ბაჩანა ტყემალაძე
(24.03.2023)

საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმა წარადგინა, რომელიც 2023 წლისთვის საპენსიო ასაკის ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს 62-იდან 64 წლამდე.

რეფორმის წინააღმდეგ უკვე მეორე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და პროფკავშირების ინფორმაციით, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, აქციებში 3.5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, შსს-ს ცნობით კი დემონსტრანტების რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებდა.

დემონსტრაციები თითმის ყველა ქალაქში პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარიზსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, ხოლო საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. საბოლოოდ, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 450-მდე ადამიანი. აქციების გამო კი დაშავდა 441 პოლიციელი და ჟანდარმი.

სააგენტო „ფრანს პრესის" ცნობებით, დემონსტრანტთა ნაწილმა პარიზში, ბორდოსა და სხვა ფრანგულ ქალაქებში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და ჩაამსხვრია სხვადასხვა დაწესებულებების ფანჯრები.

სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც გასულ კვირაში საფრანგეთის მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ისარგებლა და გადაწყვეტილება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ფრანგულ პარლამენტში დადგა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხიც, მაგრამ საკმარისი ხმების მოგროვება ვერ მოხერხდა.

პროტესტი დღესაც აქტიურად გრძელდება, რის გამოც ინგლისის მეფე ჩარლზმ მესამემ გადაწყვიტა, საფრანგეთში 26 მარტს დაგეგმილი ვიზიტი გადაედო.

დიპლომატი და ანალიტიკოსი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საფრანგეთის ხელისუფლების ერთადერთი გზა აქციის ორგანიზატორებთან დიალოგში და დათმობებზე წასვლაში მდგომარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მაკრონის მმართველობა დასრულდეს კიდეც.

„თუ საფრანგეთის მთავრობა ასეთ რამეზე მიდის, რომ საპენსიო ასაკს ზრდის, ანუ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემაა, მაგრამ ხალხის დაწყნარება და აქციების განელება მხოლოდ მის ორგანიზატორებთან დიალოგის და დათმობებზე წასვლითაა შესაძლებელი.

„უკვე საქმე იმ დონემდეა მისული, რომ დათმობების სქემის შედგენა და დიალოგიც კი შეიძლება აღარ იყოს საკმარისი სიტუაციის ჩასახშობად, თანაც თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ საფრანგეთს რევოლუციები უყვარს - ასე წავიდა დე გოლიც ხელისუფლებიდან და შემდგომ არაერთხელ შეიცვალა ქვეყნის მმართველი ძალა ასეთი დაპირისპირებით და დაძაბულობით.

აქედან გამომდინარე, თეორიულად ნუ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაც შეეწირება ამ საქმეს, თუნდაც მაკრონი", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე