიწის ნაკვეთი. ამიტომ სამწუხაროდ ძალიან მძიმე ამბით დასრულდა. ეს ბიჭი ცხელკვალზევე დააკავეს. ის საწყალი კი გარდაიცვალა“,- ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1963 წელს დაბადებული თ.დ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.დ. ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ კი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცს  ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს“,- აცხადებს პროკურატურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე